საზოგადოება

ანაკლიის პორტის ჩინური კომპანია სანქცირებულია აშშ-ში, სამინისტრო მანიპულირებს

30 მაისი, 2024 •
ანაკლიის პორტის ჩინური კომპანია სანქცირებულია აშშ-ში, სამინისტრო მანიპულირებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) სანქცირებულია აშშ-ში, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მანიპულაციურად უარყოფს.

აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აქვეყნებს სანქციების სამ სიას:

  • SDN (Specially Designated Nationals) სია, სადაც შეყვანილ პირებს და კომპანიებს ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება.
  • კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სია, რომელშიც შეყვანილი სუბიექტიები ექვემდებარებიან განსხვავებილ შეზღუდვებს (მაგალითად, ექსპორტის კონტროლი, იმპორტის აკრძალვა, სექტორულ სანქციებს კონკრეტული ინდუსტრიების მიმართ ან სხვა), რაც ჩვეულებრივ არ წარმოადგენს აქტივების სრულ ბლოკირებას.
  • დამატებითი სანქციების სიები.

ჩინური კომპანია იძებნება მეორე, სანქციების კონსოლიდირებულ (არა-SDN) სიაში.  ეს არ ნიშნავს, რომ CCCC-სთან თანამშრომლობით საქართველო არღვევს რამე საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, თუმცა SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

China Communications Construction Company (CCCC) არის მეტწილად ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ძირითადად ეწევა ინფრასტრუქტურის აქტივების დიზაინს, მშენებლობას და ექსპლუატაციას მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, რკინიგზების, აეროპორტების, საზღვაო პორტების ჩათვლით. CCCC იყო „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებში არაერთი პროექტის კონტრაქტორი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ China Communications Construction Company (CCCC) ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო გაფართოებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფართომასშტაბიანი გათხრების, ხელოვნური კუნძულების და სადავო ფორპოსტების მშენებლობისა და მილიტარიზაციის გზით. გარდა ამისა, CCCC მართავს პეკინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივას, რომელიც ჰპირდება ახალ ინფრასტრუქტურას განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ აწვდის „უხარისხო მშენებლობას, შრომის ბოროტად გამოყენებას, არამდგრად ვალსა და გარემოს ზიანს“.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ CCCC ახორციელებს ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებს მისი 34 შვილობილი კომპანიის მეშვეობით, რომლებიც ვაჭრობის დეპარტამენტმა ასევე დაამატა იმ ერთეულების სიაში, რომელთაც ეკრძალებათ ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

„CCCC-ის გამანადგურებელი საქმიანობა ვრცელდება სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმა. როგორც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ წამყვანი კონტრაქტორები, CCCC-ის შვილობილები ბრალდებული არიან ყველაფერში, ქრთამის აღებიდან და უხარისხო მშენებლობიდან დაწყებული, მუშების ექსპლუატაციამდე. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით, CCCC რეგულარულად აფერხებს ყველა კონკურენტს და არ ექვემდებარება გამჭვირვალობის ან ანგარიშვალდებულების საერთაშორისო სტანდარტებს“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აშშ ხაზს უსვამს, რომ:

  • ფილიპინებში გზის პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა 2009 წელს აკრძალა CCCC-ის მონაწილეობა გზებისა და ხიდების პროექტებიდან რვა წლის განმავლობაში;
  • ბანგლადეშმა 2018 წელს აკრძალა CCCC შვილობილი კომპანია China Harbor Engineering Company ხელისუფლების მოხელეების მოსყიდვის მცდელობისთვის, რათა მოეპოვებინა ხელსაყრელი პირობები მთავარ საგზაო პროექტზე;
  • იმავე წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC-ის სარკინიგზო პროექტი კორუფციის გამო;
  • 2018 წელს CCCC-ს შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation კენიაში დაადანაშაულეს, რომ ადგილობრივ მუშახელს ჩინელი მუშახელის ანაზღაურების მესამედს უხდიდნენ;
  • ეკვადორში CCCC-ის შვილობილ ma კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, მაგრამ ადგილობრივმა საინფორმაციო გამოშვებებმა განაცხადეს, რომ წლების მშენებლობის შემდეგ, კამპუსის ობიექტების 80%-ზე მეტი გამოუსადეგარია სტრუქტურული ჩავარდნების გამო.

ვაშინგტონში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, C4ADS-ის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე,  ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა მილიარდების ინვესტიცია მოახდინეს პორტებში მთელი მსოფლიო მასშტაბით, რათა მიიღონ წვდომა კრიტიკულ წყალსადენებზე.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ „ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება“, შემდეგ კი დასძენს, რომ 2020 წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ Entity List-ში.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან დაკავშირებით. უპირველესად, გვსურს განვმარტოთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება. აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზირებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას.

China Communications Construction Company Limited არის იმ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წამყვანი წევრი კომპანია, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში წარმოადგინა წინადადება – კონსორციუმთან უახლოეს პერიოდში დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმების, ასევე, საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება…

2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ Entity List-ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ. “Entity List”ში მითითებულ კომპანიებთან. შესაბამისად, ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას – შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე, ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან“, — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ China Communications Construction Company Limited წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (გზები, პორტები, სასტუმროები, ენერგეტიკა, მეტალურგია, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ა.შ.).

რაც შეეხება კონსორციუმის მეორე წევრს China Harbor Investment LTD-ს, უწყების ცნობით, ის სინგაპურში რეგისტრირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას პორტებში, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კომპანია ასევე სპეციალიზირდება სანავსადგურე ოპერაციებში.

სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმის ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი, ასევე უმსხვილესი ჩინური კომპანია China Road and Bridge Corporation, 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, მოგებული აქვს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსების ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები. მისი სამშენებლო საქმიანობის ინტერესს წარმოადგენს პორტები, გზები, ხიდები, სანავიგაციო არხები და ა.შ. კომპანია ასევე ახორციელებს მექანიკური აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების წარმოებას, გააჩნია ოფისი მსოფლიოს 60 ქვეყანაში.

უწყების ინფორმაციით, 5 უმსხვილეს ჩინურ პორტს მართავს კონსორციუმის კიდევ ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანია Qingdao Port International Co., Ltd, მათ შორისაა ცინდაო ციანვანის პორტის არეალი, ჰუანგდაოს ნავთობტერმინალი, დონჯიაკუს პორტის არეალი, დაგანგის პორტის არეალი და ვეიჰაის პორტის არეალი. ჯამში, კომპანია ოპერირებს 86 ნავმისადგომს, მათ შორის 25 საკონტეინერო ნავმისადგომს, 14 მეტალის და ქვანახშირის ნავმისადგომს, 17 ნავთობტერმინალს, 30 უნივერსალურ ნავმისადგომს. კომპანიას გააჩნია 6 ძირითადი მიმართულება: კონტეინერები, მშრალი ტვირთი, თხევადი ტვირთი, ლოგისტიკა, ასევე, დამხმარე და ფინანსური სექტორები.

„ეს არის პარტნიორი კონსორციუმის მოკლე რეზიუმე, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ააშენებს და განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. რაც შეეხება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობა ხელშეკრულებას აფორმებს კონსორციუმთან, რომლის წამყვანი თუ ქვეკონტრაქტორი კომპანიები არიან დასანქცირებული, მათ შორის, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მიერ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წარმოდგენილი განაცხადისა და შესწავლის ეტაპზე, წინადადებების წარმომდგენი კომპანია არ ირიცხება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში“, — აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) შეირჩა.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია და გამარჯვებული ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

მისი თქმით, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული იყო ორი კომპანია: შვეიცარულ-ლუქსემბურგული T.I.L Holding S.A და ჩინურ-სინგაპურული China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), თუმცა 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.

კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმი შეირჩა

მასალების გადაბეჭდვის წესი