საზოგადოება

რუსული კანონის განხილვა სესიაზე გაგრძელდება — ამჯერადაც ონლაინ მედიის გარეშე

16 აპრილი, 2024 •
რუსული კანონის განხილვა სესიაზე გაგრძელდება — ამჯერადაც ონლაინ მედიის გარეშე

დღეს, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

პარალელურად, პარლამენტის გარეთ 12 საათზე დაიწყება პირველი საპროტესტო აქცია, მეორე აქცია კი საღამოს, 19 საათზე გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

15 აპრილის მსგავსად, პარლამენტში მიმდინარე პროცესების გაშუქების საშუალება ექნებათ მხოლოდ ტელევიზიებს. ბეჭდურ და ონლაინ მედიას შენობაში შესვლა დღესაც აუკრძალეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით 15 აპრილს მხარი დაუჭირა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონს.

15 აპრილს პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართებოდა, საღამოს კი აქცია უფრო მასშტაბური გახდა და ვითარებაც დაიძაბა.

პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული.

პარლამენტთან შეკრებილნი იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესული ადამიანები, ოჯახები ბავშვებით.

რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. კომიტეტის სხდომიდან გააძევეს არაერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავე კითხვების დასმისთვის, გარდა ამისა, მათ უთიშავდნენ მიკროფონს „რუსული კანონის“ ხსენებისთვის.

რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი