თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება, გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” 9 თებერვალს დაიდგა. ქანდაკება მოედანზე მინიმუმ 1.5 წლის განმავლობაში იდგება. მერე კი, შესაძლოა, სხვაგან გადაიტანონ.
გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსის, “საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილის, ზაარბრიუკენის მოედანი”, გამარჯვებულია.
კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო განაცხადის ღირებულება მაქსიმუმ 80 000 ლარი უნდა ყოფილიყო, განვითარებული არქიტექტორსა და ინჟინერთან ერთად, “რათა ითვალისწინებდეს შერჩეული ადგილის სპეციფიკას მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტებს”.
“გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს”, – წერს ფონდი.
ქანდაკების ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არაინფორმირებულ საზოგადოებაში არაერთი სახუმარო ვერსია მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ქანდაკება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს გამოსახავდა.
ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრობლემაა, როდესაც საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას საჯარო სივრცეში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
“როცა საჯარო სივრცეში იგეგმება ახალი ფორმის შეტანა, აუცილებელია მის შესახებ ფაქტის დადგომამდე მოხდეს ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, მისი ე.წ. პიარი. საზოგადოებას უნდა გააცნონ ხელოვანი, ისაუბრონ მომავალ პროექტზე, იყოს განხილვები, საუბრები ზოგადად ხელოვნებაზე და ა.შ…
იმ საზოგადოებას, რომელიც არ ფლობს სპეციფიკურ ცოდნას, განსაკუთრებით აღიზიანებს საკუთარი ფაქტორის იგნორირება, – ანუ, მას “არ ჰკითხეს, საქმის კურსში არ ჩააყენეს” და უცებ, მისი ფანჯრის წინ ხედი რადიკალურად იცვლება”, – წერს ხაბულიანი.
საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის, ლიკა ჭკუასელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განათება მალე დამონტაჟდება და “ფოტო/ვიდეო, რეცენზიები, საჯარო, საგანმანათლებლო პროგრამა გზაშია”.