“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. მათ შორის იმათიც, ვინც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტლებაც არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია პარლამენტიც, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო აქციის ფონზე აგრძელებს მუშაობას.
“გილოცავთ ყველას, დამსწრეს და ვისი სახელი და გვარიც გაჟღერდა, ყველა იმათ საქართველოს პარლამნეტის წევრად ცნობას”, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ლადო კახაძემ, რომელიც, როგორც უხუცესი წევრი, არის დღევანდელი სხდომის წამყვანი.
შეგახსენებთ, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. მათი პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციაში მონაწილეობის მიღებას.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა ტაში დაუკრეს მათ მიერ კონსტიტუციის დარღვევის, ანუ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილი და სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, იქამდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სარჩელზე, პარლამენტის შეკრება და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში 20 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.
ამავე თემაზე:
