საზოგადოება

ევროკავშირი: მედიაში “უხამსობის” რეგულირება ევროდირექტივის ნაწილი არაა

27 ოქტომბერი, 2023 •
ევროკავშირი: მედიაში “უხამსობის” რეგულირება ევროდირექტივის ნაწილი არაა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიასთან კონსულტაციები ნამდვილად ჰქონდა მანამ, სანამ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს წარადგენდა.

ამის შესახებ განცხადება “ნეტგაზეთს” ევროკავშირის წარმომადგენლობამ 26 ოქტომბერს მისწერა.

“ნეტგაზეთმა” მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკომისიას ერთი კვირის წინ მიმართა. შეკითხვის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა:

“როგორც წესი, ევროკავშირის დირექტივები არ კარნახობს ზუსტ წესს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ისინი, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა ასახონ დირექტივები კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში — განსაკუთრებით ახლა, როცა [ევროკავშირის] გაფართოების გზაზეა — ის გარკვეულ პრინციპებსა და წესებს უნდა შეესაბამებოდეს.

რეგულაცია არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივის არსებითი ელემენტია, რომელთანაც საქართველო თანხვედრაში უნდა მოვიდეს, განსაკუთრებით ახლა, როცა ის [ევროკავშირი] გაფართოების გზაზეა. ასევე, იმისთვის, რომ “შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში” მონაწილეობა გააგრძელოს, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს დირექტივის კონკრეტულ დებულებებს.

ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობის შემოღებით პასუხობს ამ საკითხს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოვისმინეთ მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის (კომუნიკაციების კომისიის) დამოუკიდებლობას.

საქართველოს მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში ევროკომისია ყოველთვის ხაზს უსვამდა მარეგულირებლის ეფექტურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. ჩვენ გვესმის, რომ საქართველომ ასეთი სამუშაოების გაგრძელების ვალდებულება აიღო.

ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება, საქართველოს გაუწიოს დახმარება.

რაც შეეხება “უხამსობის” ცნებას, ეს დირექტივის ნაწილი არ არის და არ არსებობს მისი რეგულირების საჭიროება დირექტივის მიხედვით. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ დიალოგი გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან მის გამოყენებასთან დაკავშირებით”.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

ცვლილებების დაჩქარებულად მიღების არგუმენტად მმართველ პარტიაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ასახელებდნენ. თუმცა მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი არა ევრორეკომენდაციის შესრულება, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

სადავო ცვლილებები მაუწყებლობის კანონში | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი