საზოგადოება

ოთხი ქორწინება და ერთი იძულებით გათხოვების მცდელობა

24 ნოემბერი, 2015 • 3416
ოთხი ქორწინება და ერთი იძულებით გათხოვების მცდელობა

 

პოსტერი ქალთა მოძრაობის ფეისბუკის გვერდიდან.ქალთა მოძრაობა არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ აქციას 25 ნოემბერს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამართავს

 

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, ზაფხულში 15 წლის გოგონას იძულებით გათხოვების მცდელობა დაფიქსირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რის გამოც არასრულწლოვან გოგონასა და დედას შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

 

„ამ დროისთვის გოგონა მინდობით აღზრდაშია, რადგან დედასთან უთანხმოება აქვს,“ – ამბობს სოციალური მუშაკი ნანი ბოლქვაძე.
სოციალური მუშაკის ინფორმაციით, მოზარდი 14 წლის ასაკში გაათხოვეს.

 

 

„ბავშვმა მიიღო გათხოვების გადაწყვეტილება და გაიპარა ბიჭთან ერთად. ალბათ ოჯახიდანაც იყო თანხმობა, რადგან შემდეგ გოგონა გვიყვებოდა, რომ ეს იძულებით გააკეთა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბიჭმა მიატოვა. გოგონა ჩაიკეტა სახლში და ძალიან განიცდიდა, ჰქონდა სიუციდის მცდელობაც“.  

 

 

სოციალური მუშაკის თქმით, მშობლების ჩარევით გოგონა ხელმეორედ გააყოლეს იმავე, ასევე არასრულწლოვან ბიჭს. „თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ოჯახი შეიქმნა არა სიყვარულით, არამედ გარიგებით, მაინც არ შედგა მათი ურთიერთობა გოგონა მშობლების ოჯახში დაბრუნდა“.

 

ნანი ბოლქვაძე ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ მათ სამედიცინო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და საქმეში ჩართეს.

 

„ჩავრთეთ ფსიქოლოგი და ვმუშაობდით გოგონასთანაც და ბიოლოგიურ ოჯახთანაც. რადგან გოგონაზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა, საქმეში ჩავრთეთ სამართალდამცავებიც და გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. ჩვენ ვცხოვრობთ სტერეოტიპულ გარემოში, სადაც ოჯახში მიბრუნებულ გოგოზე ხშირად ხდება ზეწოლა. „შენ ოჯახში დაბრუნებული ხარ“, „ოჯახს სირცხვილი აჭამე“ – ეუბნებოდნენ და ბავშვი დაითრგუნა. არაერთი მცდელობა ჰქონდა სახლიდან გაქცევის“.

 

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ,  როცა გოგონა 15 წლის შესრულდა, სოციალური მუშაკის ინფორმაციით, მშობლები მას არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას უპირებდნენ.

 

„ჩვენ მოზარდისგან მივიღეთ ეს ინფორმაცია და მაშინვე ჩავრთეთ შესაბამისი სამსახურები. გოგონა დათრგუნულია ფსიქოლოგიურად და მასთან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. ამ დროისთვის გოგონა იმყოფება მინდობით აღზრდაში და მისი უფლებები დაცულია. ვმუშაობთ იმაზე, რომ სამომავლოდ გოგონამ პროფესიული განათლება მიიღოს, რადგან სკოლაში არ დადის“.

 

სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ისინი გოგონას ოჯახთანაც მუშაობენ და არწმუნებენ იმაში, რომ მოზარდზე ძალადობა დაუშვებელია: „აუცილებელია ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს და მშობლებმა გაიგონ, რომ თუნდაც შეცდომის გამო არ შეიძლება შვილი უარყო ან მასზე მოახდინო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, მით უმეტეს, რომ გოგონას აქვს ეპილეფსია ქვეცითი აშლილობით“.

 

სოციალური სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონას გათხოვების ერთი ფაქტი შუახევის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. გოგონა 15 წლის ასაკში გაათხოვეს. სოციალური მუშაკის, ნინო ტყეშელაშვილის ინფორმაციით, მოზარდი მშობლების ნებართვით გათხოვდა.

 

„ფაქტი მოხდა გაზაფხულზე, როცა ჯერ კიდევ არ იყო სასწავლო პროცესი დასრულებული. მშობლები საქმის კურსში იყვნენ. თუმცა, როცა გაიგეს, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება კანონით ისჯება, გოგონა სკოლაში დააბრუნეს და საბაზისო საფეხური დაამთავრებინეს. თუმცა, ამის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია, რადგან სექტემბერში როცა გოგონას 16 წელი შეუსრულდა, მშობლებმა ქორწილი ოფიციალურად გადაუხადეს“, – ამბობს ნინო ტყეშელაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, სკოლამ არასრულწლოვანი მოსწავლის გათხოვების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორი კვირის შემდეგ შეატყობინა.

 

არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების ორი შემთხვევა იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამ შემთხვევაშიც გოგონა იყო 16 წლის, მისი მეუღლე კი – 19-ის.

 

„მომართვა გაკეთდა თბილისის საჯარო სკოლიდან, გოგონა იყო მეთერთმეტეკლასელი. სოციალური სამსახურის ჩარევის შემდეგ, გოგონამ გააგრძელა ქობულეთის სკოლაში სწავლა.

 

რაც შეეხება მეორე ფაქტს, გათხოვების დროს გოგონა იყო 17 წლის, მისი მეუღლე კი – 20 წლის. ჩვენ გვქონდა მშობლებთან საუბარი. იმ დროისთვის გოგონა გამოსული იყო სკოლიდან და გეგმავდა კოლეჯში ჩაბარებას. თუმცა გააგრძელა თუ არა სწავლა გათხოვების შემდეგ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

 

სკოლა მოსწავლის გათხოვების შესახებ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს ფაქტის გაგების მომენტიდან უგზავნის. „როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში სკოლამ შეტყობინება ორი კვირის შემდეგ გააგზავნა, ანუ მას შემდეგ, როცა გოგონა არ გამოცხადდა სკოლაში და თანაკლასელებმა თქვეს, რომ ის გათხოვდა“.

 

არასრულწლოვანი გოგონას გათხოვების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმშიც. სოციალური სამსახურის ინფორმაციით, გათხოვების მომენტში გოგონა არ იყო 16 წლის, ბიჭი კი 21 წლის იყო. „გაიპარნენ და ასე დაქორწინდნენ, თუმცა როგორც გავარკვიეთ, არც მშობლები იყვნენ ქორწინების წინააღმდეგი“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ურთიერთობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. „როცა ინფორმაცია შემოვიდა ჩვენთან და მშობლებმა გაარკვიეს, რომ არასრულწლოვნის ქორწინება კანონს ეწინააღმდეგება, გოგონასა და ბიჭის მშობლები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სანამ გოგონა 16 წლის არ გახდებოდა, ის სკოლაში ივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გააყოლებდნენ ოფიციალურად“, -ამბობს ნინო ტყეშელაშვილი.

 

სოციალური მუშაკის თქმით, ბათუმის შემთხვევაში არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტზე სამართალდამცავებიც ინფორმირებულნი იყვნენ: „ჩვენ ჩავრთეთ ისინი საქმეში, თუმცა, რა ზომები იქნა მათი მხრიდან მიღებული, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“.

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანი გოგონებისა და ბიჭების როგორც იძულებით, ასევე ნებაყოფლობით ქორწინებას. ცვლილების მიხედვით, ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკში იქნება შესაძლებელი და მშობელს ან მეურვეს უფლება აღარ ექნება, არასრულწლოვან შვილს თანხმობა მისცეს ქორწინებაზე. ეს საკითხი მოექცევა სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში.

 

„გვინდა, რომ სასამართლოს მხრიდანაც გამონაკლისი დაშვებული იყოს მხოლოდ პატივსადები მიზეზის გამო“, – ამბობს თამარ კორძაია. ეს პატივსადები მიზეზი არასრულწლოვნის ორსულობა ან ბავშვის დაბადებაა.

 

კანონპროექტის წარდგენისას თამარ კორძაიამ პარლამენტში განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივის მიზეზი სახალხო დამცველის ანგარიში გახდა, სადაც მოყვანილია დასაბუთებული ფაქტები არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების შესახებ.

 

„მშობლები ხშირად ბოროტად სარგებლობენ მშობლის უფლევა-მოვალეობით და აიძულებენ საკუთარ შვილებს დაქორწინებას“, – ამბობს დეპუტატი. მისი თქმით, ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში გოგონებს/ბიჭებს ერთმევათ თავისუფალი განვითარების უფლება და ეზღუდებათ განათლების მიღების შესაძლებლობა.

 

თამარ კორძაიას თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების კონვენციას, „პირიქით, ბავშვის უფლებათა კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ყველა სახელმწიფოს, რათა ქორწინების მინიმალური ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე. ეს იქნება იმის გარანტია, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული კონვენციით დაცული ბავშვის ყველა უფლება“.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა ზიანის მომტანი ტრადიციული პრაქტიკის მიმართ საკანონმდებლო პოლიტიკა უნდა გაამკაცრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი