მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა დააანონსა, საქართველომ აშშ-სგან ქართული აეროპორტების შესაძლო სანქცირებაზე პირველი გაფრთხილება მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, თუკი ქართული აეროპორტები სანქცირებულ ავიახომალდებს მოემსახურებიან, თავადაც სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან.
საქმე ის არის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ მოსკოვს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, მათი ნაწილი კი სწორედ სამოქალაქო ავიაციის სფეროს ეხება.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეიძლება შეექმნას სანქცირების საფრთხე ქართულ კომპანიებს, თუკი რუსული ხომალდები თბილისის მიმართულებით ფრენებს მართლაც დაიწყებენ და სამოქალაქო ავიაციის სფეროს ექსპერტებს ესაუბრა.
რას გულისხმობს სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები
ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში დასავლურ ლიზინგურ კომპანიებს, რომლებიც თვითმფრინავებს რუსულ ავიაკომპანიებზე აქირავებდნენ, რუსეთთან თანამშრომლების შეწყვეტა და მათ საკუთრებაში არსებული ხომალდების უკან გამოთხოვა მოუხდათ.
მალევე მოსკოვთან თანამშრომლობა შეაჩერა თვითმფრინავების ორმა ყველაზე დიდმა მწარმოებელმა კომპანიამ, Airbus-მა და Boeing-მა, რაც რუსეთისთვის ხომალდების გამართულად და უსაფრთხო ფრენისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეწყვეტაში გამოიხატებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგანაც სხვადასხვა წყაროების მიხედვით, რუსული ავიაკომპანიების ოპერირების ქვეშ Airbus-ის 305 და Boeing-ის 332 ბორტი იყო. საავიაციო ანალიტიკური პორტალის, cirium-ის მიხედვით, ამ უცხოური წარმოების ხომალდების 85% ლიზინგური კომპანიების საკუთრებაში იყო და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, რუსული ავიაკომპანიების ნაწილთან თანამშრომლობა ბილეთების დასაჯავშნმა უმსხვილესმა ონლაინ სისტემებმაც შეწყვიტეს, მათ შორის, Sabre Corp-მა და Amadeus IT Group-მა. დასავლური ქვეყნების უმეტესობამ კი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
დასავლური სანქციების საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა კანონი, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს უცხოური კომპანიებისგან ლიზინგით მიღებული ბორტების კონფისკაციისა და ხელახლა რუსეთში რეგისტრირების შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, ხომალდების ფრენისთვის საჭირო სერტიფიკატებისა და ავტორიზაციის გაცემის უფლება ადგილობრივ მარეგულირებლებს მიენიჭათ.
რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოსთან ფრენების აღდგენის კონტექსტში
როგორც „აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ მოსკოვმა ფრენები იმ ბორტების გამოყენებით განაახლოს, რომელთა კონფისკაციაც რუსეთმა საერთაშორისო ლიზინგური კომპანიებისგან მოახდინა.
ამასთან, კოდუა ეჭვობს, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა რეისების შესრულება იმ Boeing-ებითა და Airbus-ებით შეძლოს, რომლებიც რუსეთს არა იჯარით, არამედ პირად საკუთრებაში ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის თქმით, შესაძლოა, საქართველო სანქცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსული ავიაკომპანიების დიდი ნაწილი დასავლეთს ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი:
„რუსულ ავიაკომპანიებს Boeing და Airbus-ები საკუთრებაშიც ჰქონდა ნაყიდი. მაგალითად, სწორედ ამ ბორტებით დაფრინავენ რუსული ავიაკომპანიები თურქეთში და უფლება არა აქვს სტამბულს, ისინი დააყადაღოს. თუმცა, არა მგონია, თბილისში ამ ხომალდებით შეასრულონ რეისები.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თუ გვინდა მიგვიღონ ევროკავშირში, ამგვარი შეთავაზება თუ იქნებოდა, უარი უნდა ვთქვათ. კი, ეს Boeing-ები და Airbus-ები რუსეთის საკუთრება შეიძლება იყოს, მაგრამ ვინაიდან ნაწილების 100% წამოსულია დასავლეთიდან, უსაფრთხოებას ვეღარ იცავენ.
წარმოიდგინეთ, 1 წელია, მწარმოებელი არცერთ ნაწილს აღარ აწვდის. ამ დროის განმავლობაში ნაწილების მიწოდების გარეშეა და კანიბალიზაციას ეწევიან, ანუ შლიან ერთ თვითმფრინავს, რომ მეორე მოამარაგონ ნაწილებით. Boeing და Airbus თავის ტექნიკას ძალიან სერიოზულად უყურებენ ისევე, როგორც მის უსაფრთხოებას, წარმოიდგინეთ, ყოველ თვე ახალი დირექტივები შემოდის.
ვისზეც იყო ეს კონფესკირებული თვითმფრინავები მიბმული, ყველა ეს ავიაკომპანია აღმოჩნდა შავ სიაში. გარდა „აზიმუტისა“ და „რედვინგზისა“, იმიტომ, რომ მათ ლიზინგით არ ჰყავდათ თვითმფრინავები და მათსავე საკუთრებაში არსებული რუსული წარმოების „სუპერჯეტებით“ ახორციელებდნენ რეისებს“, — ამბობს გიორგი კოდუა.
მისი ინფორმაციით, ფრენების განახლებას რუსეთი სწორედ „სუპერჯეტებით“ გეგმავს. თუმცა ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი გამოწვევებისა იარსებებს, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი — უსაფრთხოების კუთხით.
გიორგი კოდუა აღნიშნავს, რომ რუსული „სუპერჯეტების“ მაკომპლექტირებელი ნაწილების დაახლოებით 75% დასავლეთიდან იყო იმპორტირებული, სანქციების გამო კი ამ კომპონენტებზე წვდომა რუსეთს აღარ აქვს:
„ჩემი ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიები სუპერჯეტებით აპირებენ ფრენას, რომლებიც არ არის ევროპის ზონის და რადარის ქვეშ, უსაფრთხოებასაც ვერ აკონტროლებენ იმიტომ, რომ თვითმფრინავი არის წარმოებული რუსეთში, ქარხანაც რუსეთში მდებარეობს. ამათ თუ შეეძლებათ ფრენები თბილისში“, — ამბობს გიორგი კოდუა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამახვილებს ყურადღებას, ის ქართული კომპანიებია, რომლებსაც რუსული ბორტებისთვის მომსახურების გაწევა მოუწევთ.
გიორგი კოდუა აღნიშნავს, რომ თუ სანქცირებული Airbus-ები და Boeing-ები საქართველოს აეროპორტში დაეშვებიან, ქვეყანას ხომალდის დაკავების ვალდებულება ექნება, არასანქცირებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეისების მიღება კი, მისი თქმით, ტექნიკურად შესაძლებელია:
„იურიდიულად ჩვენ ამის უფლება გვაქვს, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ მოხდება მათი მომსახურება. შეიძლება, ევროპამ განაცხადოს, რომ კი ბატონო, ემსახურეთ რუსულ ავიაკომპანიებს, მაგრამ იგივე კომპანიები ევროპის მიმართულებებს ნუღარ მოემსახურება. შესაბამისად, შეიძლება ამან ბაზრის გამიჯვნა გამოიწვიოს“, — აცხადებს გიორგი კოდუა.
ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე საფრთხეს ხედავს იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანიები შეასრულებენ.
ნასიძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ავიაკომპანიები საკუთარ დასავლურ ხომალდებს, იქნება ეს Boeing თუ Airbus, რუსეთის მიმართულებაზე გამოიყენებენ, შესაძლოა, მათ წინააღმდეგაც სანქციები იქნას გამოყენებული.
ავიაციის ექსპერტის თქმით, არცერთი დასავლური ხომალდის მფლობელს არ სურს, მათი ბორტები რუსეთში დაფრინავდეს, ამის მიზეზი კი ტექნიკური მომსახურების გაწევის მხრივ არსებული პრობლემებია:
„არცერთი ლიცენზირებული კომპანია აღარ დარჩა რუსეთის ბაზარზე, რომელსაც აქვს უფლება, გაუწიოს მომსახურება ამ ავიახომალდებს. აქ ასევე საუბარია, რამდენად გამართულია ის ბოინგები და ეარბასები, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ. რამდენადაც მე ვიცი, უცხოური ავიაკომპანიები ვერ დაფრინავენ დღეს რუსეთში არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ Boeing-ებს და Airbus-ებს იქ რომ რაღაც დასჭირდეთ, ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი შეექმნათ, სერტიფიცირებული ოპერატორი არ არის იქ, რომელსაც შეუძლია ამ ხომალდებს მომსახურება გაუწიოს.
შესაბამისად, ისინი როგორ ახორციელებენ დღესდღეობით მათ საკუთრებაში არსებული ხომალდების გამართვას, რამდენად აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნებს — ეს არის კითხვის ნიშანი. ეს არის ამ სანქციების შედეგი, რომ მათ შეეზღუდოთ შესაძლებლობა იფრინონ და გამოიყენონ ეს თვითმფრინავები”, — ამბობს ირაკლი ნახიძე.
მაგალითისთვის, ისრაელი ამ დრომდე ახორციელებს ფრენებს რუსეთის მიმართულებით. თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას ისრაელური ავიაკომპანიებისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური გარანტიების უზრუნველყოფა მოუხდა.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების გამო ავიაკომპანიებისთვის არსებული სადაზღვევო გარანტიები აღარ ვრცელდება იმ ავიახაზებზე, რომლებიც რუსეთში დაფრინავენ. ფინანსური გარანტიები ისრაელური ავიაკომპანიებისთვის გასულ წელს დაწესდა და 9 მაისამდე იყო ძალაში, თუმცა ქნესეთის ეკონომიკურმა კომიტეტმა სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
რა ეტაპზეა რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი
ამ დრომდე მოსკოვის მიმართულებით ფრენის სურვილი ქართულ ავიაკომპანიებს არ გამოუთქვამთ, თუმცა „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი თავად ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის ფაქტს მიესალმება, მაგრამ აცხადებს, რომ „ფრენების დაწყება ერთ დღეში არ ხდება“ და მომავალ კვირაში ავიაკომპანიაში ამ საკითხზე თათბირი გაიმართება.
„აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ „ჯორჯიან ეარვეიზის“ საკუთრებაში, მისი ინფორმაციით, ერთი Boeing-ია და თუ ამ ხომალდით რუსეთის მიმართულებით გადაწყვეტს ფრენას, შესაძლოა, ევროპის კარი მისთვის დაიხუროს:
„არა მგონია, მოსკოვშიც იფრინოს და ევროპაშიც, სადღაც ჩაერთვება წითელი გაფრთხილება. ბოლოს და ბოლოს ევროპულ სარემონტო ცენტრებს უფლება არ აქვთ, მომსახურება გაუწიონ Boening-ს, რომელიც იფრენს რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, შეიძლება ჩაუჭრას Boeing-მა სერვისი იმ თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვში გაფრინდება. თუ თვითმფრინავი დაჯდება მოსკოვში, ევროპაში დაფიქსირდება ეს რადარზე და ამ თვითმფრინავებს უფლებას აღარ აძლევენ რემონტზე“ ,— აცხადებს გიორგი კოდუა.
რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიების მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენას, ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, რუსული კომპანიები, რომლებსაც სანქციები არ დაუწესდათ, ფრენების განხორციელებას შეძლებენ.
ამ დრომდე საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი, სულ მცირე, რვა რუსულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა. როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია:
- „რედ ვინგზი“
- „აეროფლოტი“,
- „სევერნი ვეტერ“,
- „ურალსკიე ავიალინიი“,
- „იუ-ვე-ტე აერო“,
- „სმარტავია“,
- „აზიმუტი“
- „პაბედა“.
ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი „რედ ვინგზს“ აქვს. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეისების შესრულება სურთ:
- მოსკოვი–თბილისი;
- სამარა–თბილისი;
- ყაზანი-თბილისი.
მოსკოვი-თბილისის რეისის კვირაში 21-ჯერ შესრულება სურს „რედ ვინგზს“. შვიდ-შვიდჯერ – „აზიმუტს“ და „სევერნი ვეტერს“, 14-ჯერ – „აეროფლოტს“. სამარა-თბილისის რეისის 7-ჯერ შესრულება უნდა „რედ ვინგზს“, ორ-ორჯერ – „ურალსკიე ავიალინიის“ და „იუ-ვე-ტე აეროს“, სამჯერ – „სმარტავიას“. აგრეთვე შვიდჯერ სურს ყაზანი-თბილისის რეისის შესრულება „რედ ვინგზს“. სამჯერ – „იუ-ვე-ტე აეროს“, ხუთჯერ – „პაბედას“, ორჯერ – „სევერნი ვეტერს“.
დამატებითი დეტალები რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე ამ დროისთვის უცნობია.
