სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ პარლამენტმა ე.წ. კარვების კანონი არ უნდა მიიღოს.
ეუთო/ოდირმა დასკვნა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე გამოაქვეყნა.
“შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები ეუთო/ოდირმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების საფუძველია. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ორგანიზაციის კრიტიკა კანონის შინაარსისა და მისი მიღების რამდენიმე ასპექტს ეხება. პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ჩანაწერი ბუნდოვანია და პოლიციელებს მისი განმარტებისას თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.
ეუთო/ოდირის დასკვნაში მიმოხილულია კანონპროექტის შემუშავების საფუძვლებიც. კონკრეტულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ბოლო თვეებში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მას არ აქვს სუს-ის განცხადების რეალურობის შეფასების საშუალება, თუმცა გაუმართლებლად მიიჩნევს “დროებითი რისკის” გამო კანონის ცვლილებებს. მათთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა მმართველმა პარტიამ არასაკმარისად ეფექტიანად არსებული საკანონმდებლო ბაზა პოტენციურ რისკებთან გასამკლავებლად.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეუთო/ოდირი “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის საფრთხეა.
დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი. საბოლოოდ, დოკუმენტის მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება მშვიდობიანი შეკრების საერთაშორისო სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში.
“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით მიიღო. მოსმენის პარალელურად, აქტივისტებს პარლამენტთან კარვები ჰქონდათ გაშლილი.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილება ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.
17 ოქტომბერს, იმპიჩმენტის პროცედურამდე ერთი დღის ადრე, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.
31 ოქტომბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას არ ჩქარობს. მდინარაძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი დიდად გაიზარდა, რამაც „ძალადობრივი რევოლუციის გეგმები“ შეაფერხა.