ღაზის სექტორის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო ისრაელის არმიას ალყაში აქვს მოქცეული, აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში [ჯანმო/WHO]. ორგანიზაციის ცნობით, სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო უარესდება ისრაელის მუდმივი დაბომბვის შედეგად. მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის არქონის გამო საავადმყოფოში ახალშობილთა მოვლა უჭირთ და სამი ნაადრევად დაბადებული ბავშვი უკვე დაიღუპა.
„ტრაგიკულია – გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, ვეღარ მუშაობს“, – აღნიშნავს ჯანმოს დირექტორი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო [კონტროლირდება „ჰამასის“ მიერ] აცხადებს, რომ საავადყმოფოში ამჟამად, სულ მცირე, 2300 ადამიანია, მათ შორის, 600-650 პარციენტი, 200-500 სამედიცინო მუშაკი და 1500 იძულებით გადაადგილებული პირი.
ისრაელის განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, რომელიც ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მშვიდობიანი მოქალაქეები განურჩევლად დახოცა, საავადმყოფოებთან, მათ შორის „ალ-შიფასთან“, ან მათ ქვეშ თავისი ბაზები აქვს განლაგებული. თუმცა, ამავე დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების [ცაჰალი/IDF] პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელი არ ბომბავს საავადმყოფოს და ამასთან ერთად, მზადაა, დაეხმაროს მედიკოსებს ბავშვებისა და დაჭრილების ევაკუაციაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გუშინ ისრაელმა საავადმყოფოს მახლობლად დატოვა 300 ლიტრი საწვავი, რომელიც ელექტროენერგიის გენერატორების ასამუშავებლადაა საჭირო, თუმცა საწვავი ჯერ არავის აუღია.
„ნათელია, რომ ჩვენ არ ვებრძვით პაციენტებს და, ზოგადად, სამოქალაქო პირებს. ყოველი დაღუპული სამოქალაქო პირი, ყოველი დაღუპული ბავშვი ტრაგედიაა“, – ამბობს იგი. ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერზოგი კი სულაც აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ყველაფერი მუშაობს“ და განცხადებები ელექტროენერგიის არქონაზე „ჰამასის ტყუილია“
ალ-შიფას მთავარი ქირურგის, მარვან აბუ საადას თქმით, 300 ლიტრი საწვავით, რომელიც ისრაელმა დატოვა, გენერატორები მხოლოდ ნახევარი საათი იმუშავებენ. მისი ცნობით, დღიურად გენერატორების სამუშაოდ 24 000 ლიტრია საჭირო. საავადმყოფო ამჟამად მთლიანად მზის ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რაც საკმარისი არ არის მისი გამართულად მუშაობისთვის. ქირურგი ასევე ტყუილს უწოდებს ისრაელის განცხადებებს საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ ბაზის არსებობაზე. მარვან აბუ საადა საავადმყოფოში ისრაელის ძალებსაც კი იწვევს, რათა ყველაფერი თავად შეამოწმონ.
„ვიწვევ საერთაშორისო საზოგადოებას და ისრაელსაც კი. ახლოს არიან საავადმყოფოსთან. რატომ არ მოვლენ და [თავად] არ ნახავენ? ჩვენ სამოქალაქო პირები ვართ. მე — ქირურგი, გვყავს მედიკოსები, პაციენტები და იძულებით გადაადგილებული პირები. სხვა არაფერი“, – ამბობს იგი.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და არაერთი ქვეყანა საუბრობს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე.
ევროკავშირმა დაგმო „ჰამასი“ „სამოქალაქო პირებისა და საავადმყოფოების ადამიანურ ფარად“ გამოყენებისთვის, თუმცა მოუწოდა ისრაელს, „მაქსიმალური თავშეკავება“ გამოიჩინოს სამოქალაქო პირების დასაცავად.
პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი თქვა, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს იყენებს, რაც ომის წესების დარღვევაა.
„ჰამასმა“ 7 ოქტომბრის შეტევისას განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.
ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია, – მათ შორის შეუწყვიტა წყალმომარაგება, – და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ღაზაში მცხოვრები 11 078 პირი, რომელთა დაახლოებით 40%-იც ბავშვია.
გარეკანის ფოტოზე: ალ-შიფას საავადმყოფო / ფოტო: © NBC NEWS
მომზადებულია „ბი-ბი-სისა“ და „როიტერსის“ მიხედვით.