საზოგადოება

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები დანიშნეს – ვინ იქნებიან პუტინის „სპარინგ პარტნიორები“?

7 დეკემბერი, 2023 •
რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები დანიშნეს – ვინ იქნებიან პუტინის „სპარინგ პარტნიორები“?

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დაინიშნა. არაა გამორიცხული, არჩევნები სამი დღე გაგრძელდეს.

რაც შეეხება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ ჩატარებას, გადაწყვეტილებას ამის თაობაზე 12 დეკემბერს ძალოვნები მიიღებენ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ ეს არჩევნები „უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რუსეთის განვითარების ვექტორს“.

მიუხედავად მატვიენკოს განცხადებისა,  ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის შემდეგ, რუსეთში თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები არ ჩატარებულა. კრემლმა ფედერალური დონის არჩევნებზე მხოლოდ ერთხელ [2013 წელს, მოსკოვის მერის არჩევნებზე] დაუშვა კანდიდატი [ალექსეი ნავალნი], ვინც ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა.

მართალია, ვლადიმერ პუტინს ჯერ ფორმალურად არ გამოუცხადებია, რომ 2024-შიც იყრის კენჭს, მაგრამ დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, მისმა ადმინისტრაციამ საკმაო ხანია, დაიწყო მზადება და პუტინს „სპარინგ პარტნიორებიც“ შეურჩია, რომელთა მონაწილეობამაც დემოკრატიული არჩევნების ფასადი უნდა შექმნას.

ამასთან ერთად, „სპარინგ-პარტნიორები“ კონკრეტულ მოთხოვნებსაც უნდა შეესაბამებოდნენ, რომ არც ერთ მაჩვენებელში პუტინზე უკეთესები არ გამოდგნენ.

„სიურპრიზების გარეშე“

როგორც წესი, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი ან ხუთი ძირითადი კანდიდატია – თავად ვლადიმერ პუტინი, საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და ერთი ე.წ. „ლიბერალი კანდიდატი“ – 2018 წელს ასეთად ქსენია სობჩაკი მოგვევლინა, 2012-ში კი – ოლიგარქი მიხაილ პროხოროვი.

2023-ის აგვისტოში „მედუზა“ აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პუტინის „სპარინგ  პარტნიორებად“ მოიაზრებდნენ ისეთ პოლიტიკოსებს, ვისი რეიტინგიც პროგნოზირებადი იყო და ზედმეტად ბევრ ხმას ვერ მიიღებდა. მაგალითად, კომპარტიის კანდიდატი უნდა იყოს მისი ლიდერი გენადი ზუგანოვი. იგი 79 წლისაა და პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდანაა აქტიური, პრეზიდენტობის კანდიდატი კი აქამდეც არაერთხელ იყო.

„ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ მისმა ახალმა ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ უნდა წარმოადგინოს. „მედუზას“ წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ბლოკში აღნიშნავს, რომ იგი შესაფერისი კანდიდატია – „სერიოზული კაცი, თანამდებობით, პიჯაკში. არავინ იტყვის, რომ სილამაზისთვისაა წარდგენილი. მაგრამ მისი პირადი რეიტინგი დაბალია“.

კიდევ ერთი საპარლამენტო პარტიის, „ახალი ხალხის“ კანდიდატი ჯერ გაურკვეველია. „მედუზას“ ცნობით, მის ლიდერს არ სურს მონაწილეობა, ვინაიდან ესმის, რომ დაბალ შედეგს დადებს, ხოლო მისივე შეთავაზებული კანდიდატი, დუმის ვიცე-სპიკერი ვიაჩესლავ დავანკოვი კრემლში არ მოსწონთ:

„საქმე ეხება ასაკს. დავანკოვი 39 წლისაა და კარგად შეუძლია სიტყვით გამოსვლა. გასაგებია, დიდ შედეგს ვერ დადებს, მაგრამ ახალგაზრდა და აქტიურმა კანდიდატმა შეიძლება დააფიქროს ამომრჩეველი პრეზიდენტის ასაკზე. არამომგებიანი კონტრასტი იქნება. [..] [იფიქრებენ], პუტინი კი ყოჩაღია, მაგრამ ვინმე ახალგაზრდა ხომ არ უნდა მოვიდესო“, – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო.

ამგვარად, კრემლში ცდილობენ, არ გამოვიდეს ისე, რომ რომელიმე კანდიდატი 50 წელზე ნაკლები ასაკის იყოს. თავად პუტინი 71 წლისაა.

ლიბერალი კანდიდატის ვინაობა იმ მომენტისთვის არ იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა ბორის ნადეჟდინმა. 1999-2003 წლებში იგი სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო ბორის ნემცოვის, „მემარჯვენე ძალების კავშირიდან“. იგი ირიბად გამოდის ომის წინააღმდეგ [„უნდა ავირჩიოთ ქვეყნის სხვა ხელმძღვანელობა, რომელიც შეაჩერებს ამ ისტორიას (ომს) უკრაინაში“]. მისივე პროგრამა ითვალისწინებს, რომ რუსეთმა დასავლეთთან არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა უნდა აირჩიოს.

ოფიციალურად, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ნადეჟდინმა განაცხადა, მაგრამ სათუოა, რომელიმე მათგანმა არათუ პუტინს გაუწიოს კონკურენცია, არამედ ხმების დიდი რაოდენობის მიღება მოახერხოს. „მედუზა“, წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს:

„იგეგმება, რომ ამ არჩევნებზე პუტინს „რეკორდული შედეგი„ ექნება. პრეზიდენტმა ხმების 80%-ზე მეტი უნდა მიიღოს, არჩევნებზე კი ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უნდა მივიდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი