კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ენმ-სთან ერთად კიდევ რამდენიმე პარტიას აერთიანებს.
კონკრეტული და დროში გაწერილი დაპირებების გარდა, კოალიციის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ერთიანობაა. კოალიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” რევანშისტული რიტორიკის საპირწონედ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აანონსებს, მათი გეგმები საზოგადოების ერთიანობის იდეას ეფუძნება.
სწორედ ასე ჰქვია კოალიციის საარჩევნო პროგრამასაც – “საქართველოს ერთიანობის ხუთპუნქტიანი გეგმა”. ხუთი პუნქტი სიმბოლურად გამოხატავს კოალიციის საარჩევნო ნომერს და განსაზღვრავს იმ ხუთ ძირითად სფეროს, რომლის რეფორმაც აქვთ გაწერილი.
გეგმის შესრულებისთვის პირველ ნაბიჯად 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება წარმოუდგენიათ. შემდეგ კი, კოალიციური მთავრობის პირობებში, მზად არიან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ “საქართველო იყოს ერთიანი, დაცული, კორუფციისგან თავისუფალი, მდიდარი და სოციალურად სამართლიანი ქვეყანა, რომელშიც კეთილდღეობა და სიმდიდრე ერგება ყველას, რომელშიც მთავრობა არ იპარავს ხალხის ფულს, რომელშიც გასაქანი ეძლევა ჩვენს ნიჭსა და ენერგიას, რომელშიც სიღარიბეში ჩავარდნისგან დაცულად ვგრძნობთ თავს, ვიღებთ მსოფლიოს თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას და მაღალანაზღაურებად დასაქმებას”.
“ნეტგაზეთმა” მოკლედ შეაჯამა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამის 5 ძირითადი პუნქტი.
1. ევროკავშირში გაწევრიანება
კოალიციის ერთ-ერთი წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად 6-თვიანი პერიოდი აქვთ აღებული. ის ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნიდან 6 თვის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ყველა იმ დათქმის შესრულება, რაც მოლაპარაკებების გასახსნელად არის საჭირო.
“არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალი მთავრობა გააუქმებს რუსულ კანონს, ევროპის კავშირთან (ევროპული საბჭო, ევროკომისია) შეათანხმებს სამოქმედო გეგმას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს 9 საკვანძო მიმართულებით. ევროპის კავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება 2025 წელს და დასრულდება 2030 წლისთვის. 2030 წელს საქართველოს მოქალაქე იქნება ევროპის კავშირის მოქალაქე და ექნება ევროპული პასპორტი”, – წერია კოალიციის პროგრამაში.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად გასატარებელ რეფორმებს შორის კოალიცია გამოყოფს ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმას. პაატა მანჯგალაძე ხაზს უსვამს უწყებისთვის საგამოძიებო ფუნქციის დამატების მნიშვნელობას.
“დღეს არსებული სტრუქტურა, რომელიც ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ, არანაირად არ არის ანტიკორუფციული კონტროლის მატარებელი. ის არის მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციის მატარებელი და არანაირი საგამოძიებო ფუნქცია არ აქვს. კვაზი ფუნქცია მიანიჭეს პარტიების ფინანსური მონიტორინგის ნაწილში. ეს აბსურდია. თითქოს კორუფცია იყოს ოპოზიციურ პარტიებში და ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა”, – ამბობს მანჯგალაძე და ამატებს, რომ საარჩევნო პროგრამაში ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმის შესახებ ჩანაწერი ექსპრემიერ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაჩნდა.
კოალიციაში ვარაუდობენ, რომ რეფორმები და ევროკავშირთან დაახლოება ხელშესახებ შედეგებს მოიტანს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებშიც. მათი გათვლებით, აშშ-თან უვიზო მიმოსვლის მიღწევა 2026 წლისთვის იქნება შესაძლებელი, 2028 წლიდან კი – თავისუფალი ვაჭრობა.

შემოსავლების ზრდა – თავისუფალი მოქალაქე
ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება, კოალიციაში ინვესტიციების ზრდით წარმოუდგენიათ. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობად კი მართლმსაჯულების რეფორმას მიიჩნევენ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორებია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი გარემო.
“ასეთ გარემოში გაიზრდება კვალიფიციური კადრი, დაჩქარდება ბიუროკრატიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და გაჩნდება ფინანსები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებასაც და ქვეყანაში ცნობილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლასაც. საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას ზრდის მისი გეოგრაფიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რამდენიმე წელიწადში კი, შეერთებულ შტატებთან”, – წერია კოალიციის პროგრამაში და აღნიშნულია, რომ ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2028 წლისთვის საშუალო ხელფასს 3500 ლარამდე გაზრდის.
ამის პარალელურად, პროგრამაში საუბარია სოციალური პროგრამების ზრდაზე, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველებისა და დევნილებისთვის.
“სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა შექმნილია საიმისოდ, რომ ამ პროგრამაში ჩართული ადამიანები ამ შემოსავლის დაკარგვის მუდმივი შიშით ცხოვრობდნენ და ადგილობრივ ჩინოვნიკებს ემორჩილებოდნენ”, – აცხადებენ კოალიციაში.
ემიგრანტები
ემიგრანტებთან კოალიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს:
- ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხის 2% ყოველთვიურად დაერიცხებათ საპენსიო ანგარიშზე.
- შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის სახელობის 1-მილიარდიანი ფონდი, რომლის მიზანი იქნება ემიგრანტების წახალისება, დაბრუნდნენ საქართველოში.
“ყველა იმ ადამიანს [ემიგრანტს], ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოში – თქვენ იცით, რომ ბევრმა ქართველმა ამერიკაში შექმნა “დელივერი”, ანუ პროდუქტის მიწოდების კომპანია, ბევრს აქვს გადამზიდი კომპანია, ბევრი კიდევ სხვა სერვისებზე მუშაობს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ხალხს მივეხმაროთ ბიზნესების საქართველოში გადმოტანაში, ან სტარტაპები დაუფინანსდეთ ამ ადამიანებს ამ ფონდით”, – განმარტავს პაატა მანჯგალაძე.
პენსიონერების დაცვა – ღირსეული სიბერე
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პენსიონერები არიან. მათთვის კოალიციას სამი დაპირება აქვს:
- პენსიების ზრდა;
- წამლების დაფინანსება;
- საპენსიო სესხების გაუქმება.
პაატა მანჯგალაძის თქმით, კოალიციური მთავრობის მიერ მუშაობის დაწყებიდან პირველივე წელს იქნება შესაძლებელი პენსიების 200 ლარით ზრდა. ეს შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე შშმ პირებს. კოალიციის დაპირებაა, რომ 2028 წლისთვის ასაკობრივი პენსია უკვე 1000 ლარი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ამ დაპირებებით ყველა პენსიონერი ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებს სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებს.
რაც შეეხება საპენსიო სესხების გაუქმებას, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, პენსიონერების მიერ აღებული სესხების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 380 მილიონი ლარია.
ჩვენ მას ვკითხეთ, ვინ გადაიხდის ამ ფულს და საიდან?
“კერძო სტრუქტურებს ჩვენ ამას ვერ დავაკისრებთ. სახელმწიფოს ბრალია, რომ ეს ხალხი მიატოვა გასაჭირში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან სახელმწიფომ მარტო დატოვა პენსიონერი, ვალდებულება უნდა ავიღოთ ყველამ, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არ დავტოვოთ მარტო. მიზერული პენსია აქვთ ისედაც. მათ უწევთ არჩევანის გაკეთება წამალსა და საჭმელს შორის. საშუალოდ 100 ლარს იხდიან ყოველთვიურად სესხის პროცენტის გადასახდელად. გადავწყვიტეთ, ერთჯერადად ჩამოვაწეროთ ეს ვალდებულება. ამისთვის მოგვიწევს 400 მილიონამდე გადახდა”, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ძლიერი ოჯახი – ინვესტიცია მომავალ თაობაში
პენსიონერების მხარდაჭერის გარდა, “ერთიანობა – ძლიერი საქართველოს” წინასაარჩევნო დაპირებები ეხება ბავშვებისა სოციალურ დახმარებას. ასევე, შობადობის წახალისებას.
კოალიცია ყველა ახალშობილს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას ჰპირდება: პირველ შვილზე – 500 ლარს, მე-2 შვილზე – 1000 ლარს, მე-3 და ყოველ მომდევნო შვილზე – 1 500 ლარს.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის შემუშავდება სპორტული და სახელოვნებო წრეების ვაუჩერული სისტემა.
განათლება
განათლების ნაწილში კოალიციის პროგრამა მოიცავს სკოლებში უფასო კვების დანერგვას. ასევე, მასწავლებელთა ხელფასების ზრდას 2000 ლარამდე.
პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, პედაგოგთა მხარდასაჭერად, გეგმავენ მათთვის ბინების სუბსიდირებას, ისე როგორც ეს სამხედროების შემთხვევაში ხდება. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც პედაგოგს მისი სტაჟის, დამსახურების, კარიერული საფეხურისა თუ სხვა კრიტერიუმების შესაბამისად დაუსუბსიდირებს ან სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს საცხოვრებელ ბინებს.
იგეგმება სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობაც ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც. მანჯგალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ის მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, მოგვიანებით კი, შესაძლებლობის პირობებში, გაფართოვდება სხვებზეც.
14 მილიარდი ევრო
პაატა მანჯგალაძეს ვესაუბრეთ იმ 14 მილიარდ ევროზეც, რომელსაც, კოალიციის მტკიცებით, საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები გაიხსნება. სწორედ ეს თანხა წარმოუდგენიათ კოალიციაში მათი პროგრამაში მოცემული გაზრდილი ხარჯებისა და ახალი რეფორმების დაფინანსების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.
კოალიციის ამ განცხადებამ არაერთი კრიტიკა დაიმსახურა მმართველი გუნდისაგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ 14-მილიარდიან ფონდზე დაპირებები არის ტყუილი.
ევროკავშირს აქვს გაწევრიანების მხარდამჭერი არაერთი მექანიზმი, რომელიც წევრობის მსურველ ქვეყნებს ეხმარება რეფორმების გატარებაში. მათ შორისაა IPA – გაწევრიანების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს. ამ დრომდე მან რამდენიმე ეტაპი გაიარა. ბოლო, მე-3 ეტაპი, 2021 წელს ამოქმედდა და 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. IPA-ს სწორედ მესამე ეტაპის ბიუჯეტია 14 მილიარდზე მეტი ევრო. ოღონდ, ის ამ ეტაპზე რამდენიმე იმ ქვეყანაზე ნაწილდება, ვისაც ან კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული წარსულში და მოლაპარაკებები გახსნილი ან პოტენციურ კანდიდატი ქვეყანაა. ესენია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
მართალია, მათ შორის საქართველო არ არის, მაგრამ პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, შესაძლოა IPA-ის მესამე ეტაპზე გამოყოფილი მხარდაჭერა ჩვენც მივიღოთ. ამ შემთხვევაში, განსაზღვრულ 14 მილიარდი ევროდან, რომლის გაცემა 2021 წელს დაიწყო, გარკვეული ნაწილი (და არა სრულად) შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს.
პაატა მანჯგალაძეს ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ზემოხსენებული 14 მილიარდ ევროს სრულად საქართველო მიიღებს? თუ ისინი არა IPA-ს, არამედ სხვა ინსტრუმენტს გულისხმობენ, როცა ქვეყანაში 14 მილიარდის მოზიდვაზე საუბრობენ. მანჯგალაძე ამბობს, რომ ისინი გულისხმობენ არა უკვე ამოქმედებულ მექანიზმს, არამედ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც ევროკავშირი კონკრეტულად საქართველოსთვის გახსნის. მისი მტკიცებით, “ერთიანობა – ძლიერი საქართველოს” მიერ დასახელებული 14 მილიარდი მათ მიერ დათვლილი თანხაა, რომლის მოთხოვნას ევროკავშირისგან მოლაპარაკების პროცესში აპირებენ.
“ჩვენ როცა ვიმუშავეთ ამ საკითხებზე – [განვსაზღვრეთ] რისი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, პრაქტიკა ვიცით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ვიცით, დავსხედით ეკონომისტები და დავთვალეთ, რომ ჩვენ, იმისთვის, რომ ოთხი წლის მანძილზე, ქართული ეკონომიკა ახლოს მივიდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან, იმისთვის, რომ ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოების რეფორმა იყოს თავსებადი ევროკავშირთან, იმისთვის, რომ შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის, საშუალოდ გვჭირდება 10-დან 14 მილიარდამდე. ვთქვით, რომ 14 მილიარდი ავიღოთ საბაზისოდ, რაც უნდა მოვთხოვოთ ევროკავშირს მოლაპარაკების პროცესში იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი”, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
კოალიციური მთავრობა
წინასაარჩევნო კვლევები მოწმობს, რომ “ქართული ოცნების” მარცხის შემთხვევაშიც კი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლას ვერ მოახერხებს. საუკეთესო ვარიანტში, მას მოუწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა ან პრეზიდენტის “ქართული ქარტიით” განსაზღვრული ტექნიკური მთავრობისთვის მხარდაჭერა. პაატა მანჯგალაძეს ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენიათ მათ კოალიციური მთავრობის პირობებში მუშაობა და იმ პროგრამის ლობირება სხვა პოტენციურ სამთავრობო პარტიებთან, რომლებსაც ასევე აქვთ საკუთარი პროგრამები.
“საქართველოს ევროპული მომავლის და ერთიანობის მნიშვნელობაზე ყველა [ოპოზიციური] პარტია ვართ შეთანხმებეული. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ვერ გახდება საქართველო, თუ არ შევასრულებთ იმ 9 პირობას, რომელიც საჭიროა მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად. ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის გარეშე რომ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ამაზეც შეთანხმებულები ვართ. ერთპარტიული ავტოკრატია რომ არ უნდა იყოს, ამაზეც შეთანხმებულები ვართ. ის, რომ უნდა იყოს დემოკრატიული რეფორმები, თავისუფალი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები, ამაზეც ვთანხმდებით. დანარჩენ საკითხებზე – რა მოდელი, როგორ და ა.შ. დისკუსია იქნება, რა თქმა უნდა. ეს არის ჯანსაღი პროცესი. პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, რადგან ოპოზიცია გაიმარჯვებს და ჩვენ ვიქნებით ერთმანეთთან თანამშრომლობის რეჟიმში. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მანჯგალაძემ.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ხედვა საჯარო სამსახურების დეპოლიტიზაციაზე, ასევე მათი გზავნილებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების მიმართ, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
