საზოგადოება

რუსეთში პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი ჩამოაგდეს – მედია

23 აგვისტო, 2023 • 4436
რუსეთში პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი ჩამოაგდეს – მედია

რუსეთში, ტვერის ოლქში, ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც რუსული მედიის თანახმად, “ვაგნერის” ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

საუბარია Embraer Legacy 600-ის ბიზნეს ჯეტ-ზე, რომელიც მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ასრულებდა ფრენას.

“ვაგნერთან” დაახლოებურლი ტელეგრამ არხი Grey Zone წერს, რომ თვითმფრინავი ანტისაჰაერო რაკეტამ ჩამოაგდო.

ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

ჯერ დაზუსტებით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა თავად პრიგოჟინი ბორტზე, თუმცა რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ტასი იუწყება, რომ მგზავრებს შორის ევგენი პრიგოჟინიც ირიცხებოდა. მედუზის თანახმად, კიდევ ერთი ინფორმირებული ტელეგრამ არხი იუწყება, რომ ბორტზე პრიგოჟინთან ერთად ირიცხებოდა დიმიტრი უტკინიც, “ვაგნერის” ლიდერი და დამფუძნებელი.  გავრცელებული ცნობებით, უტკინი ვაგნერის სამხედრო მეთაურია და სწორედ ის ედგა სათავეში სამხედრო კუთხით მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთში განხორციელებულ ამბოხს, რომელიც თავად “ვაგნერმა” შეაჩერა.

რუსეთის ემ-ჩე-ესმა, ოფიციალურმა უწყებამ, დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ნამდვილად ჩამოვარდა თვითმფრინავი და მისი ათივე მგზავრი დაიღუპა.

რუსმა ჟურნალისტმა ადრეი ზახაროვმა სოცქსელებში დაწერა, რომ ბორტზე იმყოფებოდა “ვაგნერის” სამეთაურო შტაბი.

“პრიგოჟინი დღეს ნამდვილად გამოფრინდა აფრიკიდან რუსეთში. ბორტზე მასთან ერთად “ვაგნერის” მთელი სამეთაურო შტაბი იმყოფებოდა”, – დაწერა ზახაროვმა და დაამატა, რომ “სასწაული იქნება” , თუ აღმოჩნდება, რომ პრიგოჟინი ახლა სხვა თვითმფრინავში ზის.


ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“ 23-24 ივნისს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, „ვაგნერი“, დამფუძნებელთან ერთად, გადაიხვეწა ბელარუსში, პრიგოჟინმა კი პრეზიდენტისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. მოგვიანებით კრემლმა დაადასტურა, რომ ამბოხის შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი