ახალი ამბები

ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? – შინდისის გმირის ცოლი

15 სექტემბერი, 2024 •
ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?  – შინდისის გმირის ცოლი

„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?“ – ასე ეხმაურება შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“

„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?

ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს თეო წილოსანი Facebook-ზე.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი