საზოგადოება

ზურაბიშვილი ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“

6 თებერვალი, 2024 • 935
ზურაბიშვილი ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“.

„მომავლის ქარტიის“ შექმნა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას დააანონსა.

„ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს“, — თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანას დღეს უპარტიო, (თუმცა არა უპრინციპო), სტრატეგიული ხედვის (და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების) მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება.

ეს ლიდერი, ზურაბიშვილის თქმით, ბოლომდე უნდა მოემსახუროს მთავარ მიზანს — საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას.

„გაფრთხილებთ ყველას — დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთიმეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, პერსპექტივის დაჯერება.

„ამიტომ დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია — ევროპული მომავალი. ამისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პლატფორმის ჩამოყალიბების მიზნით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსებს საკოორდინაციო ცენტრს, „რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას“.

ზურაბიშვილის თქმით, ამ მიზნით მომავალ დღეებში აპირებს მოიწვიოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები.

„ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი