ახალი ამბებისაზოგადოება

„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თავისი პარტიით არჩევნებისთვის ემზადება — რა სურს შალელაშვილს

5 აპრილი, 2024 • 1734
„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თავისი პარტიით არჩევნებისთვის ემზადება — რა სურს შალელაშვილს

„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

შოთა შალელაშვილი ამჟამად პარტიის – „თაობები საქართველოსთვის“ — თავმჯდომარეა, რომელიც გასულ წელს დააფუძნა.

ნეტგაზეთი შოთა შალელაშვილს მის პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა.

რატომ  გააქტიურდა პოლიტიკაში?

შოთა შალელაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა და უბრალოდ, ჩაბმული არ იყო აქტიურ პოლიტიკაში. მისი თქმით, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ხედავს, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას.

როგორც შოთა შალელაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის ბოლო მცდელობა 2019 წელს ჰქონდა. ახლა კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი „მისი გარემოცვის და მისი სურვილების“ მძევალია, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს.

შალელაშვილის თქმით, ახლა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან დაკავშირებაც რომ სცადოს, თავად ივანიშვილისთვის არ იქნება საინტერესო მასთან კომუნიკაცია, რადგან ის გამოსავალს არ ეძებს.

„მე დავტოვე „ქართული ოცნება“ და არც ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას.  2020 წელს რატომღაც მეგონა, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერი იქნებოდა და  თუ ხელისუფლებას ვერ გაუშვებდნენ სახლში, რაღაც გავლენა ექნებოდათ. ოპოზიციამ მოლოდინიც ვერ გააჩინა, რომ ქვეყანაში რამე  შეიცვლებოდა. არ შემიძლია გულგრილად ვუყურო ისევ ამ ჭაობში დარჩენას კიდევ ოთხი წლით და შემდეგ ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი წლით.  ამან განაპირობა [პოლიტიკაში გააქტიურება]“, — ამბობს შოთა შალელაშვილი.

შოთა შალელაშვილის თქმით, მის მიერ დაფუძნებული პარტია — „თაობები საქართველოსთვის“ — იდეოლოგიურად უფრო მემარჯვენე ცენტრისტულია და მისი საგარეო ვექტორი პროევროპულია.

„დღეს იდეოლოგიურად ზღვრები წაშლილია. მემარცხენეს და მე მემარჯვენეებს შორის დიდი არაფერი სხვაობა არაა, მაგრამ იდეოლოგიურად ჩვენი გზა, ჩვენი ვექტორი არის ევროპა, დამოუკიდებელი ინსტიტუტებით და თავისუფალი სასამართლოთი.  დღეს ბევრი იძახის, რომ ევროპაში უნდა, მაგრამ ევროპამდე მისვლის ჩვენი გზები იქნება არასტანდარტული, განსხვავებული და მოქალაქეებისთვის მისაღები.

ჩვენ ნათლად დავუხატავთ მოქალაქეებს და მოდულირებას მოვახდენთ, თუ როგორი იქნება ჩვენი საქართველო[…] არა მარტო მიდგომებით იქნება განსხვავებული, ჩვენ გუნდით, რომელსაც შეუძლია და იცის, რა უნდა აკეთოს და არა აბსტრაქციული დაპირებებით, რომლითაც უკვე ოცდაათი წელია ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ. ჩვენ გვექნება რეალური დაპირებები და გვეყოლება რეალურად საქმის მკეთებელი ადამიანები, რომელთაც იციან, რა და როგორ უნდა აკეთონ“ ,— ამბობს შოთა შალელაშვილი.

მისივე თქმით, პარტიის ყრილობა 15 მაისს იგეგმება და არ არის გამორიცხული, რომ იქ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც ვიხილოთ.

როგორ ხედავს საარჩევნო სტრატეგიას?

შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროევროპული ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა საჭირო. თუმცა ამ გაერთიანებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოიაზრებს. როგორც შალელაშვილი ამბობს, საჭიროა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა მესამე ცენტრი გაჩნდეს.

„თავისი ამბიციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს.  არსებობს 25-30%-იანი ნიშის რესურსი, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარებაში.  ოპოზიციური პარტიებიდან ვინც ამაზე არ იზრუნებს, მე პირადად ჩავთვლი, რომ მიყიდულები არიან „ქართულ ოცნებას“ და თავიანთ ფანტაზიაში ამყოფებენ ხალხს და თავიანთ პარტიას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს ამ ეტაპზე“ ,— ამბობს შოთა შალელაშვილი.

მისი თქმით, საუბრები სხვადასხვა პარტიასთან აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მათ არ აკონკრეტებს.

„ახლა ეს თემა იმდენად ფაქიზია, ყველა გვთხოვს, რომ ჯერ არ გავაჟღეროთ, ვისთან როგორი მოლაპარაკებები მიდის, რადგან არავინ არ იცის, სად აღმოჩნდება და როგორი გადალაგება იქნება. მეტ-ნაკლებად ყველასთან ვსაუბრობთ, ვისთანაც კი შეიძლება და ვისაც სურვილი აქვს[…]

თანამშრომლობა და გაერთიანება სხვადასხვაა. გაერთიანება  არავის პლატფორმაზე  არ უნდა იყოს. საერთო ნომრით უნდა იყოს ტექნიკური ბლოკი, არც ნიკა მელიას გაერთიანება იქნება და არც ხაზარაძის. საერთო გაერთიანებაში გავერთიანდები ოპოზიციასთან, იმ  მესამე ძალასთან, რომელიც შეიქმნება. ამაში იქნებიან ხაზარაძეც, მელიაც, გახარიაც… თუმცა გახარიას საწინააღმდეგო აქვს გაცხადებული[…]

გახარიას თვითონ აქვს გაცხადებული, რომ არავისთან აწარმოებს მოლაპარაკებას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას. თუ მიზიდულობის ცენტრიც უნდა, რომ გახდეს, რას ნიშნავს არავისთან არ გავერთიანდები? მე ვფიქრობ, რომ ცდება. ისიც ვერ გავიგე, მას არ უნდა გაერთიანება დიდ გაერთიანებაში, მაგრამ მასთან გაიერთიანებს პატარ-პატარა პარტიებს? გამსხვილება უნდა? ესეც არ ვიცით“, — ამბობს შოთა შალელაშვილი.

ამასთან, შალელაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობა დადგა, ის „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შეკვრაში არ დაეხმარება.

„ჩვენი ხმა წავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. გამორიცხულია, რომ „ოცნებას“ კოალიციის შექმნაში დავეხმაროთ“ ,— ამბობს შოთა შალელაშვილი.

შოთა შალელაშვილი დადებითად აფასებს სალომე ზურაბიშვილის როლსაც და ამბობს, რომ დღეს პრეზიდენტს უდიდესი როლი აქვს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოინდომებს ოპოზიციური ძალები გააერთიანოს, მას დღეს ამისთვის საჭირო ავტორიტეტი და რეიტინგი აქვს.

„გამოიკვეთა მისი ლიდერობა. მე რჩევას ვერ მივცემ, როგორ ფორმაში გადაიყვანს თავის როლსა და ავტორიტეტს, რომელიც თავისი ქმედებებით დაიმსახურა. როგორ გააგრძელებს მის პოლიტიკურ ცხოვრებას, მასზეა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, დღეს მისი როლი ძალიან დიდია. ჩემი ღრმა პატივისცემა ქალბატონ პრეზიდენტს, მაგრამ მეტი გააქტიურება უნდა, თუ მას ოპოზიციური ძალების გაერთიანება უნდა, მაგრამ მე, როგორც ვიცი, მას უნდა ლიდერობა, რომელიც ჩვენ ევროპაში შეგვიყვანს. მას უნდა დარჩეს ევროკავშირთან სასაუბრო ხიდად და იმ ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც არის დამოუკიდებელი დღეს.

ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი ჩემთვის მისასალმებელია, მაგრამ თუკი მას უნდა, რომ ეს ოპოზიციური ძალები გააერთიანოს, მას აქვს დღეს ავტორიტეტი და რეიტინგი, რომ მან ეს შეძლოს“, — აცხადებს შოთა შალელაშვილი.

როგორც შოთა შალელაშვილი ამბობს, არაა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტი ხვდება. თუმცა, მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიიწვევს, სიამოვნებით შეხვდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოთა შალელაშვილის ოჯახმა ტელეარხი „ტვ 24“ შეიძინა, მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ჟურნალისტთან და საცდელ მაუწყებლობასაც გეგმავს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი