საზოგადოება

რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძლება გადაიხედოს – სამინისტრო

20 ოქტომბერი, 2023 • 1110
რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძლება გადაიხედოს – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის მოქმედება, რომელიც 49 წლის ვადით გადაეცა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”, შეიძლება გადაიხედოს.

სამინისტრო ამას იმ დარღვევებზე დაყრდნობით აცხადებს, რასაც მათივე ცნობით, კომპანიის მხრიდან აუქციონის მოგებიდან დღემდე ჰქონდა ადგილი.

სამინისტრო თავის განცხადებაში ასეთად ასახელებს იმას, რომ დარღვეულია ლიცენზიის შესრულების ვადები. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის, მართვის გეგმის პროექტის წარმოუდგენლობის (15.05.23), პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის (16.06.23) გამო ოქმებია შედგენილი.

“აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 22 განსაზღვრავს, რა შემთხვევაში იღებს ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას:

ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ჯარიმდება და ეძლევა ვადა პირობების შესრულებისთვის. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ პირობების კვლავ შეუსრულებლობა ნიშნავს ჯარიმის გასამმაგებას და ახალი ვადის განსაზღვრას. მორიგჯერ შეუსრულებლობა კიდევ ერთხელ გაასამმაგებს ჯარიმას და განახლებული ვადის ამოწურვის შემდეგ დგება ლიცენზიის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში.

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 27 სექტემბრიდან უწყვეტად აპროტესტებს ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭის ტყეების ნახევარი საუკუნით გადაცემის ფაქტს და ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს. გასული სამი კვირის მანძილზე არაერთხელ გაჩნდა კონფლიქტი პროტესტის მონაწილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ პოლიციას შორის. 19 ოქტომბერს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ჩანიშნული შეხვედრა ჩაიშალა, რადგან პროტესტის მონაწილეებს შეხვედრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ, ონის მერიის შენობის პიკეტირების მცდელობისას, აქციის მონაწილეებს პოლიციამ ახალი კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა და კონსტრუქცია წაართვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განიხილება რაჭის ტყეებზე მართვის სრულად გადაცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე “მოსახლეობასთან ერთად”.

“კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში”, – წერია განცხადებაში.

ვარლამ გოლეთიანმა ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, რომ პროტესტის მონაწილეები სამინისტროს განცხადების  შესახებ საქმის კურსში ჯერ არავის ჩაუყენებია. თუმცა დღის მანძილზე ონის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ 21 ოქტომბერს დილით ეტყვიან პასუხს სამინისტროს წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრისა და მისი პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესაძლებლობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი