ახალი ამბები

შსს: პარლამენტის შენობის ბლოკირება დანაშაულია, თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან

24 ნოემბერი, 2024 •
შსს: პარლამენტის შენობის ბლოკირება დანაშაულია, თავი შეიკავეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. სამინისტრო აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

” მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით.

დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება.”

სამინისტროს განცხადებით, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.”

ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები.

შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად,” – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.

25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა.


როგორც ცნობილია, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” გეგმავს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა.

არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 34-მა დეპუტატმა. კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ხსნის, რატომ იქნება ახლა არასწორი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

მასალების გადაბეჭდვის წესი