ახალი ამბები

პრემიერს დასამალი არაფერი არ აქვს, ყველაფერი არის სუფთა – კობახიძე

12 სექტემბერი, 2023 • 1413
პრემიერს დასამალი არაფერი არ აქვს, ყველაფერი არის სუფთა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს დასამალი არაფერი აქვს და ყველაფერი „სუფთაა“.

ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერ მამას იმხელა თანხა, რომ შვილისთვის სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავი დაექირავებინა. კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„ჩემი პრეროგატივა არ არის ამის თქმა. ყველაფერი არის სუფთა და ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება. არაფერი არ აქვს დასამალი პრემიერს, აბსოლუტურად ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

კერძოდ, რეპორტაჟის ავტორების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი