საზოგადოება

საკონსტიტუციო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

25 სექტემბერი, 2023 •
საკონსტიტუციო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, განხილვა ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს 12:00 საათზ ეგაიმართება წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრების, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვა, ჯამში, 80 წევრის კონსტიტუციურ წარდგინებაზე, რომლებიც დავობენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე:

„№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.

პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი