ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში  “ოცნებაზე”  “გამარჯვების ფორმულაზე” საუბრობს

12 აპრილი, 2024 • 2509
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში  “ოცნებაზე”  “გამარჯვების ფორმულაზე” საუბრობს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 12 აპრილს განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს, ხოლო “ქართულ ოცნებას” “რუსული ოცნება” უწოდა, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ფორმულის შესახებ საუბრობს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველში” ისაუბრა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია”.

მისი თქმით, 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები რეალურად უნდა იყოს რეფერენდუმი ევროპაზე:

“რა არის ჩემი გამარჯვების ფორმულა. მე არ მჯერა გაერთიანებების. მე ვყოფილვარ ასეთ გაერთიანებებში და დღეს ვერ იქნება ასეთი გაერთიანება, რადგან არ არის შეთანხმება სხვადასხვა საკითხებზე, ერთის გარდა – ევროპაზე და ევროპის გზაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, “ოცნების” რეიტინგი რეალურად დაახლოებით 25%-ია, ამიტომ ამომრჩეველს უნდა შესთავაზონ სამოქმედო გეგმა:

“როგორი უნდა იყოს სასამართლო, ოღონდ 3-6 თვეში,  რა უნდა გაკეთდეს, რომ მოვიშოროთ ესენი [ოცნება], კორუფციაზე რა უნდა გაკეთდეს 3-6 თვეში, რომ გამოვიდეთ ჭაობიდან, როგორ უნდა იყოსო შემდეგი არჩევნები და უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელში ჩატარდება შემდეგი არჩევნები,  რადგან ეს არჩევნები ვერ იქნება მთლიანად თავისუფალი არჩევნები.  ეს იქნება რეალურად რეფერენდუმი ევროპაზე, სადაც მე არ ვირჩევ, კი ვირჩევ გემოვნების მიხედვით ერთ პოლუსს, ან მეორე პოლუსს”.

პრეზიდენტი გეგმავს, პარტიებს შესთავაზოს გაწერილი გეგმა შესათანხმებლად, რომელშიც იქნება პირობა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ერთ წელში, არჩევნებამდე კი ქვეყანას მოამზადებს ტექნიკური კოალიციური მთავრობა.

“სხვა გზა არ არსებობს. სხვადასხვა ამბიციების დრო არ არსებობს. აქ უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რაზე ვთანხმდებით”.

რაც შეეხება თავად მის როლს ამ პროცესში, სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

“მე ჩემს ხმას მივცემ ამ ქოლგას და მე ვიქნები ამის გარანტია ხალხის წინაშე, ჩემი როლი იქნება გარანტიის მიცემა – პარტიების  ერთად შეკრება, რომ შეასრულონ დაპირებები და შევიდეთ ევროპაში. სანამ არ დაინიშნება ნამდვილი არჩევნები და არ გაიხსნება მოლაპარაკებები, მე სადღაც ვიქნები”.

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ასეთი შეთანხმებისთვის მზად იქნებიან, რადგან მისი თქმით, “ სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი