საზოგადოება

პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს

18 სექტემბერი, 2023 • 1898
პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის საკითხზე მასთან არანაირი მოთხოვნა არ შესულა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება.

საბოლოო თანამდებობის პირი, ვისაც მისთვის ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება შეუძლია, პრეზიდენტია – იგი კი უარყოფს, რომ ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე ინფორმაცია ჰქონდა.

თუ ეს ასეა, შესაბამისად, ახლა სახეზეა რამდენიმე შესაძლო მოცემულობა.

  1. ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა
  2. ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა მას უკანონოდ შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა

„ნეტგაზეთმა“ მიმართა კითხვით იუსტიციის სამინისტროს – არის თუ არა ფარცხალაძე ამჟამად საქართველოს მოქალაქე და თუ არის, აპირებს თუ არა უწყება, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყოს. პრესსამსახურში ინფორმაციის მოკვლევას დაგვპირდნენ.

თუმცა, მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებასაც. ამ ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქევყნის მოქალაქეობის მიღების გამო 2018 წლის 15 აგვისტომდე  არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს შესაბამის უწყებას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. საბოლოო გადაწყვეტილება აქაც პრეზიდენტზეა. უცნობია ისარგებლა თუ არა ან აპირებს თუ არა სარგებლობას ფარცხალაძე ამ წესით.

„ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ყოფილი გენერალური პროკურორი ყოფილა ფსბ-ს აგენტი. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი იმ უწყებებში, რომლებიც ამას უნდა იძიებდნენ. მე მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით. ეს არა თხოვნა, არამედ მოთხოვნაა.

მოქალაქეობაზე იყო აქცენტები. ჩვენთან არ მოსულა ინფორმაცია ამის შესახებ, არც მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ნათელია, სადაა პასუხისმგებლობა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

სტატია განახლდა 19 სექტემბერს და დაემატა ჩანაწერი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი