საზოგადოება

შარლ მიშელი რუსულ კანონზე: პირდაპირ ვიტყვი, ის დააშორებს საქართველოს EU-სგან

16 აპრილი, 2024 •
შარლ მიშელი რუსულ კანონზე: პირდაპირ ვიტყვი, ის დააშორებს საქართველოს EU-სგან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კანონპროექტი შესაბამისობაში არაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და მისი მიღება დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან:

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ გასულ დეკემბერს მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ნება მომეცით, პირდაპირ ვთქვა, კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის შესაბამისობაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებასთან და მისი გაწევრიანების ტრაექტორიასთან. დაახლოების ნაცვლად ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირსგან“ — წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.

რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი