საზოგადოება

ორბანი დეკემბრის სამიტიდან უკრაინის EU-ში გაწევრების საკითხის მოხსნას ითხოვს

5 დეკემბერი, 2023 • 1338
ორბანი დეკემბრის სამიტიდან უკრაინის EU-ში გაწევრების საკითხის მოხსნას ითხოვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ბოლო პერიოდში უკვე მეორე წერილი მისწერა. სააგენტო AP-ის ცნობით, ვიქტორ ორბანი ითხოვს, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას ევროკავშირში უკრაინის გაწევრებისა და ომში მყოფი ქვეყნისთვის გრძელვადიანი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების საკითხები.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროსაბჭო დეკემბერში ამ საკითხების გადასაწყვეტად, რადგან  აშკარა კონსენსუსის ნაკლებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, — AP-ის ცნობით, აღნიშნულია ორბანის წერილში, რომელიც 4 დეკემბრით თარიღდება.

სწორედ 14-15 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს უკრაინისა და მოლდოვისთვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინის საკითხის ჩაგდება უარყოფითად იმოქმედებს მოლდოვისა და საქართველოს პერსპექტივაზეც, რადგან პროცესი სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა.

ვიქტორ ორბანი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ევროკავშირში პუტინის ერთადერთ მოკავშირედ, ითხოვს, რომ ჯერ გაიმართოს „სტრატეგიული დისკუსია“ ევროკავშირში უკრაინის მომავალზე და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდეს მისი გაწევრების საკითხი.

გასულ თვეს ევროკომისიამ უკრაინა-მოლდოვისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპელმა ლიდერებმა დეკემბერში უნდა მიიღონ ერთხმად, ნებისმიერი ერთის უარიც კი საკითხის ჩაგდებას ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი