ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ქართველ ფეხბურთელებს ტურნირზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშისთვის მადლობას უხდან.
„ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“, – წერს Facebook-ზე აშშ-ის საელჩო.
„გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე! თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზისთვის“, – წერს Facebook-ზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
„შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.
მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!
გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!“ – წერს შვედეთის საელჩო Facebook-ზე.
„პატივისცემა ნაკრებს ძლიერი და ვნებიანი თამაშისთვის ევროპის ჩემპიონატზე. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ საფეხბურთო ტურნირზე“, – წერს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე.
Respect & honor to @nakrebi 🇬🇪 for strong and passionate performance @EURO2024 👏🏽. Looking forward to seeing you at the next big ⚽️ tournament. Kopf hoch! pic.twitter.com/2FK3TmrfuL
— Peter Fischer (@Diplo_Peter) June 30, 2024
„მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მადლობა ბიჭებს!“ – წერს ესტონეთის საელჩო Facebook-ზე.
ევრო 2024 საქართველოსთვის ნაკრებისთვის სადებიუტო იყო. 30 ივნისს ეროვნული ნაკრები მერვედფინალურ რაუნდში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.