ახალი ამბები

შსს-ს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულია 14 პირი

16 აპრილი, 2024 • 635
შსს-ს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მიუთითებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 14 ადამიანი დააკავეს, ერთი პოლიციელი კი დაშავდა.

“სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც და მოუწოდა შსს-ს, რომ არ შეეშალა ხელი შეკრების მონაწილეებისთვის აქციის მშვიდობიანი ხასიათის გამო.

პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა “რუსული კანონის“ მიღების მცდელობის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები გვიან ღამემდე არ იშლებიან. პარლამენტთან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დილიდან განიხილავდნენ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“ — აცხადებს შსს.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი