ახალი ამბები

საგარეო უწყებაში განმარტეს, რატომ არ იყო საქართველო ათენის შეხვედრაზე

22 აგვისტო, 2023 • 2873
საგარეო უწყებაში განმარტეს, რატომ არ იყო საქართველო ათენის შეხვედრაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი ათენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას.

რა შეხვედრაზეა საუბარი?

სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.

შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 2003 წელს სალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურება მოხდა.

რატომ არ იყო შეხვედრაზე საქართველო?

ყარაულაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზატორი იყო არა ევროკავშირი, არამედ ბერძნული მხარე. მისივე განცხადებით, ღონისძიების მთავარი თემა იყო არა ევროკავშირის გაფართოება, არამედ ომი უკრაინაში – „სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებულნი უკრაინა და მოლდოვა“. მოლდოვას მონაწილეობას ყარაულაშვილი იმით ხსნის, რომ ეს ქვეყანა „მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ მხარედ ომის გამო“.

„ზოგადადაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა ხშირადაა დაპატიჟებული ომისდამი მიძღვნილ ღონისძიებებზე“, – ამბობს იგი.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში არაფორმალური შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ.

„შევდივართ გაფართოების პროცესის ახალ ერაში. გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ძლიერ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აჩვენებს ერთად დგომის მნიშვნელობას ჩვენი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში შარლ მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი