ახალი ამბები

დავით გორგილაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი გადაცემა იხურება

15 დეკემბერი, 2023 • 1630
დავით გორგილაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი გადაცემა იხურება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს გადაცემის წამყვანმა, დავით გორგილაძემ დაუდასტურა.

გადაცემის წამყვანის, დავით გორგილაძის ინფორმაციით, არხმა მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.

გადაცემა 2024 წლიდან აღარ გავა ეთერში.

ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან გადამოწმებას.

დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციებს სხვადასხვა საკითხზე. ხელისუფლების მიერ დაინიციირებული “რუსული კანონის”, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საპარლამენტო განხილვების დროს, გორგილაძე აკრიტიკებდა კანონპროექტის ავტორებს და მხარდამჭერებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმას, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ბორდისთვის ცნობილი არ ყოფილა.

“გუშინ [14 დეკემბერს] გვქონდა ბორდის სხდომა. არავის არაფერი უთქვამს ფინანსურ რესტრუქტურიზაციაზე. მე და ლაშა ტუღუშმა ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი სათანადოდ ბიუჯეტის ნარატიული ნაწილი, იყო სხცა საკითხებიც, რის გამოც ხმა არ მივეცით. ახლა ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!!!!”, – წერს ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში.


დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ.საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი