საზოგადოება

„ოცნების“ კრიტიკოსები ევროპარლამენტში ისევ აირჩიეს – რა (არ) იცვლება მმართველი პარტიისთვის

11 ივნისი, 2024 •
„ოცნების“ კრიტიკოსები ევროპარლამენტში ისევ აირჩიეს – რა (არ) იცვლება მმართველი პარტიისთვის

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროპარლამენტში კვლავ მოხვდნენ ის დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.

არჩევნებამდე მმართველი პარტიაში ევროპარლამენტარების კრიტიკის საპასუხოდ ამბობდნენ, რომ ესენი „წარმავალი“ დეპუტატები იყვნენ.

მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, რომ  მათი კრიტიკოსების ძირითადი ნაწილი ევროპარლამენტში კვლავ ხვდება, „ქართული ოცნება“ აქცენტს ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატებაზე აკეთებს.

რა ხდება

ევროპარლამენტი ევროკავშირის ის ინსტიტუციაა, სადაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ კანონზე, და არაერთი კრიტიკული რეზოლუციაც მიუღიათ. კრიტიკის საპასუხოდ მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ ჰქონდა, მათ კრიტიკოს ევროპარლამენტარებს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას აბრალებდნენ.

ზოგიერთი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარი კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განსაკუთრებული სამიზნე იყო.

„გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა ან ფონ კრამონი შეიძლება, იყვნენ ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახე“, – აცხადებდა 2022 წლის დეკემბერში მაშინდელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან კონკრეტული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები“, – აცხადებდა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა 2023 წლის მარტში.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოს მტრებადაც გამოაცხადეს.

„კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები – ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია“, – აცხადებდა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2023 წლის სექტემბერში.

ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი „ქართულ ოცნებაში“ აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ მათ აკრიტიკებდნენ „წარმავალი“ ევროპელი დეპუტატები. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აპრილის ბოლოს მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას „წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა“ უწოდა.

„ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატებს გადასცემენ სათანადო პირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, ევროპელმა ამომრჩეველმა მანდატები ამ დეპუტატებს ისევ გადასცა.

„ოცნების“ კრიტიკოსები კვლავ ევროპარლამენტში

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალ ევროპარლამენტშიც დომინანტი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალ-დემოკრატები (S&D) არიან, რომელთაც Renew Europe (განაახლე ევროპა) მოსდევს.

წინა არჩევნებთან შედარებით, ზრდა აქვთ მემარჯვენე პოპულისტურ ძალებს, დანაკარგები — ლიბერალებს (Renew Europe) და მწვანეებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტატუს კვო შენარჩუნებულია მეინსტრიმული პარტიების სასარგებლოდ.

შესაბამისად, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობასაც სწორედ დომინანტი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გადაინაწილებენ.

წაგებულები და მოგებულები ევროპარლამენტის არჩევნებში

წინასწარი შედეგებით, ევროპარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება (ფრჩხილში მოცემულია სხვაობა წინა პარლამენტთან შედარებით):

  • ევროპის სახალხო პარტია (EPP) – 186 (+10);
  • სოციალ-დემოკრატები (S&D) – 135 (-4);
  • განაახლე ევროპა (Renew Europe) – 79 (-23);
  • ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR) – 73 (+4);
  • იდენტობა და დემოკრატია (ID) — 58 (+9);
  • მწვანეები/EFA – 53 (-18);
  • მემარცხენეები (GUE/NGL) – 36 (-1);
  • არააფილირებული დეპუტატები — 100 (+38).

თუმცა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური ჯგუფი „ქართული ოცნების“ პარტნიორი არაა. მეორე ადგილზე გასულ სოციალ-დემოკრატებში კი მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორი, „ევროპის სოციალისტური პარტია“ (PES) შედის.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კრიტიკოს ევროპარლამენტარებს, რომლებიც მმართველი პარტიის სამიზნენი იყვნენ, მათი ძირითადი ნაწილი ახალ პარლამენტში ისევ იქნება.

ახალ ევროპარლამენტში ვერ ვიხილავთ ხელისუფლების კრიტიკით ქართველებისთვის კარგად ცნობილ ორ პოლიტიკოსს, პოლონელ ანა ფოტიგასა და გერმანელ ვიოლა ფონ კრამონს.

ევროპარლამენტში ვერ მოხვდა „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი ირლანდიელი პოლიტიკოსი კლერ დეილიც.

„ქართული ოცნების“ კრიტიკოსთაგან ევროპარლამენტში ისევ იქნებიან:

  • ანდრიუს კუბილიუსი – ლიეტუველი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტია“
  •  რასა იუკნევიჩიანე – ლიეტუველი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტია“
  • პეტრას აუსტრევიჩიუსი – ლიეტუველი ევროპარლამენტარი – Renew Europe (განაახლე ევროპა)
  • მირიამ ლექსმანი – სლოვაკი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტია“
  • მაიკლ გალერი – გერმანელი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტია“
  • მარკეტა გრეგოროვა – ჩეხი ევროპარლამენტარი, მწვანეები/EFA
  • რაფაელ გლუკსმანი – ფრანგი ევროპარლამენტარი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • ურმას პაეტი – ესტონელი ევროპარლამენტარი, Renew Europe (განაახლე ევროპა)

ევროპარლამენტში ისევ მოხვდნენ ესტონელი ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი  და სვენ მიქსერი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან“.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსებისა, ევროპარლამენტს შეემატა „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი ორი ახალი წევრი:

  • რიჰარდს კოლსი – ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ პოლიტიკას აკრიტიკებდა.  რიჰარდ კოლსია ის დეპუტატი, რომელმაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა მოითხოვა.  კოლსი ევროპარლამენტში „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების“ (ECR) ჯგუფში იქნება.
  • მალგოჟატა გოშევსკა – პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო აქტიურად აკრიტიკებდა. ის საქართველოშიც იმყოფებოდა და სურდა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მონახულება, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.  ის აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები იყვნენ. თავის დროზე ორივე მათგანი მალგოჟატა გოშევსკას ციხეშიც ჰყავს მონახულებული.  მალგოჟატა გოშევსკა ანა ფოტიგას თანაპარტიელია და ევროპარლამენტში „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების“ (ECR) ჯგუფში იქნება.

ჯერჯერობით „ქართულ ოცნებაში“ არ გამოხმაურებიან მათი კრიტიკოსების კვლავ მოხვედრას ევროპარლამენტში.

მმართველ პარტიაში ახლა ხაზს უსვამენ  მემარჯვენე პოპულისტური ძალების წარმატებას იმ კონტექსტით, რომ ევროპის ძირითადი და წამყვანი პოლიტიკური ძალები “კრიზისს” განიცდიან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, ევროპარლამენტის არჩევნებზე „დემოკრატიული კრიზისის ნიშნები“ გამოჩნდა.

რატომ გულშემატკივრობს „ოცნება“ ულტრამემარჯვენეებს

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი (GIP) ბიძინა ლებანიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების უმრავლესობა, რომელთაც „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს,  ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

მისი თქმით, მაშინ, როცა მეინსტრიმული ცენტრისტული პარტიები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ და მასთან კონფლიქტში არიან, მმართველი პარტიისთვის ახლა ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერა პრაგმატულია. თუმცა, როგორც ბიძინა ლებანიძე ამბობს, ის, რომ ულტრამემარჯვენეებმა წინა არჩევნებთან შედარებით მეტი ხმა აიღეს, ევროპარლამენტში დიდად არაფერს ცვლის, რადგან ისევ ცენტრისტული პარტიების კოალიცია დარჩება ხელისუფლებაში.

შესაბამისად, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპარლამენტის რიტორიკაშიც ბევრი არაფერი შეიცვლება.

„ცენტრისტული პარტიები ისეთივე დამოკიდებულებას გააგრძელებენ, რაც აქამდე ჰქონდათ. შეიძლება ცალკეული პოლიტიკოსები შეიცვალონ, მაგრამ აქ ხომ ინდივიდებზე არაა, არ იქნება ვიოლა ფონ კრამონი, იქნება სხვა. ისეთივე კრიტიკული დამოკიდებულება გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სანამ იქნება პრობლემები დემოკრატიის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, შეიძლება ულტრამემარჯვენე პარტიებისგან რაღაც მხარდაჭერა მიიღონ“, – ამბობს ბიძინა ლებანიძე.

იპოვის თუ არა „ოცნება“ პარტნიორს ახალ ევროპარლამენტში

როგორც ბიძინა ლებანიძე ამბობს, სანამ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიასთან პრობლემები აქვს, მას რომელიმე დიდ პოლიტიკურ ჯგუფში არ მიიღებენ.

ამჟამად „ქართული ოცნება“, განსხვავებით მისი ოპონენტი ოპოზიციური პარტიებისაგან, პარტნიორი ევროპული პარტიის გარეშეა დარჩენილი.

მმართველმა პარტიამ ევროპის სოციალისტური პარტია (PES), რომელიც „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“ (S&D) შედის,  1 წლის წინ დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტურ პარტიას გადაწყვეტილების გამოცხადება დაასწრო, რადგან მმართველი პარტიასთან  პარტნიორობის გადახედვას თავად PES-ში განიხილავდნენ.

ევროპის სოციალისტური პარტიის დატოვებიდან 1 წლის შემდეგ კი, მიუხედავად ახალი ევროპარლამენტის არჩევნებისა, „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლო პარტნიორის დასახელება ბიძინა ლებანიძეს უჭირს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიღება „ევროპის სახალხო პარტიაში“ (EPP) გამორიცხულია. თავის მხრივ, EPP-ის პარტნიორები არიან ქართული ოპოზიციური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ .

რაც შეეხება კიდევ ერთ დიდ ჯგუფს Renew Europe-ს, ამ ჯგუფში შემავალ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პოლიტიკურ ოჯახში საქართველოდან 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“,  რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ არცერთ პარტიულ ოჯახთან გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს.

„რამდენიმე ულტრამემარჯვენე დაჯგუფება დარჩება, რომელთაგან ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფში [„ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი] პოლონური პარტია „კანონი და სამართლიანობაა. ასევე არის უკიდურესად ულტრამემარჯვენე იდენტობა და დემოკრატია (ID) და მგონია, რომ აქ თავადაც არ გააწევრიანებენ ისინი „ქართულ ოცნებას“.

ასე რომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ დიდ პარტიულ ოჯახებში აფილირების გარეშე დარჩება. შემდეგ ვნახოთ, როგორ დალაგდება, თუ „ფიდესი“ [ვიქტორ ორბანის პარტია] ცალკე ჯგუფს შექმნის ან სადმე გაწევრიანდება, მაგის მიხედვით უფრო გამოიკვეთება [ვინ შეიძლება იყოს „ოცნების“ პარტნიორი]“, – აცხადებს ბიძინა ლებანიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი