ახალი ამბებისაზოგადოება

“კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია” – საფრანგეთის ელჩი რუსულ კანონზე

16 აპრილი, 2024 •
“კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია” – საფრანგეთის ელჩი რუსულ კანონზე

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

“საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა და ცხადია, ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ის კანონი, რომელიც მას უნდა.

მე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ მივესალმებით საქართველოს შემოსვლას ევროპულ ოჯახში. ეს თქვენ კარგად იცით. როგორც მეგობრები საქართველოსი, ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, გეუბნებით, რომ კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. ასე რომ, საქართველოს გადასაწყვეტია”, – განუცხადა საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტებს გორში ვიზიტისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებდა თუ არა ელჩი პრემიერ-მინისტრისგან გამოწვევას დებატებში მონაწილეობაზე, ელჩმა გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისა და ხალხის მისაღებია და “მოლაპარაკებებში” მონაწილეობა მას არ ეკუთვნის.


“ქართულმა ოცნებამ” ერთი წლის წინ დადებული პირობა დაარღვია და რუსული კანონი, რომელიც შარშან, ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, მეორე მოსმენაზე ჩააგდეს, წელს ხელახლა დააინიციირა.

დღეს, 16 აპრილს ეს კანონი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება. პარალელურად, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ პარლამენტთან უწყვეტი აქციები მიმდინარეობს.

აქცია დაგეგმილია დღეს საღამოსაც – 16 აპრილს, 19:00 საათზე

„ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი