საზოგადოება

ქართველები და აზერბაიჯანელები – მეგობრული, მაგრამ უცხო მეზობლები

16 ოქტომბერი, 2015 •
ქართველები და აზერბაიჯანელები – მეგობრული, მაგრამ უცხო მეზობლები

“თუმცა, ბოლოს ჩვენმა სიყვარულმა ოჯახების წინააღმდეგობას სძლია,“ – ამბობს ის. მან აზერბაიჯანელ მურაზთან ერთად ოჯახი შექმნა. თავიდან ორივე მათგანის მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ.

მსხალდიდი
მსხალდიდი

„ქორწინების თაობაზე რჩევა არავისთვის გვიკითხავს. ერთმანეთი გვიყვარდა და სახლიდან გავიპარე. თავიდან მამამთილიც კი ჩემს ქმარს ჩემზე ეუბნებოდა, ეს გოგო რძლად არ გამოგვადგებაო. ყველაზე მეტად მამიდა იყო წინააღმდეგი. ახლა ურთიერთობები დალაგდა და ბედნიერები ვართ,” – ამბობს სიონი.

 

საქართველოში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, როგორც წესი, ქართველ ქალებთან  ოჯახს არ ქმნიან. მსხალდიდში სიონის და მურაზის ქორწინება გამონაკლისი იყო  – სოფლის ყველა მკვიდრს ოჯახში თავისი ეროვნების რძალი ჰყავს. ეთნიკური აზერბაიჯანელები რძლის არჩევისას ნათესავების ან მეზობლის ქალიშვილს ანიჭებენ უპირატესობას. მსხალდიდში აზერბაიჯანიდანაც კი ჰყავთ რძლები.

 

სიონი ამბობს, რომ ქორწინების პირველ პერიოდში მათ მიმართ კარგი დამოკიდებულება თანასოფლელებსაც არ ჰქონდათ. იყვნენ არა მხოლოდ ისეთები, რომელთაც მისი ოჯახის წევრების მსგავსად ამ ქორწინების სიმტკიცის არ სჯეროდათ, არამედ ისეთებიც, რომლებიც ქართულ-აზერბაიჯანული ოჯახის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

 

სიონი, მას შემდეგ, რაც მურაზის ცოლი გახდა, აზერბაიჯანული წეს-ჩვეულებების გათავისებას ცდილობდა: „ახალ ცხოვრებასთან შეგუება თავიდან ძალიან რთული იყო. სოფელში ადამიანებთან საუბარი მინდოდა, ბევრი მათგანი კი ჩემთან ურთიერთობას გაურბოდა. თან აქ მეზობლებმა ქართული ენა კარგად არ იციან. მე ქალაქში ვცხოვრობდი. სოფელში ცხოვრება, საქონლის მოვლა ჩემთვის სიახლე იყო. აქ ქორწილებიც სხვანაირია, მაგრამ საინტერესო. მე მუსლიმი არ ვარ, მაგრამ ოჯახის ტრადიციებს და მათ რელიგიას პატივს ვცემ და მსხვერპლშეწირვისა და რამადანის დღესასწაულებზე მაგიდას ვაწყობ.“

 

თანასოფლელების მსგავსად, სიონი ახლა შინაურ საქონელსაც უვლის, ყველიც ამოჰყავს და მაწონსაც ადედებს.

 

სოფელ მსხალდიდში მცხოვრები მარინა აბბასოვა აცხადებს, რომ მის ორივე ვაჟს ცოლად ეთნიკური აზერბაიჯანელი ჰყავს. უმცროსი შვილის ქართველი გოგოსადმი სიყვარულს წინ აღუდგა. ამბობს, რომ ქართველ რძალს მათი ტრადიციებთან და ადათ-წესებთან შეთავსება ძალიან გაუჭირდება: „ორივე რძალი ჩვენი ეროვნებისაა. მე არ ვისურვებდი ოჯახში ქართველი ქალის შემოსვლას. უმცროს ბიჭს ასეთი განზრახვა ჰქონდა. ჩვენ ქართველებს ვერ ვეწყობით. ტრადიციები  და რელიგია განსხვავებული გვაქვს. ოჯახში, სადაც ყველა მუსლმია, ქრისტიანი პატარძალი არ გამოვა.“

 

სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები ამბობს, რომ ქართველებთან ურთიერთობა ძირითადად ბაზარში, საქონლის ყიდვა-გაყიდვისას აქვთ. მათმა უმეტესობამ ქართული კარგად არ იცის.

სოფელ მსხალდიდის მცხოვრები
სოფელ მსხალდიდის მცხოვრები

მსხალდიდისგან განსხვავებით, თბილისში, განსაკუთრებით ძველ უბნებში, წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდი-გვერდ მცხოვრები აზერბაიჯანელები და ქართველები ერთმანეთთან კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. ასეთ უბნებში ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე ენაზე – ქართულად, აზერბაიჯანულად, სომხურად და რუსულად იმდენად თავისუფლად საუბრობენ, რომ ვინ რომელი ეროვნების წარმომადგენელია, ვერ გაარჩევთ. მიუხედავად ამისა, შერეულ ოჯახებს აქაც იშვიათად შეხვდებით.

 

„აზერბაიჯანელები ძალიან კარგი ხალხია, ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი მეგობარი მყავს. მაგრამ ქალის აზერბაიჯანელზე გათხოვება ვერ წარმომიდგენია. მენტალიტეტი, რწმენა განსხვავებული გვაქვს, ვერ შევეწყობით. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი დაოჯახებულია, მაგრამ ხანდახან მეგობრებთან ერთად კაფეში მიდის. ქმარი აზერბაიჯანელი რომ ჰყოლოდა, ეს მისთვის მიუღებელი იქნებოდა,“ – ამბობს თბილისში მცხოვრები 57 წლის მიხეილი.

 

„ეკო რენესანსის“ საჯარო კავშირის წევრი აიდან იუსიფლი აცხადებს, რომ წლებია, აზერბაიჯანელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას აკვირდება. იუსიფლი მიიჩნევს, რომ მთავარი დაბრკოლება სტერეოტიპია, რომელიც ორივე მხარეს თანაბრად აქვს.

 

„ერთ-ერთი მიზეზი ენის ბარიერია. ქართული ენის არცოდნის გამო აზერბაიჯანელები ქართველებს ძირითადად რუსულ ენაზე ესაუბრებიან. ამ ორი საზოგადოების ერთმანეთისგან განმაცალკევებელი  ფაქტორია რელიგიაც. აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან და ქართველებივით ალკოჰოლურ სასმელს არ სვამენ. ამასთან, ჩვენი ქალები ფიქრობენ, რომ ქართველი ქალები მოწესრიგებული არიან. ქართველები აზერბაიჯანელების განათლებისა და წიგნიერების მიმართ ინტერესს არ იჩენენ, არ ცდილობენ, მათ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარონ. მსგავსი მიზეზები და სტერეოტიპები ორივე ეროვნების დანათესავებისთვის დიდი ბარიერია.“

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზაურ დარგალის თქმით, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის საკითხს ძირითადად სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები ბევრი პრობლემის გამო საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩნენ. ამ პრობლემებს სხვადასხვა ფაქტორები უძღვოდა წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგნლებმა სახელმწიფო ენა არ იციან. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ  ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის მიზნით ეროვნული კონცეფციის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა მოამზადა.“

 

ზაურ დარგალი აღიარებს, რომ ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის მხრივ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. ამ მიზნით 2015-2020 წლებში კიდევ ერთი სამოქმედო გეგმა უნდა განხორციელდეს. ამ გეგმაში განათლების პროექტებს ფართო ადგილი დაეთმობა.

 

სიონიმ და მურაზმა მრავალი წინააღმდეგობა და შიში უკან მოიტოვეს. ახლა მათ უკვე ორი წლის ბიჭი ჰყავთ. მალე მეორე შვილსაც ელოდებიან. უკვე აზერბაიჯანულად მოსაუბრე ქართველი რძალი ოჯახის წევრებს ქართულს ასწავლის. ოჯახის წევრებს სურთ, რომ ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ და  იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, ქართულენოვან სკოლაში ისწავლონ.

სოფრლი მსხალდიდი
სოფრლი მსხალდიდი

 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი