ახალი ამბები

ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაბლოკვით იმუქრება

22 ნოემბერი, 2023 • 2008
ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვით იმუქრება და ამბობს, რომ ბლოკის წევრები ჯერ უნდა შეთანხმდნენ გაფართოების პროცესის მომავალსა და უკრაინასთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიაზე.

როგორც „გარდიანი“ იტყობინება, უნგრეთის პრემიერმა შესაბამისი წერილი მისწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

ორბანი წერს, რომ ევროპული საბჭო ვერ შეთანხმდება გაფართოებაზე, სანამ არ შედგება კონსენსუსი უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ სტრატეგიაზე.

„უნდა გვქონდეს გულწრფელი და ღია დისკუსია უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ახლა მდგომარეობს უკრაინის სამხედრო გამარჯვების, რუსეთის სამხედრო დამარცხების და უკანასკნელში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებების მიღწევაში. მივიჩნევთ კი, რომ ეს მიზნები რეალისტურია?“, – ნათქვამია მის წერილში.

„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ამავე წერილში უნგრეთის პირველი პირი ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილება იყოს მიღებული გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, უკრაინის დახმარებაზე ან რუსეთის სანქცირებაზე მანამ, სანამ მისი მოთხოვნილი დისკუსია არ შედგება. იგი აგრეთვე კითხულობს, რამდენად მართებულია უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუ აშშ კიევის დახმარებას შეაჩერებს.

უნგრეთს, ისევე, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ წევრს, შეუძლია უკრაინის თუ სხვა ქვეყნის მიმართ მისაღები გადაწყვეტილება დაბლოკოს. ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ამ და სხვა საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა შედგეს 14-15 დეკემბერს.

ამავე დროს, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი და უკრაინული მხარის ერთ-ერთი ცნობილი სპიკერი, ამბობს, რომ ორბანი რეალურად უკრაინას არ ებრძვის.

„იგი იყენებს უკრაინის თემას, მაგრამ მას თავისი ურთიერთობა აქვს ევროპულ კომისიასთან – სურს მიიღოს კონკრეტული უპირატესობები რაღაც მიმართულებებით“, – ამბობს იგი.

„გარდიანი“ წერს, რომ ეს „უპირატესობები“, ანუ ორბანის ინტერესი, უკავშირდება მის სურვილს, უნგრეთმა მიიღოს დაფინანსება 30 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ბრიუსელმა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაყინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი