საქართველოში დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. თვალი ადევნეთ მოვლენების მიმდინარეობას აქ, განახლებად  რეჟიმში.


19.15  მარნეულის მე-4 უბანში არჩევნების სავარაუდო გაყალბების არაერთ ფაქტზე საუბრობენ. ამავე უბანში სცემეს “საიას” დამკვირვებელი, გიორგი გოცირიძე და საარჩევნო უბნიდან გააგდეს.

მათი ნაწილი ვაშინგტონში ხმის მისაცემად აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან ჩავიდა.
ამის შესახებ ნეტგაზეთთან დამკვირვებელი ვაშინგტონის საარჩევნო უბანში სოფო მთივლიშვილი საუბრობს.

18:36: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო სამხრეთ კორეასა და ჩინეთში გახსნილი უბნები – დეტალები

18:34: ზუგდიდში ამომრჩეველი ამბობს, რომ კომისიის წევრმა მისი ბიულეტენი თავად გააფერადა – დეტალები

18.13 ენმ-ს ოფისს თავს დასხნენ – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავა.

18.10 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს სცემეს.

„საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

18.00  ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა – 1 768 816 მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 17.00 საათისთვის:

17.03 საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო უბნებთან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება ბათუმშიც. ნახეთ მეტი

17.00   “- იმ ამომრჩეველს ფული რატომ მიეცით?

– ჩემი კლასელი იყო.

– თქვენს “კლასელს” რატომ მიეცით ფული?

    – მემართა”, – გელა მთივლიშვილი ახმეტის N1 საარჩევნო უბნიდან ვიდეოს აქვეყნებს.


16.50 ზუგდიდში, 15-ე საარჩევნო უბანზე, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა, მანანა მიქავამ დააფიქსირა, რომ “ქართული ოცნების” აგიტატორი ამომრჩევლებს თანხას აძლევდა. აღნიშნულ ფაქტს დამკვირვებელსა და აგიტატორს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

16.47 ამომრჩეველთა რიგებია ფრანკფურტშიც.

16.45 საიას შეფასებით,  არჩევნები კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს – სადამკვირვებლო ორგანიზაციამ შეფასება 15.00 საათისთვის არსებული მდგომარეობით გამოაქვეყნა.  ნახეთ მეტი

16.36 ავსტრალიის ნომერ 60 საარჩევნო უბანზე, რომელიც უკვე დაიხურა დროის სხვაობის გამო, „ქართულმა“ ოცნებამ ხმების 30% მიიღო, ოთხ დიდ ოპოზიციურ პარტიას კი 70% ერგო. შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა.

16.34  ამომრჩეველთა დიდი რიგია ნიუ იორკში ადგილობრივი დროით 08.30 საათზე.   ნიუ იორკში აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან ათობით მოქალაქე ჩავიდა ხმის მისაცემად:

16.32. 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 454 837 მოქალაქემ მიიღო. ეს ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 41,62-ია.  ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, იგივე დროის მონაცემები. თუმცა, ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე.

16. 06 ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება, ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის 11-ე უბანში მას თავს დაესხნენ. მეტი

16.05 მე – 7 ოლქის მე-8 უბანზე მოქალაქეები ვადაგასული პირადობით ცდილობდნენ ხმის მიცემას, თუმცა მათ დამკვირვებლებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

15.48 – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს. იგი მადლობას უხდის ამომრჩეველს, მოუწოდებს ჯერ არმისულ მოქალაქეებს არჩევნებისკენ წასვლისკენ და აგრეთვე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ძალიან ცუდ, ძალადობის ფაქტებს ზურაბიშვილის თქმითვე, ვერ უკავშირდება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მათ შორის ვერც „ოფიციალური სამთავრობო ხაზით“. მეტი

15.40 გლდანის ოლქის მე-60 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებული პირი, შაკო კუჭაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დამკვირვებლებს დაუპირისპირდა. შაკო კუჭაშვილს თან ახლდნენ ადამიანები, რომელთა ნაწილსაც დამკვირვებლების ბეიჯები ეკეთა. მედიის ცნობით, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი ეძგვერაძე მოვიდა.

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2020 წლიდან ეს ტიტუშკა მომაგრებულია ამ უბანზე, რადგან იციან, რომ გლდანი ყოველთვის იგებს არჩევნებს. შაკო კუჭაშვილი მოდის და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, რაზეც კომისიის წევრებს რეაგირება არ აქვთ”, – ამბობს ირაკლი ეძგვერაძე ჟურნალისტებთან. დაპირისპირება 10 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა, რა დროსაც უბანზე ხმის მიცემა, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო. პოლიცია შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მივიდა.

15.26 საბერძნეთში, ათენში მოქალაქე ვერ აძლევს ხმას არჩევნებში იმის მიუხედავად, რომ დგას საკონსულო აღრიცხვაზე. მას ეუბნებიან, რომ არ არის ამომრჩეველთა სიაში. ნახეთ ვიდეო 

14.49  პრეზიდენტი ეხმაურება ისანში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ „პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან… მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ!“.

14.30 ფიზიკური დაპირისპირება ისანში – საარჩევნო უბნებთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

14.26 “ტვ პირველის”  ცნობით, მათ  გადამღებ ჯგუფს დაესხნენ ქვემო ხოდაშენში, დამტვრეულია აპარატურა” – მეტი

14.15   მედიაომბუდსმენის ცნობით, საპარლამენტო არჩევნების გადაღების პროცესში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.  მედიაომბუდსმენმა “მთავარი არხის”, ტელეკომპანია “პირველის” და cnews -ის გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მეტი

14.12: “ათენის 38-ე უბანზე კოალიციის “ჩემი ხმა” დამკვირვებელს არ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა. კომისია არ აძლევს დამკვირვებელს ვიდეოგადაღების შესაძლებლობას. არის დაძაბული ვითარება და გადატვირთულობა. კოალიცია ავრცელებს აღნიშნულის ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალას”, – წერს “ჩემი ხმა” და ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მეტი

14.09  ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებში ადგილი აქვს დანაშაულის ფაქტებს. “მაგალითად, ნაძალადევში, მე-9 უბანზე, ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. იგივე მოხდა კრწანისში, მე-4 უბანზე, სადაც გამოძახებულია პოლიცია, მაგრამ ჯერაც არავინ მისულა.

მინდა შევეხო იმას, რაც ხდება ახლა მარნეულში: მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ არჩევნების ასე წარმატებულად ჩატარებას.  მე შსს- ისევ მივმართავ ჩვენი პარტიის წევრის, აზატ ქარიმოვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სასწრაფოდ დააკავონ და კანონის სიმკაცრით დასაჯონ ამ შემზარავი დანაშაულის მონაწილეები.  ასევე, მივმართავ შსს-ს, რეაგირება მოახდინონ ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე, მაგალითად,  მარნეულში, 71-ე და 41-ე უბნებზე”. 

13.48 რიგებია საარჩევნო უბნებთან ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სადაც საქართველოს მოქალაქეები აძლევენ ხმას 2024 წლის არჩევნებში.

13.38 ამომრჩეველთა აქტივობა სხვადასხვა არჩევნებზე 12.00 საათის მონაცემებით იხილეთ აქ. 

13.33 მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი დაიხურა, იტყობინება ადგილიდან „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი. აქამდე, უბნიდან გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიდა. ამის შემდეგ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ. მეტი

13.11 მარნეულის  22-ე საარჩევნო ოლქის  69-ე უბანის გაუქმებას ითხოვენ –  დამკვირვებლებს იქ ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს,  შემდეგ უბნიდან გააძევეს.

13.08 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 22,22%-ია. უბნების გახსნიდან ოთხ საათში საკუთარი არჩევანი 776 726-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. მეტი

13.05  საჩივარი დაწერეს დამკვირვებლების საქმიანობაში ხელის შეშლისთვის მე-6 ოლქის 39 უბანზე:

საჩივარი. არჩევნები 2024. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

12.46: მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის  69-ე უბანზე დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს.

12.39  ქუთაისის 59-ე ოლქის 49-ე უბნიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გააძევეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საიას დამკვირვებელი ითხოვდა უბანზე არსებული სარეგისტრაციო მაგიდები ისე განეთავსებინათ, რომ დამკვირვებლებს საშუალება ჰქონოდათ რეგისტრატორების ზურგს უკან დამდგარიყვნენ. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირმა ყურაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ნამდვილად გააძევა საიას დამკვირვებელი – „საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და წიკვინისთვის”.

12.30 ისნის მე-5 ოლქის 37-ე უბანზე “ნეტგაზეთის” რეპორტიორს დაუდასტურეს, რომ საარჩევნო უბანზე კამერა, რომელიც უწყვეტად იღებს, უბნის კომისიის წევრმა დააყენა, რომელიც “ოცნების” წარმომადგენელია.

“არსებობს საარჩევნო უბანზე ფოტო ვიდეო-გადაღების დადგენილება. ყველა ექვემდებარება ამ წესს. შესაძლებელია, რომ რომელიმე მედიასაშუალება სტატიკურად იღებდეს პროცესს, მაგრამ მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რისთვის უნდა სჭირდებოდეს ამის გადაღება?! მოვიკითხავთ აუცილებლად”, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა “ნეტგაზეთს” კითხვის საპასუხოდ.

12.17: “ჩემი შვილების გვარი ჩავიწერე, მოვიდნენ თუ არა არჩევნებზე” – ასე უპასუხა ისნის მე-5 საარჩევნო ოლქში მდებარე 85-საჯარო სკოლაში ერთ-ერთმა კოორდინატორმა “ნეტგაზეთის” რეპორტიორს. ამ სკოლაში რამდენიმე საარჩევნო უბანია განთავსებული.

11.59: მარნეული, N22 საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე “ოცნების” კოორდინატორი საარჩევნო სიებს ამოწმებს.

11.47 გორის 32-ე საარჩევნო ოლქის მე-9 უბანზე, სადაც “ნეტგაზეთის” რეპორტიორი იმყოფება,  ბიულეტენის გაფერადების  შემდეგ ამომრჩეველმა გადაუღო ფოტო ბიულეტენს. დამკვირვებლებმა მას მოსთხოვეს ფოტოს წაშლა, თუმცა არ წაშალა და ისე დატოვა საარჩევნო უბანი.

11.40:  კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კანონი დაარღვია, რადგან უბანი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ხმას აძლევდა, მისი იქ ყოფნისას გადაკეტეს და მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდათ.

ანა ნაცვლიშვილმა მთაწმინდის N1 ოლქის მე-3 უბნის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს მოუწოდა, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა.  მეტი

11.11 32-ე ოლქის მე-7 უბანზე ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა იმის მიუხედავად, რომ ის ცესკოს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიაში სწორედ ამ უბანზე იყო აღრიცხული, თუმცა რეგისტრატორმა ამ კონკრეტული უბნის სიაში ვერ იპოვა.

11.03  ნეტგაზეთის რეპორტიორმა ისნის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე დააფიქსირეს ვიდეო კამერები, რომლებითაც ხდება პროცესის უწყვეტი გადაღება.

არჩევნები 2024. ფოტო: ნათია ცქიფურიშვილი/ნეტგაზეთი

11.02  ცესკოს ცნობით, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 9,27 %-ია. მეტი

11.00 ნეტგაზეთის რეპორტიორის ცნობით, სამგორის 39-ე უბანზე დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ რეგისტრატორის მუშაობას. კომისიის თავმჯდომარე მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს თითქოსდა იმ მოტივით, რომ დამკვირვებლები ამ ფორმით აღრიცხავენ ამომრჩევლების პირად მონაცემებს. 

10.30 “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ 10 საათის მდგომარეობით მათმა დამკვირვებლებმა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა აღწერეს. აქედან ერთი ახმეტაში (მე-17), ჩუღურეთში (მე-3 უბანი) და ტყიბულში (1-ლი უბანი) დაფიქსირდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ერთ შემთხვევაში დააფიქსირეს თანხის ოდენობაც და ეს შეადგენდა 100 ლარს. მეტი

10.20 ისნის მე-12 უბანზე ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი.


დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ტარდება, განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენი – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.