საზოგადოება

შოთა შალელაშვილის ცოლი ტელევიზიას ხსნის

5 აპრილი, 2024 • 7761
შოთა შალელაშვილის ცოლი ტელევიზიას ხსნის

„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ცოლმა, ირა ფიჩხაძემ, ტელე-რადიოკომპანია „ტვ 24“ იყიდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ არაერთ ცნობილ ჟურნალისტთან.

ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ ვიქტორ მეძმარიაშვილისგან 50 ათას დოლარად იანვრის ბოლოს შეიძინა. ამჟამად „ტვ 24-ის“ დირექტორიც ირა ფიჩხაძეა. ტელევიზია საცდელ მაუწყებლობის დაწყებას აპრილის ბოლოს გეგმავს.

შოთა შალელაშვილი არის პარტიის „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. როგორც პარლამენტის დეპუტატს, შოთა შალელაშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2020 წელს აქვს შევსებული. აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მის საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე მილიონი ლარი იყო. ასევე, ის ფლობდა რამდენიმე მილიონის უძრავ ქონებას საქართველოში, ისრაელსა და რუსეთში.

როგორც შოთა შალელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მისმა ცოლმა ტელევიზიის ყიდვის გადაწყვეტილება თავად მიიღო იმის გამო, რომ ქვეყანაში „ობიექტური ტელევიზია არ არსებობს“.

„კანონით აკრძალული აქვს პოლიტიკოსს, რომ რაღაც გეგმები ჰქონდეს ტელევიზიასთან დაკავშირებით. ჩემმა მეუღლემ შეიძინა, ახლა ავითარებს და ვნახოთ, სად გაგვიყვანს. ჩემი მეუღლე ძალიან ჭკვიანი ადამიანია და უყურებს, ქვეყანაში რაც ხდება.

ქვეყანაში არ არსებობს ობიექტური ტელევიზია, ადამიანები ვერ იგებენ, სად არის სიმართლე – თუ გადართავენ სახელისუფლებო ტელევიზიაში, მონტე კარლოში ვცხოვრობთ, თუ აქეთ გადმორთავენ და მეზობელმა საჩხერეში ვიღაცის მაისური მოიპარა, ეს არის ოპოზიციურ ტელევიზიების გაშუქება. გასაშუქებელი კარგი კარგად უნდა გაშუქდეს, ცუდი- ცუდად. ობიექტური უნდა იყოს ტელევიზია“, —ამბობს შოთა შალელაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

შოთა შალელაშვილის თქმით, თავისი ოჯახის წევრის მიერ ტელევიზიის შეძენა მის პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირდება.

„მე მოვუწონე მას ეს იდეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ გამო გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.  ტელევიზიის ინტერესი მეც მაქვს დღეს, როდესაც ჩვენ არ გვაშუქებენ და არსად არა ვართ, რადგან ფიქრობენ, რომ სატელიტი ვართ. თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში [არ ვაპირებთ] და არც შეიძლება, რომ ჩვენი გაპიარებისათვის გამოვიყენო ეს ტელევიზია.

ეს იქნება ობიექტური ტელევიზია, რომელიც საზოგადოების სადარაჯოზე იქნება, რომელიც საზოგადოებას მიაწოდებს სწორ,  გადამოწმებულ ინფორმაციას და არა იმას, რასაც დღეს ვუყურებთ ტელევიზიებში“, — ამბობს შოთა შალელაშვილი.

როგორ შოთა შალელაშვილი ამბობს, არც ის და არც მისი ცოლი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებენ.

შალელაშვილის თქმით, მისი ცოლი ტელევიზიის მართვას არ აპირებს და დირექტორის პოსტს ისეთ ადამიანს გადააბარებს, რომელსაც მედიის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ალბათ, ბორდს შექმნის და გენერალურ დირექტორს დანიშნავს. საერთოდ არც ერთი თავის დამფასებელი ჟურნალისტი ბრძანებებს არ შეასრულებს და ჩემი მეუღლე არც აპირებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას“, — ამბობს შოთა შალელაშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი, ვისთან თანამშრომლობაც განიხილება, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნანა ლეჟავაა. ნეტგაზეთი ამ საკითხზე თავად ნანა ლეჟავასაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„[ნანა ლეჟავასთან] გვქონდა მოლაპარაკება თანამშრომლობაზე, მაგრამ დასრულებული არ არის. თანამდებობებზე არ გვისაუბრია, მთავარია, ჯერ შემოვიდეს და დაიწყოს მაუწყებლობა, მაგრამ ბოლომდე მოლაპარაკებულები არა ვართ“, — ამბობს შოთა შალელაშვილი.

შოთა შალელაშვილის თქმით, დასაწყისში ტელევიზიას 50-მდე თანამშრომელი ეყოლება და თუ შესაბამისი რეიტინგიც ექნება, ტელევიზია საცდელი მაუწყებლობის შემდეგ არსებობას გააგრძელებს.

„ჩვენ არ მოვდივართ როგორც CNN და BBC. ჩვენ მოვდივართ პატარა ტელევიზიით, პატარა შესაძლებლობებით. თქვენ იცით, როგორ მდიდარიც არ უნდა იყო, ტელევიზიის შენახვა როგორი ძვირი ჯდება და თუკი ეს კომერციულად არ იქნება მომგებიანი, შეიძლება, ის ბედი გაიზიაროს, რაც დანარჩენმა პატარა ტელევიზიებმა….

ეს [მაუწყებლობის გაგრძელება] დამოკიდებულია იმაზე, როგორი თანამშრომლები გვეყოლება,  როგორი სარედაქციო პოლიტიკა იქნება, როგორ მოიკიდებენ ბაზარზე ფეხს,  ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუ ტელევიზიას პერსპექტივა არ გაუჩნდა, თუ მოთხოვნადი არ იქნება, აზრი რა არის [მაუწყებლობის გაგრძელების?]

სამწუხაროდ, იმის იმედი არ მაქვს, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება ხელს შეგვიწყობს ამაში. შეიძლება, პირიქით, ბევრი რაღაცაში ხელი შეგვიშალოს და ეს გასათვალისწინებელია.

შეიძლება ყურებადი იყოს  და რეკლამები ვერ მოიტანოს, მაგრამ თუ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება და, დავუშვათ, იქნება „იმედსა“ და „რუსთავი 2-ს“ შორის, ან „იმედსა“ და „ტვ პირველს“ შორის შუა რეიტინგებში, ტელევიზია არცერთ ვარიანტში არ დაიხურება. თუ ტელევიზიას 100 კაცი არ უყურებს, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას?“ — ამბობს შოთა შალელაშვილი.

მისი თქმით, თუ საზოგადოებისთვის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა იქნება მისაღები და მიმზიდველი, შემდეგ ეტაპზე მისი სამაუწყებლო ბადე დაიხვეწება.

მასალების გადაბეჭდვის წესი