„ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ცენტრში რჩება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის“, — განაცხადა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ევროპის სახალხო პარტიის“ წამყვანმა კანდიდატმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა, რომელიც მეორე ვადით იბრძვის ევროკომისიის პრეზიდენტობისთვის.
ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურის — კომისიის — ხელმძღვანელი, როგორც წესი, აირჩევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებიდან, რომელიც ყველაზე მეტ ადგილს მიიღებს პარლამენტში, მაშინაც კი, თუ მთავარი კანდიდატი არ არის პარლამენტარი.
მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) 1999 წლიდან არის დომინანტი ძალა ევროპაში და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ასეთად დარჩება 6-9 ივნისის არჩევნების შედეგებით.
მეორე ადგილს ინარჩუნებს მემარცხენე-ცენტრისტული, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D).
წინა არჩევნებთან შედარებით, ზრდა აქვთ მემარჯვენე პოპულისტურ ძალებს, დანაკარგები — ლიბერალებს (Renew Europe) და მწვანეებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტატუს კვო შენარჩუნებულია მეინსტრიმული პარტიების სასარგებლოდ.

ევროპარლამენტი 2024-2029 წწ. წინასწარი შედეგები
წინასწარი შედეგებით, ევროპარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება (ფრჩხილში მოცემულია სხვაობა წინა პარლამენტთან შედარებით):
- ევროპის სახალხო პარტია (EPP) – 190 (+14);
- სოციალ-დემოკრატები (S&D) – 136 (-3);
- განაახლე ევროპა (Renew Europe) – 80 (-22);
- ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR) – 76 (+7);
- იდენტობა და დემოკრატია (ID) — 58 (+9);
- მწვანეები/EFA – 52 (-19);
- მემარცხენეები (GUE/NGL) – 39 (+2);
- არააფილირებული დეპუტატები — 89 (+27).
ვინ ვინ არის?
ევროპარლამენტის არჩევნებში ამომრჩევლები ხმას აძლევენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ პარტიებს, რომლებიც მეტწილად გაერთიანებულნი არიან იმავე პოლიტიკური იდეოლოგიის საერთაშორისო პოლიტიკურ ოჯახში. მაგალითად, გერმანიაში კენჭისყრაში მონაწილეობენ „ქრისტიან-დემოკრატები“, რომლებიც ევროპარლამენტში წარმოდგენილნი იქნებიან „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფებში, ოლაფ შოლცის „სოციალ- დემოკრატიული პარტია“ კი – „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსში (S&D).
ევროპის სახალხო პარტია (EPP) — არის ყველაზე დიდი და უძველესი ჯგუფი ევროპარლამენტში. მიმდინარე არჩევნებში მან არათუ შეინარჩუნა ლიდერი პოზიცია, შედეგები გაიუმჯობესა ესპანეთსა და პოლონეთში გამარჯვებებით. EPP-ში შემავალმა „ქრისტიან დემოკრატებმა“ ხმათა 30% მიიღეს და პირველი ადგილი დაიკავეს გერმანიაში — ქვეყანაში, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე მეტი (96) მანდატი ერგება.
„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსის“ მდგომარეობა ევროპის პარლამენტში, საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად არ იცვლება. თუმცა მათ დიდი მარცხი განიცადეს გერმანიაში — ოლაფ შოლცის პარტია მესამე ადგილზე გავიდა „ქრისტიან-დემოკრატების“ და ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შემდეგ.
„განაახლე ევროპის” (Renew Europe) ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE), ევროპული დემოკრატიის პარტიას და ემანუელ მაკრონის „რენესანსს“, ყველაზე მეტი მანდატი დაკარგა. ეს ძირითადად განპირობებულია ემანუელ მაკრონის პარტიის მარცხით საფრანგეთში, სადაც ორჯერ მეტი ხმა აიღო მარი ლე პენის „ეროვნულმა ერთობამ“.
ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
„ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა“, — თქვა მან. ვადამდელი რომ არ დანიშნულიყო, საფრანგეთის მოქმედ პარლამენტს 2027 წლამდე უნდა ემუშავა.
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფმა საუკეთესო შედეგი აჩვენა იტალიაში, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით. ახალ პარლამენტში ECR-ს, სავარაუდოდ, ოთხით მეტი მანდატი ექნება.
ევროპარლამენტის არჩევნების ერთ-ერთი დამარცხებული არის მწვანეებისა და ევროპის თავისუფალი ალიანსის (EFA) ჯგუფი. გერმანიაში მწვანეების მხარდაჭერა 8.5%-ით შემცირდა — აღნიშნულს უკავშირებენ ეკოლოგიური პოლიტიკის ხარჯებს ამომრჩევლებისთვის.
„იდენტობა და დემოკრატიაში“ (ID) შედის საფრანგეთის არჩევნების ფავორიტი „ეროვნული ერთობა“, რომელსაც ამჟამად ჯორდან ბარდელა ხელმძღვანელობს. ID-ის წარმომადგენლობა პარლამენტში თითქმის ერთი ათეულით გაიზარდა.
მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მემარცხენეების ჯგუფის რიცხოვნობა, გაიზარდა ევროპარლამენტარების რაოდენობა, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ოჯახში არ ერთიანდებიან.
მემარცხენე და მწვანეთა პარტიებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს სკანდინავიის ქვეყნებში.
მემარჯვენე პოპულისტებმა, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის გარდა, შედეგები გაიუმჯობესეს ავსტრიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების და მათი ხელმძღვანელობის ფორმირება 10 ივნისიდან დაიწყება.
თუ პოპულისტური ძალები გაერთიანდებიან, შესაძლოა, მე-10 მოწვევის პარლამენტში ახალი, ულტრამემარჯვენე ალიანსიც გაჩნდეს, თუმცა მათ შორის განსხვავებების გამო ასეთი ერთობა სათუოა. მაგალითად, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფი „ატლანტისტურია“ და მისი ძირითადი პარტიები ემხრობიან უკრაინის დახმარებას მაშინ, როცა „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) ეწინააღმდეგება რუსეთის სანქციებს და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მოიაზრებოდა. თუმცა მარი ლე პენმა უკრაინის ომის შემდეგ პუტინისგან დისტანცირება სცადა, მისი ეროვნული საარჩევნო პროგრამა მოიცავდა რეფერენდუმის ჩატარებას იმიგრაციის კონტროლის კონსტიტუციაში ჩასაწერად, საჯარო სივრცეში თავსაბურავის ტარების აკრძალვას, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმუშევარი მიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრივატიზაციას, საწვავის, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას 20%-დან 5.5%-მდე და სხვა.
AfD ნაცისტური სენტიმენტების გამო გარიცხეს ID ჯგუფიდან. პოლიტიკური ჯგუფის გარეშე არის დარჩენილი ვიქტორ ორბანის Fidesz-იც, რომელმაც, პირველი ადგილზე გასვლის მიუხედავად, თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი შედეგი აჩვენა ევროპულ არჩევნებზე და ევროპარლამენტში უნგრეთისთვის განკუთვნილი 21-დან 11 ადგილი მოიპოვა. ორბანის მთავარმა კონკურენტმა, პიტერ მაგიარის პარტია Tisza-მ ხმების დაახლოებით 30% მიიღო.
ევროსპეტიკოსების წარმატებას სამომავლოდ იმედის თვალით უყურებენ კრემლში.
„ჩვენ ვხედავთ მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდის დინამიკას. ეს ჩანს შეუარაღებელი თვალითაც. მიუხედავად იმისა, რომ პროევროპელები ინარჩუნებენ ლიდერ პოზიციებს, უდავოა, რომ დროთა განმავლობაში მემარჯვენე პარტიები მათ წამოეწევიან“, — თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ჩეხეთის ლიბერალი, პროდასავლელი პრეზიდენტი პეტრ პაველი ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვალოს ევროკავშირის ძირითადი ორიენტაცია უსაფრთხოებაზე ან დემოკრატიაზე. თუმცა საჭიროდ მიიჩნევს ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერის ზრდის მიზეზებზე პასუხის გაცემასაც.
„ისიც მართალია, რომ უკიდურესმა მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს. ამიტომაც ეს შედეგი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მომდევნო ხუთი წლის ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობის უზრუნველსაყოფად ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების კვალიფიციური უმრავლესობა და 361 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
2019 წელს, სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალების მხარდაჭერით, მან მხოლოდ ცხრა ხმით შეძლო გამარჯვება. წინასაარჩევნო კამპანიისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიასთან (ECR) თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ტრადიციული მოკავშირეები დაკარგოს. არჩევნების პირველადი შედეგების შემდეგ კი ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ EPP უმრავლესობის შექმნას ისევ სოციალ-დემოკრატიულ და ლიბერალურ პარტიებთან შეეცდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს, გააგრძელოს მუშაობა „მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი“.