საზოგადოება

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა

18 ოქტომბერი, 2023 • 1434
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ მისცა ხმა ერთმა დეპუტატმა. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, ე.ი. 100 დეპუტატი.

„ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 89 მანდატი აქვთ.

ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საიმპიჩმენტო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

კონსტიტუციის დარღვევის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დედაქალაქებში ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა.

საკითხი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. დასკვნა საკონსტიტუციოს სასამართლოს პლენუმმა 9 მოსამართლიდან 6-ის მხარდაჭერით მიიღო. განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა: ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი