ნეტგაზეთი | პრივატიზაციის შედეგი პრივატიზაციის შედეგი – Netgazeti
Batumelebi | RU

პრივატიზაციის შედეგი

ინსტიტუტი, რომელიც ჩეხეთის საელჩოდან მიღებული გრანტით საქართველოს  მინერალური რესურსების ბაზის შექმნას იწყებს, შენობის გარეშე დარჩა. პროექტის ღირებულება ერთი მილიონი დოლარია. გაურკვეველია ასევე ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოქროს საკვლევ-საძიებო ანალიტიკური სამუშაოების ბედიც, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, ამ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების   ბედი  კითხვის ნიშნის ქვეშ შენობის პრივატიზაციის გამო დადგა.

ინსტიტუტი, რომელიც ჩეხეთის საელჩოდან მიღებული გრანტით საქართველოს  მინერალური რესურსების ბაზის შექმნას იწყებს, შენობის გარეშე დარჩა. პროექტის ღირებულება ერთი მილიონი დოლარია. გაურკვეველია ასევე ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოქროს საკვლევ-საძიებო ანალიტიკური სამუშაოების ბედიც, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, ამ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების   ბედი  კითხვის ნიშნის ქვეშ შენობის პრივატიზაციის გამო დადგა.

”თითქმის ორი წელია ირანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საკვლევ-საძიებო სამუშაოები, ოქროზე.   ანალიტიკური სამუშაოები, მათ შორის ტექნოლგიურიც,  ჩვენთან ტარდება. ეს კვლევა ამ წუთშიც მიმდინარეობს”, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  ინსიტუტის დირექტორი რევაზ კვატაშიძე. თუმცა ინსიტუტმა შენობა, რომელშიც ნახევარი საუკუნეა მოღვაწეობს, 2 თვეში უნდა დატოვოს. ამის გამო ლაბორატორიაში არსებული დანადგარების ნაწილი შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს.

ლაბორატორია
ლაბორატორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია  რევაზ კვატაშიძისთვის არ მიუწოდებია. ინსტიტუტის ადმინისტრაციამ ამის შესახებ სამინისტროს ვებ გვერდიდან შეიტყო, გაყიდვამდე 3 კვირით ადრე.

ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს  ექვემდებარება .

სწორედ ამიტომ, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ჯერ კიდევ შენობის გაყიდვამდე მიმართა: ”ჩემი მოვალეობა იყო განათლების სამინისტრო საქმის კურსში ჩამეყენებინა. მათ უნდა გაეგოთ თუ რა ხდება ინსტიტუტში”.

ინსტიტუტი სამინისტროდან პასუხს ერთი თვეა ელოდება. ჯერ-ჯერობით, პასუხი არ მიუღია ნეტგაზეთსაც, რომელმაც საჯარო ინფორმაციის სახით სამინისტროსგან ინსტიტუტის მომავალ ბედთან და შენობასთან დაკავშირებით გამოითხოვა ინფორმაცია.

ვაკეში, ფალიაშვილის 85 ნომერში მდებარე შენობა, რომელიც  1970-იანი წლების ბოლოს სპეციალურად ამ ინსტიტუტისთვის ააგეს, დღეს შპს ”ალიანს მედის” საკუთრებაა. კომპანიამ ის  2010 წლის 10  სექტემბერს 2 ,3 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ამჟამად ინსტიტუტში რამდენიმე ოთახს არემონტებენ – შენობის ერთ სართულზე, ოთახების ნაწილში გაჯი და ცემენტია. თუმცა შენობის გაყიდვამდე  ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ყველაზე მცირეა იმ პრობლემებს შორის, რომელიც ინსტიტუტს  შენობის გაყიდვის შემდეგ შეექმნა.  

მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის ხუთსართულიან შენობაში დაახლოებით 2000 კვ.მეტრი ფართობი ლაბორატორიებს ეთმობა. აქ ყველა ოთახს თავისი ფუნქცია აქვს. ფუნქცია იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა სახის დანადგარები დგას ოთახში და რა სახის სამუშაოები ტარდება.  ერთი შეხედვით ეს არის რკინის დიდი კონსტრუქციები ძველებური იერით, რეალურად კი ძვირადღირებული აპარატურაა, რომლებსაც ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკები სხვადასხვა გამოკვლევის ჩასატარებლად იყენებენ.

ლაბორატორიაში არსებული აპარატებიდან, დაახლოებით ორი ათეული, შენობის ფუნდამენტზეა დამონტაჟებული. ”დემონტაჟს რა თანხა სჭირდება ჯერ არ ვიცი, დასაანგარიშებელია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგიერთი აპარატურა ფუნდამენტზეა დამონტაჟებული და მისი გადატანა აპარატურის გაფუჭებას ნიშნავს. ახალს კი ვერ შევიძენთ – ძალიან ძვირი ღირს”,- ამბობს კვატაშიძე.

ინსტიტუტის წამყვანი ინჟინერი, მაია ბროკიშვილი ერთ-ერთ იმ აპარატზე მუშაობს, რომელიც ფუნდამეტზეა დამონტაჟებული.

 ”ეს არის თერმული აპარატი, ძალიან მგრძნობიარეა. ანუ ამ აპარატით ვიკვლევთ ნებისმიერ ნიმუშს, მის შიგნით მიმდინარე პროცესებს. პატარა ნიუანსი რომ დაირღვეს, აპარატი ყვირის, რომ რაღაც შეგვეშალა”, – ამბობს ბროკიშვილი. – ”თუ რაიმე დაზიანდა, ან გაფუჭდა, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცეთ, – ამის ხელოსანი დღეს თბილისში არ არის. ეს უნგრული აპარატია და თავის დროზე ათასობით მანეთი ღირდა. ვუფრთხილდები, დავკანკალებ ამ აპარატს,რაიმე  რომ არ გაუფუჭდეს”.

თერმული აპარატი
თერმული აპარატი

მეცნიერ მუშაკი ნათელ ჩხეტიანი ნეტგაზეტთან ამბობს,რომ ლაბორატორიები დატვირთულად მუშაობს. ჩხეტიანი შიშით უყურებს შენობიდან ლაბოტარიების გადატანას.

”ამ ჭურჭელს, ხელსაწყოებს რა გადაიტანს არ ვიცი. ჩვენ ხომ ხსნარების სტანდარტები გვაქვს დამზადებული, სუფთა მეტალისგან… ეს თუ დაიშლება, მერე აღარ ვიცი რა იქნება”.

ინსტიტუტში, სადაც 143 ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების მეცნიერული სამუშაოები ტარდება.

შენობის პირველ სართულზე, მარჯვნივ და მარცხნივ დაწყობილ უამრავ ტომარას ნახავთ. ტომრებში ირანიდან ჩამოტანილი მასალებია, რომლის სინჯებსაც ინსტიტუტი ერთ-ერთი კომპანიისთვის აკეთებს.

შეკვეთა, რომელზეც ინსტიტუტი ახლა მუშაობს, ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოქროს საძიებო სამუშაოების ტექნოლოგიური და ანალიტიკური კვლევაა.

ოქროზე მუშაობის პროცესი
ოქროზე მუშაობის პროცესი

ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც ინსტიტუტი მუშაობს. ინსტიტუტს რამდენიმე კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ერთ-ერთ პროექტს ჩეხეთის საელჩო საქართველოში ერთი მილიონი დოლარით აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მინერალური რესურსების ბაზის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა  რესურსს ფლობს საქართველო.

კვატაშიძე ამბობს,რომ ეს მისი ოცნების სამუშაოა, რადგან მისი თქმით, დღემდე საქართველომ არ იცის, თუ რა მინერალური რესურსის მფლობელია.

გარდა ამისა, მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თურქეთთან. საქართველო და თურქეთი ერთობლივად მუშაობენ მეტალის საბადოებზე. საქართველოში კვლევა ბოლნისის, ხოლო თურქეთში ართვინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კვატაშიძე ამბობს, რომ შენობის დაცლის პროცესი ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს:

”ხელშეკრულებას ხელს რომ აწერ, გარკვეული ვალდებულაც გაქვს. დავუშვათ, შენობა გამოგვიყვეს, აპარატურის გადატანა ხომ გვინდა? ამის სახსრებს ვერავინ მომცემს, ჩემი გარე შემოსავლები კი ამ საქმეს რას ეყოფა”.

მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს  საბიუჯეტო დაფინანსების (290 ათასი ლარი) გარდა გარე შემოსავლებიც აქვს.   საბიუჯეტო დაფინანსება ჰონორარებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება.

გარე შემოსავლებიდან კი ინსტიტუტმა  ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს ბიუჯეტში 700 ათასი ლარი შეიტანა.  

კვატაშიძე ამბობს,რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინსიტროს რამდენიმე წელი რომ მიეცა ინსტიტუტისთვის, ისინი შენობას თავადვე იყიდდნენ.

”ჩვენი მიდგომა ასეთი:  გვინდა, სახელმწიფოს დავუდგეთ გვერდით, მაგრამ ჩვენი ბედი გაურკვეველია. რას გვიპირებენ, სხვა შენობას გვაძლევენ, თუ საერთოდ გვაუქმებენ, არ ვიცით”.

ინსტიტუტი, რომელიც 1929 წელს დაარსდა, ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი იყო, რომელიც მინერალური ნედლეულის კვლევაზე მუშაობდა. 1970-იანი წლების ბოლოს შენობა სპეციალურად ამ ინსტიტუტისთვის ააგეს.

ინსტიტუტმა შენობა თვენახევარში უნდა დატოვოს, ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია სად გამოუყოფენ ინსტიტუტს ახალ შენობას.

შარშან ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრი ევროპულმა ბიზნეს ჯგუფმა დააჯილდოვა,სპეციალური პრიზით. რამდენიმე დღის წინ კი, რევაზ კვატაშიძეს ჰიუსტონიდან აცნობეს, რომ ინსტიტუტი მსოფლიო ბიზნეს კონფედერაციის ელიტარულ, მუდმივ წევრად აირჩიეს, ხმის უფლებით.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე