მომხმარებლების დასჯის მეთოდს უწოდებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ეკონომისტი ნოდარ ხადური კი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს.
გადასახადების ამოღება თელასს და ენერგოპროჯორჯიას დაევალა. პირველ ოქტომბერს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლებიც ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების გადასახადის გაერთიანებას ითვალისწინებენ.
ცვლილებების მიხედვით, თუ მომხმარებელი რომელიმე დავალიანებას არ დაფარავს, მას გაეთიშება ყველა დანარჩენი, თუნდაც გადახდილი, მომსახურება. სანქციები, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, შეეხებათ მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებს.
საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება არ ეხება გაზის გადასახადს. გაერთიანდება მხოლოდ წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი.
აღნიშნული მომსახურებების ქვითარი, გაერთიანებული სახით, თბილისის მაცხოვრებლებს დიდი ხანია ურიგდებათ. თუმცა აქამდე მოქალაქეს არ ჰქონდა ვალდებულება, სამივე გადასახადი ერთად გადაეხადა. ცვლილების მიხედვით კი, თუ ერთი დავალიანება მაინც ერიცხება მოქალაქეს, მას სხვა დანარჩენი შეეზღუდება.
თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წყლის და დასუფთავების შეზღუდვა კონკრეტულად ერთი პირისთვის შესაბამისი ინფრასტურქტურის გამო ვერ მოხდება, საქმე ეხება მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვას.
„აბონენტი, რომელიც გადაიხდის მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადს, ადმინისტრატორს ექნება უფლება, რომ მას შეუზღუდოს ელექტრომომარაგება“,–ამბობს ჩალაგაშვილი.
იგი ასევე განმარტავს, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელმა კომისიამ ადმინისტრატორებად თელასი და ენერგოპრო ჯორჯია შეარჩია და დავალიანებების აღრიცხვა მათ დაავალა.
„სამოქალაქო რეესტრის ბაზის საფუძველზე, პირადობაში დარეგისტრირებული მისამართის მიხედვით, მივა დავალიანება აბონენტთან და ამოღებას განახორციელებს თელასი. ყველა ეს თანხა გადაიხდება ბანკებში“, – ამბობს ჩალაგაშვილი.
ქვითრებს, რომლებსაც მოქალაქეები იღებენ თვეში ერთხელ და სადაც თვის დავალიანებები არის აღრიცხული, გასულ თვეში კიდევ ერთი ფურცელი დაემატა. ეს არის ლიბერთი ბანკის ბროშურა, სადაც მითითებულია ის ფილიალები, რომლებშიც კომუნალურ გადასახადებს, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, მიიღებს მოქალაქე. სხვა ბანკებში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქეს კომუნალურ გადასახადებზე დამატებითი 50– თეთრიდან ერთი ლარამდე გადახდა ცალ–ცალკე მოუწევს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის აღმასრულებლი დირექტორი ამირან შენგელია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კანონში ცვლილებების მიღებამდე, მას ჰქონდა საუბარი თბილწყალკანალთან.
შენგელია ამბობს, რომ, თავის მხრივ, თბილისის წყალი მართალია იმიტომ, რომ დავალიანება საქართველოს ბევრ მოქალაქეს დღემდე ერიცხება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის წყალს ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ აქვს, აღნიშნულ ცვლილებას მოქალაქეთა დასჯის მეთოდს უწოდებს.
„ადამიანების ნაწილს 24 –საათიანი წყალმომარაგება არ აქვს და ის მაინც იხდის იმდენს, რამდენსაც ის ადამიანები, ვისაც მთელი დღის მანძილზე მიეწოდება წყალი. მეორე, თუ სახლი დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, მოქალაქე ვალდებულია, მაინც გადაიხადოს წყლის გადასახადი. თუმცა ამ შემთხვევაში, ის არ იხდის შუქის და გაზის გადასახადს“,– ამბობს ამირან შენგელია, – „ჯერ ესენი უნდა მოაწესრიგოს თბილისის წყალმა. თუ თბილისის წყალს არ აქვს იმის თავი, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს, მაშინ გამოაცხადონ ტენდერი, ვინც უკეთესად იზრუნებს ამ საკითხებზე“.
მისი თქმით, ასევე, არ არის მოწესრიგებული ის სისტემა, რომ თუ ერთმა ადამიანმა არ გადაიხადა წყლის ფული, მას ინდივიდუალურად ვერ შეუზღუდავს თბილისის წყალი წყლის მიწოდებას.
შენგელია ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანონის მიღება და თბილისის წყლის ლობირება ამ სახით, არ არის სწორი.
ნინო, 27 წლის, ამბობს, რომ არ არის სამართლიანი ერთი მომსახურების დავალიანების გამო, ადამიანს ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება შეუზღუდონ, მითუმეტეს, თუ აღნიშნული მომსახურების ფულს იხდის.
ნინო ნუცუბიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მას წყალი გრაფიკით მიეწოდება. დღის მანძილზე წყალი 4 საათია გათიშული, ხოლო ღამის პირველი საათიდან დილის შვიდამდე წყლის მომარაგება შეზღუდული აქვს.
„ერთი მეორესთან რა კავშირშია, ვერ ვხვდები. ის, რომ მე გრაფიკით მაქვს წყალი და მაინც ჩვეულებრივად ვიხდი, ეს ცალკე ფენომენია“,–ამბობს ის.
ეკონომისტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კანონში აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.
„წარმოიდგინეთ, ახლა თუ პურს არ ყიდულობთ, ხორციც არავინ მოგყიდოთ. ადამიანები ხშირად დგანან არჩევანის წინაშე – გადაიხადონ გაზის ფული, თუ შუქის. ძალიან ბევრი მხოლოდ შუქის ფულის, ან გაზის გადასახადის გადახდას ახერხებს და თუ ეს გამოიწვევს მაინც სხვა მომსახურების შეზღუდვას, ეს ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს, მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს“.
ხადური ამბობს, რომ, მართალია, ზოგ კომპანიას უჭირს გადასახადის გადახდა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მეორე კომპანიის ხარჯზე.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩვრებას აპირებს. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ ახლა მზადდება საჩივრის ფორმა და უახლოეს პერიოდში სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.
„მოგების იმედი მაქვს, იმიტომ, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში სასამართლო ასი პროცენტით გაამართლებდა ჩვენს სარჩელს. თუ ვერ მოვიგეთ, როგორც მინიმუმ, ის მაინც გამოჩნდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მათ ხელშია და ესენი აკონტროლებენ“.
ბაღათურია, რომელმაც პარლამენტში აღნიშნულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ ეს არის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა და არაკანონიერი გადაწყვეტილება.
კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია კანონში შესული ცვლილებები, საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ამბობს:
„ჩვენი მიზანია შევასრულოთ ის, რაც პარლამენტმა დაგვავალა. ეს გახლავთ კანონის მოთხოვნა. რახან კანონში არის ცვლილება, ე.ი. ის სამართლიანია“.
კანონი ძალაში 1 ოქტომბერს შევიდა, ხოლო მისი ამოქმედების ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახდენს თელასი და ენერგოპროჯორჯია დასუფთავების სამსახურთან ხელშეკრულების გაფორმებას და სამოქალაქო რეესტრთან კოორდინირებას.