ახალი ამბები

„შრომობენ… არ მუქთახორობენ… რატომ გვშურს?!“ — დეპუტატის პასუხი ღარიბაშვილის მამის შემოსავალზე

12 სექტემბერი, 2023 • 4607
„შრომობენ… არ მუქთახორობენ… რატომ გვშურს?!“ — დეპუტატის პასუხი ღარიბაშვილის მამის შემოსავალზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას თქმით, პრემიერ-ღარიბაშვილის ან სხვების მშობლები მთელი ცხოვრება შრომობენ, „არ მუქთახორობენ“ და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ შემოსავალი ჰქონდეთ.

საუბარია სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი, ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები და მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად, რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი. გავიგე, რომ პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ და გინდათ, რაღაცნაირად დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში და დაგვამციროთ. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც, სხვათა შორის, არსად წერია და ესეც გამოგონილი ნარატივია იმისთვის, რომ ცალკარა ითამაშოთ და უტყაპუნოთ პოლიტიკოსებს უსამართლოდ, ავრცელოთ ათასი პასკვილები და ტყუილები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

კერძოდ, რეპორტაჟის ავტორების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი