საზოგადოება

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

28 დეკემბერი, 2022 • 2014
რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის, ასევე იძულების შემთხვევაში, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომერზე 112, ან დარეკოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე 116 006 [ზარი უფასოა], სადაც 9 ენაზე გაგიწევენ კონსულტაციას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პოლიციის გამოძახებას.

ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და გარკვეულ შემთხვევებში, სხვა სახის დახმარებასაც.

რა ხდება 112-ში დარეკვის შემთხვევაში

ძალადობის პრევენციის ყველაზე სწრაფი მექანიზმი 112-ში დარეკვაა. 112-ში დარეკვის შემთხვევაში ადგილზე მოდის საპატრულო პოლიცია ან კრიმინალური სამსახური. უწყების თანამშრომელი განცალკევებულად გამოგკითხავთ და დაგისვამთ შეკითხვებს, რაც მნიშვნელოვანია ძალადობის ფაქტის დასადგენად და მისი გამეორების რისკების შესაფასებლად.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ძალადობის რომელიმე ფორმა, პოლიციას შეუძლია შემაკავებელი ორდერის გამოწერა, რომლის საშუალებითაც პოტენციურ მოძალადეს 30 დღემდე ვადით ეზღუდება გარკვეული მოქმედებები, მათ შორის მსხვერპლთან მიახლოება და სხვა სახის კონტაქტი.

შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე ამოქმედდება და ამის შესახებ დოკუმენტი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს.

თუ გამოიკვეთება , რომ ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, დაიწყება გამოძიება.

მსხვერპლის სტატუსის მოპოვების შემდეგ თქვენ შეგეძლებათ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით სარგებლობა, რათა უფრო უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი. ამ სერვისებს შორისაა თავშესაფრები. [სახელმწიფო სერვისების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ქვემოთ].

იმ შემთხვევაში, თუ მოძალადის თავდასხმისას ვერ ახერხებთ 112-ში დარეკვას, შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის მობილური აპლიკაცია, რაც საშუალებას მოგცემთ დარეკვის გარეშე გამოიძახოთ პოლიცია.  აპლიკაციის საშუალებით პოლიციას შეუძლია თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა, რისთვისაც ჩართული უნდა გქონდეთ ლოკაციის სერვისი.

აპლიკაციის მეშვეობით 112-თან დაკავშირება შეგიძლიათ: 

  • ჩუმი განგაშის ღილაკის SOS გამოყენებით – ამ დროს ავტომატურად შედის შეტყობინება 112-ში და იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.
  • ოპერატორთან მიმოწერით – ეს სერვისი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა ვერ ახერხებთ საუბარს, ან ჩუმად გსურთ შეატყობინოთ პოლიციას თქვენი პრობლემის შესახებ.
  • დარეკვით.

რა უნდა ვქნათ, თუ არ გვინდა პოლიციის გამოძახება, თუმცა გვჭირდება მსხვერპლის სტატუსის მოპოვება?

მსხვერპლის სტატუსი დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, რისი გაკეთებაც შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს (პოლიციის თანამშრომელს) და მთავრობის ადმინისტრაციის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ მუდმივმოქმედ კომისიას (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის მსხვერპლი ხართ, თუმცა არ გსურთ 112-თან მიმართვა, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და შეავსოთ სპეციალური კითხვარი.

კითხვარის შესავსებად კი უნდა მიხვიდეთ თქვენს რაიონში მდებარე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ოფისში. თქვენს მიერ შევსებულ განაცხადს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი 10 დღის ვადაში განიხილავს.

იმისთვის, რომ მსხვერპლის სტატუსის მონიჭების შანსები გაიზარდოს, უმჯობესია, თუ თან იქონიებთ მტკიცებულებებს, რომელიც თქვენზე ძალადობის ამსახველ ფაქტებს შეიცავს ან შემაკავებელი ორდერის არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია მისი წარდგენაც.

სტატუსის განმსაზღვრელ მუდმივმოქმედ კომისიასთან მიმართვის შემთხვევაში პოტენციური მოძალადე თქვენი განზრახვის შესახებ განხილვის პროცესში ვერ შეიტყობს.

რა საჭიროა მსხვერპლის სტატუსი?

ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით, მათ შორის თავშესაფრით, კრიზისული ცენტრებით [დღის სერვისები, მათ შორის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება], მუნიციპალური პროგრამებით და ფულადი კომპენსაციით [რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდება].

აღსანიშნავია, რომ კრიზისული ცენტრით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გაქვთ მონიჭებული მსხვერპლის სტატუსი.

რა შემთხვევაში გეკუთვნით ფულადი კომპენსაცია

ფულადი კომპენსაციების შესახებ კანონში ცვლილებები 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ამ დროისთვის ბოლომდე არ არის განსაზღვრული გარკვეული დეტალები, მათ შორის ის, შეეხებათ თუ არა კომპენსაციის საკითხი 2023 წლამდე მსხვერპლად ცნობილ პირებს, თუ მხოლოდ მათ, ვინც მსხვერპლის სტატუსს კანონის ამოქმედების შემდეგ მიიღებს.

ამჟამად არსებული ჩანაწერის თანახმად, როგორც ქალთა უფლებდამცველი ორგანიზაცია “საფარი” განმარტავს, კომპენსაცია გულისხმობს შემდეგს:

“თუ ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის მიყენებული ზიანი არ აანაზღაურა მოძალადემ, მსხვერპლისთვის ზიანი შეიძლება აანაზღაუროს სახელმწიფომ.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლს ჯანმრთელობის დაზიანება აქვს და ამის გამო მკურნალობა გაიარა, გაიღო კონკრეტული სამედიცინო ხარჯები და ამის შემდეგ მასზე მოძალადე ცნეს დამნაშავედ ჯანმრთელობის დაზიანებაში, მსხვერპლს შეუძლია ამ ადამიანს ედავოს სამოქალაქო წესით, რომ მისი მკურნალობის ხარჯები მოძალადემ აუნაზღაუროს. თუ მოძალადე არ აანაზღარუებს ამ ხარჯებს, მის ნაცვლად ამას სახელმწიფო იზამს”, – განმარტავს საფარის იურისტი.

ეს შეიძლება ასევე გავრცელდეს მორალურ ზიანზეც, ანუ თუ თქვენ არ დაგჭირვებიათ მკურნალობა, გქონდათ მსუბუქი ფიზიკური დაზიანება, თუმცა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ხართ მსხვერპლი და ამის დასკვნაც არსებობს, შეძლებთ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს დეტალები ამ დროისთვის სრულად განსაზღვრული არ არის.

რას გულისხმობს თავშესაფრით სარგებლობა

მსხვერპლის სტატუსის მოპოვების შემდეგ შეგიძლიათ ისარგებლოთ თავშესაფრით და იქ არსებული სერვისებით, რაც საცხოვრებლის გარდა გულისხმობს უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს, უფასო პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, სოცმუშაკის მომსახურებას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კრიზისული ცენტრისთვის მიმართვის შემთხვევაშიც. თუმცა, თავშესაფრისგან განსხვავებით, კრიზისული ცენტრები მსხვერპლებსა და პოტენციურ მსხვერპლებს ღამის გასათევს არ სთავაზობს. ამ მხრივ გამონაკლისია თბილისის კრიზისული ცენტრი, რომელსაც დროებითი სადღეღამისო საცხოვრისის ფუნქციაც აქვს.

თავშესაფრით სარგებლობისთვის აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა, ცხოვრების ვადები განსხვავებულია და ეს დამოკიდებულია თქვენს სტატუსზე.

მაგალითად, თუ პოტენციური მოძალადის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, თავშესაფრით სარგებლობა შეგიძლიათ ერთი თვის განმავლობაში. ხოლო თუ მის მიმართ დამცავი ორდერია გამოწერილი ან თქვენ გაქვთ დაზარალებულის სტატუსი, პირველადი მიღების ვადა 3 თვით განისაზღვრება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს პერიოდი თქვენი რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თავშესაფარს აქვს უფლება, გაგიხანგრძლივოთ დარჩენის ვადები 9 თვით ან 1 წლით. ეს დამოკიდებულია თავშესაფრის შინაგანაწესზე, თუმცა, როგორც “საფარი” განმარტავს, ერთ წელზე მეტით თავშესაფრით სარგებლობა ოფიციალურად ვერ მოხდება ვერც ერთი სტატუსის შემთხვევაში. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც თავშესაფრებს მსხვერპლისთვის ერთ წელზე მეტი ხნითაც მიუციათ დარჩენის შესაძლებლობა.

ვისი წაყვანა შეგიძლიათ თავშესაფარში – თავშესაფარში შეგიძლიათ თქვენზე დამოკიდებულ პირთან ერთად გადასვლა, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან. ამასთან, თუ თქვენი შვილი სრულწლოვანია, მაგრამ ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო და აქვს სტატუსი, შესაძლებელია თავშესაფარში მასთან ერთად გადასვლაც.

ასევე განიხილება თავშესაფარში ისეთი პირების წაყვანის ვარიანტიც, ვინც პოტენციურ მოძალადესთან ყოფნისას თქვენთან ერთად ცხოვრობდა, ძალადობის მსხვერპლია და თქვენგან დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებს (მაგალითად ავადაა). ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, მასზე ოფიციალური მეურვეობა გქონდეთ.

კიდევ რას გთავაზობთ თავშესაფრის სერვისი – გარდა იმ სახელმწიფო სერვისებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თავშესაფარში გადასვლის შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება, სამსახურში დამსაქმებლისგან მოითხოვოთ შრომითი ურთიერთობის შეჩერება მაქსიმუმ ერთი თვის ვადით.

ხოლო თუ უცხოეთის მოქალაქე ხართ, შეგიძლიათ სახელმწიფოს მიმართოთ ბინადრობის უფლების მონიჭების თაობაზე.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სახაზინო ადვოკატის მომსახურებით.

რა ხდება, თუ თქვენთან ახლომდებარე თავშესაფარში არ იყო ადგილი? – იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მუნიციპალიტეტში არსებულ თავშესაფარში არ აღმოჩნდა ადგილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ახლომდებარე მუნიციპალიტეტის თავშესაფრის სერვისით.

ამასთან, თავშესაფრით უზრუნველყოფა შეიძლება გულისხმობდეს სახელმწიფოს მხრიდან ბინის ქირით უზრუნველყოფასაც. ამისთვის უნდა მიმართოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტები. თუმცა, დაგიკმაყოფილებენ თუ არა განაცხადს, ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე.

თავშესაფრის სერვისს გთავაზობთ ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელიც” [ძდექ]. საცხოვრებელთან ერთად ძდექ ასევე გთავაზობთ სხვა ღონისძიებესაც, მათ შორის დასაქმების ხელშეწყობას, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან შუამავლის ფუნქციას. ამასთან, როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ისინი ხშირად ითავსებენ მედიატორის როლს კრიზისულ ცენტრში მისულ ბენეფიციარებსა და ოჯახის წევრებს შორის.

რა ხდება თავშესაფრის შემდეგ? – თავშესაფრიდან გამოსული მსხვერპლებისთვის სახელმწიფოს ერთიანი სერვისი არ აქვს, თუმცა გარკვეული მუნიციპალიტეტები მსხვერპლებს ცალკეულ სერვისებს სთავაზობენ.

რას გულისხმობს დამცავი და შემაკავებელი ორდერები და რა განსხვავებაა მათ შორის?

შემაკავებელ და დამცავ ორდერებს ძალადობის პრევენციის დანიშნულება აქვს. ორდერის გამოცემა ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში:

  • როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ოჯახის წევრებს შორის.
  • როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ქალის მიმართ გენდერული ნიშნით [იმ შემთხვევაშიც, თუ მოძალადე არ არის თქვენი ოჯახის წევრი].

შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს სავარაუდო მსხვერპლს,  მსხვერპლის ოჯახის წევრს ან/და მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

შესაბამისი საფუძვლების არსებობისას შემაკავებელ ორდერს გამოსცემს პოლიციის თანამშრომელი, დამცავ ორდერს კი, სასამართლო.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ პოლიციის გამოძახება, თუმცა ფიქრობთ, რომ პოტენციური მოძალადის მხრიდან საფრთხე გემუქრებათ, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. სასამართლო ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს ეს საკითხი და გაცნობოთ პასუხი.

შინაარსობრივად შემაკავებელი და დამცავი ორდერები თითქმის იდენტურია, თუმცა განსხვავდება მათი მოქმედების ვადები. კერძოდ, შემაკავებელი ორდერი მოქმედებს 1 თვემდე ვადით, დამცავი ორდერი კი შეიძლება გამოიცეს 9 თვემდე ვადით. ასევე, შესაძლებელია დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება დამატებით არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთი საფუძველი არის ქულათა სისტემა, რომელიც მსხვერპლის გამოკითხვას და მიღებულ პასუხებს ეფუძნება. იმ შემთხვევაში, თუ შეფასების საფუძველზე პოტენციური მოძალადის მიმართ 0 ქულა დაგროვდა, მაგრამ პოლიციელი ხედავს ძალადობის განმეორების საფრთხეს, მას უფლება აქვს, პრევენციული ღონისძიების სახით მაინც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი და დამცავი ორდერი არ ნიშნავს, რომ პოტენციურ მოძალადეს დააკავებენ. აღნიშნული ორდერების გამოცემისას თქვენ თავად უთითებთ, თუ რას ითხოვთ, რის საფუძველზეც პოტენციურ მოძალადეს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი ვალდებულებები:

  • აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
  • აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
  • აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
  • აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა (მაგალითად, თუ გიკრძალავთ ავტომობილით, გაზქურით, ტელევიზორით, კომპიუტერით ან სხვა საერთო გამოყენების ნივთით სარგებლობას).
  • აეკრძალოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა.
  • შეეზღუდოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა.
  • აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.
  • ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო) და ის იქნეს შენახული კანონით დადგენილი წესით.
  • შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში დაუწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა [ე.წ. ელექტრონული სამაჯური].
  • დაეკისროს სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, რა ვალდებულება დაეკისრება პოტენციურ მოძალადეს, ამას პოლიციელი არსებული საჭიროებებისა და მოძალადისგან მომდინარე საფრთხეების მიხედვით განსაზღვრავს.

მაგალითისთვის, შეიძლება გრძნობდეთ საფრთხეს და არ გსურდეთ, რომ პოტენციური მოძალადე მოგიახლოვდეთ, თუმცა ონლაინ ან მესამე პირის ჩართულობით კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენდეს.

მოძალადის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებებია.

შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის შემდეგ პოლიცია იწყებს მონიტორინგს. კერძოდ, აწარმოებს პირისპირ შეხვედრებს მსხვერპლთან ან მოძალადესთან, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ესაუბრება მათ.

თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში პოლიციას აცნობოთ ამის შესახებ, რათა მოჰყვეს დროული რეაგირება.

როგორც შემაკავებელი, ასევე დამცავი ორდერი გამოიცემა “უშუალო საფრთხის” არსებობის შემთხვევაში. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიყენება გარდაუვალია, ან ზიანი უკვე მიადგა მსხვერპლს და სავარაუდოა, რომ მომავალშიც განმეორდეს მსგავსი შემთხვევა.

მაგალითად, შესაძლოა შემაკავებელი ორდერი გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოძალადე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას და რისკების შეფასების საფუძველზე გამოიკვეთება, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული სამაჯურის გამოყენება

მოძალადისგან დაცვის ყველაზე ეფექტურ მექანიზმად ითვლება ელექტრონული ზედამხედველობა, ე.წ. ელექტრონული სამაჯური, თუმცა საქართველოში ძალიან ცოტა ქალი იყენებს ამ სერვისს, რის გამოც რეფორმა პრაქტიკულად ჩავარდნის პირასაა.

ელექტრონული სამაჯური ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერისას დაწესებული ვალდებულების კონტროლს და გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასება კი შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე ხდება.

ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადებს არ სცდება.

ელექტრონული სამაჯური პოტენციურ მოძალადეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდება, თუ მსხვერპლი თანახმაა. ასეთ დროს მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება და წესდება ელექტრონული ზედამხედველობა. მსხვერპლს კი ეძლევა სპეიცალური მცირე ზომის მოწყობილობა. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე მიუახლოვდება მსხვერპლს ამის შესახებ შეიტყობს პოლიცია.

500 მეტრის რადიუსით მიახლოებისას აპარატი ავტომატურად აცნობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ, ხოლო თუ მოძალადე და მსხვერპლი 100 მეტრის რადიუსში აღმოჩნდებიან, ეს დარღვევად ითვლება.

თავდაპირველად პოლიცია უკავშირდება პოტენციურ მოძალადეს და აფრთხილებს, რომ მსხვერპლს უახლოვდება და ზონა უნდა დატოვოს. თუ მოძლადე გააგრძელებს მოძრაობას, პოლიცია გააფრთხილებს მსხვერპლს და დაიწყებს მოქმედებას.

ზედამხედველობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიცია იღებს, თუმცა საბოლოოდ სასამართლო ამტკიცებს.

არასმათავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იურიდიული კონსულტაციისთვის:

  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებებისთვის; ტელ: 032 2 33 13 56
  • საფარი; ტელ: 032 2 30 76 03
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი; ტელ: 032 2 22 06 89
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; ტელ: 032 2 72 67 17
  • საქართველოს კარიტასი; ტელ: 032 221 78 19
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ტელ: 032 293 61 01

მასალების გადაბეჭდვის წესი