საზოგადოება

აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე კარასინთან საუბრობდა

1 ნოემბერი, 2023 • 933
აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე კარასინთან საუბრობდა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია.

მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ კი, ნეტგაზეთსაც.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ეს გადაწვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო. 8 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება “ღარიბაშვილის მთავრობასთან” შეათანხმა.

“წელიწადი და 8 თვეა ამ თემებზე მასთან [კარასინთან] არ მისაუბრია”, – მისწერა ნეტგაზეთს აბაშიძემ, როდესაც ვკითხეთ ამ აუდიოჩანაწერის შემდეგ შედგა თუ არა განმეორებით მისი საუბარი კარასინთან ფრენების აღდგენის საკითხზე.

პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვეთ აეხსნა წინააღმდეგობა მის ნათქვამსა და ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას შირის.

“წელიწადისა და 8 თვის წინ თუ ისაუბრეთ ამ თემაზე კარასინთან, ეს ნიშნავს, რომ საკითხი ორმხრივად განიხილებოდა. ეს წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების პოზიციასთან, რომ გადაწყვეტილება სრულად რუსეთმა მიიღო”, – მივწერეთ აბაშიძეს, რაზეც გვიპასუხა, რომ ფრენების აღდგენაზე კარასინთან ჯერ კიდევ პანდემიამდე საუბრობდა.

“ადრე, პანდემიამდე, როდესაც პრაღაში ვხვდებოდით, ამ თემაზე ვსაუბრობდით, თუმცა, უშედეგოდ. ამაზე ვაკეთებდი საჯარო კომენტარებს”, – განაცხადა აბაშიძემ.

კითხვას, მოლაპარაკებების მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთმა ქართულ მხარესთან შეთანხმებით მიიღო თუ არა, აბაშიძემ ასე უპასუხა:

“როდესაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მერე ორი ქვეყნის საავიაციო სააგენტოების მიერ მოხდა პრაქტიკულად ფრენების აღდგენა”.

გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში კარასინი აბაშიძეს 2022 წლის მარტში, ანუ უკრაინაში ომის დაწყბიდან მალევე რჩევას ეკითხება, ღირს თუ არა ფრენების აღდგენის საკითხის დღის წესრიგში დაყენება ქართულ მხარესთან. საუბრისას დიპლომატები თანხმდებიან, რომ ამ საკითხის განხილვა ნაადრევია.

“უნდა დავიცადოთ, შტორმი ჩაცხრეს“, – ეუბნება ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი