საზოგადოება

2024 წლის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსა და მსოფლიოში

2 იანვარი, 2024 • 1769
2024 წლის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსა და მსოფლიოში

2024 წელს 80-მდე ქვეყანაში, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ, რომლის შედეგებსაც მსოფლიოში მიმდინარე არაერთ პროცესზე ექნება გავლენა. საარჩევნო წელია საქართველოშიც. „ნეტგაზეთმა“ თავი მოუყარა რამდენიმე საყურადღებო არჩევნებს, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

არჩევნები საქართველოში

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში, თუ მანამდე ხელისუფლება ბარიერის დაწევას არ დასთანხმდა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 და პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. 2024 წლიდან პრეზიდენტს ხმოსნები აირჩევენ

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.

არჩევნები აშშ-ში

2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებს წინ უძღვის პრაიმერები კანდიდატების გამოსავლენად. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის არიან აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში და სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი. ამ დროისთვის დონალდ ტრამპი ბევრად უსწრებს თავის კონკურენტებს რესპუბლიკური პარტიიდან, ისევე როგორც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დომინირებს დემოკრატებს შორის.

პრეზიდენტის პარალელურად, ამერიკელები აირჩევენ 435-ივე კონგრესმენს წარმომადგენელთა პალატაში და 100-დან 33 სენატორს. არჩევნების წინ რესპუბლიკელები ფლობენ უმრავლესობას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო დემოკრატები — სენატში.

ევროპარლამენტის არჩევნები

2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები. ევროკავშირის მოქალაქეები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტში. ევროპარლამენტი არის მსოფლიოში ერთადერთი პირდაპირ არჩეული ტრანსნაციონალური ასამბლეა. 2024 წელს ის 720 დეპუტატისგან დაკომპლექტება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ფოტო: EPA

ახალი პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტსა და კომისრებს. მოსალოდნელია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი შეეცდება, მეორე ვადით დაიკავოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი. თუმცა უდავოდ შეიცვლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

არჩევნები ევროპაში

ევროპის ბევრ ქვეყანაში დაგეგმილია საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მათ შორის, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ავსტრიაში, პორტუგალიაში, ბელგიაში, ხორვატიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში. თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა წლის ბოლოს (მთავრობას შეუძლია, პროცედურა 2025 წლის დასაწყისამდე გააჭიანუროს) მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დადგება გაერთიანებული სამეფო. არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, შეძლებენ თუ არა რეიტინგებში მოწინავე ლეიბორისტები ხელისუფლებაში დაბრუნებას.

რიში სუნაკი. ფოტო: Reuters

2024 წელს პრეზიდენტს აირჩევენ ფინეთში, სლოვაკეთში, ისლანდიაში, ხორვატიაში, რუმინეთსა და მოლდოვაში. მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც 2024 წლის მარათონშიც მიიღებს მონაწილეობას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ლიეტუვაში დანიშნულია როგორც საპრეზიდენტო (მაისში), ისე საპარლამენტო (ოქტომბერში) არჩევნები.

კალენდარულად, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უწევდა უკრაინაში, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო, იგი დიდი ალბათობით, არ ჩატარდება.

პროგნოზირებადი არჩევნები

2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოში — აზერბაიჯანსა და რუსეთში. კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის [„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება] მქონე ამ ქვეყნებში არჩევნებს ფორმალური ხასიათის აქვს — ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავთ.

აზერბაიჯანში პრეზიდენტის პოსტზე ერთ ადამიანს შეუზღუდავად შეუძლია იყაროს კენჭი. ალიევმა პირველად 2003 წელს, ხოლო ბოლოჯერ 2018 წელს გაიმარჯვა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, გამარჯვებულმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნა.

ილჰამ ალიევი, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო. ფოტო: რია ნოვოსტი

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024-ის მარტში უნდა ჩატარდეს. ის დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს – გამარჯვების რეალური შანსები პუტინის გარდა არავის აქვს. რუსეთის პრეზიდენტისთვის ეს უკვე მეხუთე ვადა იქნება სახელმწიფოს ლიდერის პოსტზე.

საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნები გაიმართება 2024 წლის 25 თებერვალს ბელარუსშიც. ეს არის პირველი არჩევნები 2020 წლის შემდეგ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო პროტესტი დაიწყო და ლუკაშენკოს რეჟიმმა, რომელიც 28 წელია, ბელარუსს მართავს, ანტისამთავრობო დემონსტრაციები ძალადობითა და მასობრივი დაპატიმრებებით ჩაახშო. მისმა კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი