საზოგადოება

12:00-ზე პარლამენტის უკან, 19:00-ზე პარლამენტის წინ – რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება

16 აპრილი, 2024 • 505
12:00-ზე პარლამენტის უკან, 19:00-ზე პარლამენტის წინ – რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება

დღეს, 16 აპრილს პარლამენტთანრუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც, სავარაუდოდ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

“საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. რუსული კანონის განხილვით ხელისუფლება კონსტიტუციას ღალატობს და ევროკავშირს გვაშორებს […] ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს! რუსულ კანონს ვერ მიიღებთ!”, – ვკითხულობთ აქციის აღწერაში.

რუსული კანონი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მიიღო უწყვეტი აქციის ფონზე. დღეს დაგეგმილია მისი პირველი მოსმენით მიღება პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც გუშინ, დღესაც, პარლამენტში შესვლის უფლება არ აქვთ რადიოს,  ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს და არგუმენტად თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებას იშველიებენ, რომლის შესაბამისად, შენობაში გამოცხადებულია ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე. ეს ნიშნავს, რომ ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ. თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვერ ასაბუთებს, რა საფრთხე შეიძლება შექმნან აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა.

მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ მოქალაქეები რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გუშინ, 15 აპრილსაც. აქცია დილით, 10:00 საათზე, კომიტეტის დაწყებამდე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

საღამოს, 19:00 საათიდან, ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებისთვის პარლამენტთან უკვე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილს, აქციაზე, ჯამში, 14 ადამიანი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავდა ერთი პოლიციელი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი