ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინური კონსორციუმი შეირჩა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია და გამარჯვებული ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
მისი თქმით, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული იყო ორი კომპანია: შვეიცარულ-ლუქსემბურგული T.I.L Holding S.A და ჩინურ-სინგაპურული China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), თუმცა 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.
„უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამოვავლენთ გამარჯვებულს უახლოეს რამდენიმე დღეში“, — განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჩინური კონსორციუმის მიერ წარმოდგენილია სრულყოფილი წინადადება და შესაბამისი საბანკო გარანტიები.
„უახლოეს დღეებში დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება“, — აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ჩინური კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები, დავითაშვილის თქმით, China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd არიან.
„მინდა გითხრათ, რომ Qingdao Port ტვირთბრუნვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია მსოფლიოში და მისი მმართველი კომპანია კონსორციუმის წევრია“, — განაცხადა ლევვან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია „ანაკლიის ღრაწყლოვანი პორტი“, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ.
მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე- ასევე ჩინეთიდან.თუმცა გასულ წელს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე განცხადა, რომ ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მათ შორის ანაკლიის პორტით. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით მათ არ გამოუხატავთ.
კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
