საზოგადოება

ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა

22 აგვისტო, 2023 • 1582
ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.

თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი.

შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 2003 წელს სალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურება მოხდა.

21 აგვისტოს ათენში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომელშიც გამოხატულია რუსეთის აგრესიის ფონზე  უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის, რომელიც ქმნის ცნობიერების ახალ დონეს საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ევროკავშირში.

დეკლარაციის ხელმომწერი სახელმწიოფოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაული, როგორიცაა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურის განადგურება.

დეკლარაციაში ასევე ხაგზასმულია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მომავალი აქვთ, თუმცა არაფერია ნათქვამი საქართველოზე.

„ოცი წლის წინ სალონიკის სამიტმა აღიარა, რომ დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირს ეკუთვნის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დღეს ეს განცხადება უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. უკრაინის წინააღმდეგ  აგრესიულმა ომმა ხაზი გაუსვა ძლიერი, გამძლე და ინკლუზიური ევროკავშირის გადაუდებელ აუცილებლობას, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედს, ჩვენს ხალხებს შორის ამ რთულ დროს.

ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ესაზღვრებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც განისაზღვრება საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით. როგორც სტრატეგიული ინვესტიცია ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგიონები განიხილებოდეს როგორც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები“, – ნათქვამია ათენის სამიტის დეკლარაციაში.

დეკლარაციას უერთდებიან შემდეგი სახელმწიფოების ლიდერები: სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და საბერძნეთის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში არაფორმალური შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ.

„შევდივართ გაფართოების პროცესის ახალ ერაში. გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ძლიერ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აჩვენებს ერთად დგომის მნიშვნელობას ჩვენი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში შარლ მიშელმა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ არ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას. ამის გასარკვევად ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. ჯერჯერობით, უშედეგოდ. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება, 22 აგვისტო, 21:42: საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი იყო არა ევროკავშირი, არამედ ბერძნული მხარე, ხოლო ღონისძიების მთავარი თემა იყო არა ევროკავშირის გაფართოება, არამედ ომი უკრაინაში – „სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებულნი უკრაინა და მოლდოვა“. იხილეთ: საგარეო უწყებაში განმარტეს, რატომ არ იყო საქართველო ათენის შეხვედრაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი