საზოგადოება

ევროკავშირის ელჩი: ეს კანონი არც ევროპულია და არც ამერიკული

11 აპრილი, 2024 • 857
ევროკავშირის ელჩი: ეს კანონი არც ევროპულია და არც ამერიკული

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, წინააღმდეგობაში მოვა ევროპულ ღირებულებებთან და ნორმებთან, რის გამოც ევროკომისიისთვის რთული იქნება, წლის ბოლოსკენ დადებითად შეაფასოს მის მიერ გადგმული ნაბიჯები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელი პირობაა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს კანონი არც ევროპულია და არც ამერიკული.

“ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული. ლეგიტიმური წუხილები გამჭვირვალობაზე არ უნდა იყოს გამოყენებული საბაბად სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგამტიზირებისთვის. მედიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება არის აბსოლუტურად არსებითი რამ ნებისმიერი დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით კი, საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მარტივად, ეს კანონი არ არის OK.

ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისაგან მოვისმინეთ ხმამაღლა და მკაფიოდ. მესმის, რომ არსებობს წუხილები [ხელისუფლებაში] გამჭვირვალობაზე, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც, რათა უზრუნველყოფილ იქნას გამჭვირვალობა. ჩვენ ყველა ვუჭერთ მხარს გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს იმის ხარჯზე, რომ შეეზღუდოთ შესაძლებლობები იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქართველი ხალხის სასიკეთოდ”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

მან ვრცლად ისაუბრა იმ გზაზე, რომელსაც ამჟამად საქართველო გადის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ყურადღება გაამახვილა  რეკომენდებულ 9 ნაბიჯზე, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყება და გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება.

“გზავნილი, რომელიც ჩვენგან მოდის, არის შემდეგი: დრო იწურება. ყველა ინგრედიენტი აქაა საქართველოსთვის, რომ განახორციელოს პროგრესი და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და გახსნას მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად.  9 ნაბიჯი უნდა განხორციელდეს დროის ისეთ მცირე მონაკვეთში, როგორშიც ეს შესაძლებელია. აჩქარება გვჭირდება”.

მან ასევე მიანიშნა, რომ რჩება “ღია საკითხები” ბრიუსელსა და თბილისს შორის, რაც საჭიროებს დისკუსიას და უკეთ გაგებას და ამის შემდეგ ახსენა ე.წ. რუსული კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება აანონსებს.

მას ჰკითხეს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის ბრალდებებზე, რომ დასავლური ფონდები საქართველოში აფინანსებდნენ პოლიტიკურ ჯგუფებსაც სამოქალაქო საზოგადოების საფარქვეშ.

ელჩის თქმით, ცნობილია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები წარადგენენ საგადასახადო დეკლარაციებს და დოკუმენტებს.

“ჩვენ [ევროკავშირს] არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენ გავხსენით კარი საქართველოსთვის, რომ გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, ველოდებით, საქართველო შემოუერთდეს ჩვენს მაგიდას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს მომენტი მალე დადგება. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს უფრო დემოკრატიული და სამოქალაქო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიაში”, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ევროკავშირის მხრიდან წევრობის კარის გახსნა ისტორიული გადაწყვეტილება იყო, ახლა კი საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი და რა გზას დაადგება ქვეყანა, მისი ასარჩევია.

“ეს კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, რომ ამ კონტექსტში გააკეთოს პოზიტიური შეფასება [საქართველოზე], თუ ამ კანონს მიიღებენ. მაგრამ, მე როგორც მესმის, ეს [კანონი ხელისუფლების] შეთავაზებაა და იქნება დისკუსიები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე კვირას და შესაძლოა თვესაც და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გამოინახება გზები, რათა უზრუნველვყოთ გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, გარიყვისა და მარგინალიზაციის გარეშე”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების ანგარიშში შეაფასებს, როგორ ასრულებს საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რის შემდეგაც დაწერს დადებით ან უარყოფით დასკვნას. ამის საფუძველზე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანოს თუ არა საქართველო გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე, რასაც მოლაპარაკებების გახსნა ჰქვია.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

„ქართული ოცნება“ კანონს ამერიკული FARA-ს ანალოგად ასახელებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი