28 ივლისს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი Massive Attack-ის კონცერტი გაუქმებულია.
„ბლექ სი არენას“ ცნობით, კონცერტი „გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო“ გაუქმდა და ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.
მოგვიანებით Massive Attack-მა განაცხადა, რომ შოუს გაუქმება გადაწყვიტა პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო.
„ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.
ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწევა და უარყოფს ლგბტი ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, — ნათქვამია განცხადებაში.
Massive Attack სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ამბობენ, რომ მათი ბრძოლა უნდა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.
„ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად გამოვალთ თავისუფლებაში. დაიცავი პროტესტი“, — წერს Massive Attack.
Georgia. #ProtectTheProtest pic.twitter.com/PEdqNdrnH2
— Massive Attack (@MassiveAttackUK) June 12, 2024
Black Sea Arena-ზე ბრიტანულ ჯგუფ Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს უნდა გამართულიყო.
ღონისძიების დაანონსებიდან მალევე ქართველმა მსმენელებმა Massive Attack-ის სოციალურ ქსელებში მისწერეს, რომ გადაეხედათ მათი თანამშრომლობისთვის საქართველოს „მჩაგვრელ მთავრობასთან“, რომელიც ამ ღონისძიების დაფინანსების პარალელურად ცდილობდა რეპრესიული აგენტების კანონის მიღებას.
3 მაისს Massive Attack-მა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებული ფოტო და დაწერა:
„სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“.
ვრცლად ამ თემაზე – დააკლიკეთ.








