პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები რუსთაველზე ღამის გათენებას აპირებენ.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათ რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები შეუერთდნენ. პოლიცია თავისუფლების მოედნისკენ არ ატარებდა ავტომობილებს, რომლითაც მომიტინგეები გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაუშვა.
საპოლიციო ძალებმა უკვე ჩაკეტეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩები.
როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ასევე, მონაწილე პარტიათა ნაწილი. 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა.
მან და 34-მა დეპუტატმა არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.