საზოგადოება

„იქ ყოფნის შემდეგ ძილი ამერია“ – მოხალისეების შრომა რაჭაში

11 აგვისტო, 2023 • 21383
„იქ ყოფნის შემდეგ ძილი ამერია“ – მოხალისეების შრომა რაჭაში

უკვე მე-9 დღეა, შოვში დაკარგულებს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დამანგრეველ სტიქიას ემსხვერპლა 24 ადამიანი, 9-ს კი კვლავ ეძებენ.

მაშველებისა და სამხედროების გარდა, ადგილზე ასევე მუშაობენ მოხალისეები – რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტიქიასთან მებრძოლთა შრომა შეამსუბუქონ.

მოხალისეთა ნაწილი ტალახში ეძებდა და ეძებს დაკარგულებს, ნაწილი კი მაშველთათვის საჭმელს ამზადებს, მათ საჭირო ნივთებს აწვდის, საჭიროებისამებრ ურიგებს ადგილობრივებს პროდუქტებს.

ამ სტატიაში ნეტგაზეთი ორი მოხალისის ისტორიას მოგიყვებათ — ერთი მიქაელ ქავთარაძეა, რომელმაც 2 დღე ტალახში გაატარა, მეორე კი გვანცა შიშინაშვილი — იგი ჯგუფთან ერთად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს, ორგანიზებას უწევს და არიგებს.

„უკვე 3-4 დღეა მას შემდეგ, ამერია ძილი. წარმოიდგინეთ, ადამიანების ნაწილებს პოულობდნენ“

მიქაელ ქავთარაძე სტიქიის მეორე დღიდანვე იმყოფებოდა შოვში. 2 დღის განმავლობაში ის და მისი 5-კაციანი გუნდი ტალახში ადამიანებს ეძებდა.

„საღამოს გავიგე და ვნახე პირველი კადრები. დავინახე მეწყერი, ვნახე, რომ არ უშვებდნენ ადგილობრივებს სტიქიის ზონაში. მეორე დღეს დავწერე პოსტი ფეისბუკზე. მე თავად ტრანსპორტი არ მყავს და ვეძებდი ადამიანებს, ვინც რაჭაში მიდიოდა, რათა გავყოლოდი. უკვე მეორე დღეს ჩავედით იქ.

როდესაც ადგილზე ვნახე ვითარება, მივხვდი, რომ ამ ტალახის მასის ქვემოთ მოყოლილთა გადარჩენის შანსი არ იყო. უბრალოდ, არსებობდა დაბალი შანსი იმისა, რომ შეიძლება ვინმე დაშავებულიყო. მაგალითად, ამომძვრალიყო ტალახიდან და ტყისთვის შეეფარებინა თავი. 1%-იც რომ ყოფილიყო გადარჩენის შანსი, ჩვენთვის ის 1%-იც იყო საძიებო საქმის იმედი“, — იხსენებს ნეტგაზეთთან მიქაელი.

მიქაელი გვიყვება, რომ თავიდან მუშაობა ტყის მასივის ფერდობზე დაიწყეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ აქ „არანაირი ნიშანწყალი აღარ იყო“ და გადარჩენილები ამ ტერიტორიას ვერ შეაფარებდნენ თავს, გადაინაცვლეს ე.წ. სტალინის აგარაკთან – „მინდვრიანი ტერიტორიები იყო ახლოს და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ვინმე იქ გადასულიყო“.

მიქაელის და მისი გუნდის მიზანი ისიც იყო, რომ თუ სიცოცხლის რაიმე ნიშანს მიაკვლევდნენ, მისცემდნენ ლოკაციას მაშველებს, ისინი კი მძიმე ტექნიკით გაწმენდნენ ტერიტორიას: „სამწუხაროდ, იმ ადგილზე ტალახის პირობებში ყველაზე მძიმე ტექნიკაც კი ვერ შევიდოდა“.

„ამ ნაპირზე ჩამოტანილია ხე-ტყე და ვთქვი, რომ შეიძლებოდა აქ ძალიან ფრთხილად გადასვლა. იმდენად თხელი იყო ეს მასა, რომ მეც კი ჩავვარდი. მე მგონი, ყველას ფეხი ჩაუვარდა იმიტომ, რომ იმდენად თხელი იყო ეს მიწის ფენა, ხეები, რომელზეც გვიწევდა გადახტომა-გადმოხტომა, ტივტივებდა და ზოგი იძირებოდა კიდეც. ახალი მოზელილი ცემენტის ფაქტურა ჰქონდა თითქმის“, — იხსენებს მიქაელი.

მოხალისეებზე საუბრისას ამბობს, რომ შოვში ენთუზიაზმითა და კეთილი ზრახვებით ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, თუმცა მათი ნაწილი ტალახში მუშაობისთვის მოუმზადებელი იყო.  როგორც მიქაელი განმარტავს, ამგვარი შრომისთვის საჭიროა პირადი ეკიპირება და ასევე, დასარჩენი, რადგან „იქ არ არის იმის ფიქრის დრო, რომ სახლი ან დასარჩენი ეძებო“.

მისივე თქმით, ბევრ ადამიანს სტიქიის ზონაში არ უშვებდნენ, უშვებდნენ მხოლოდ მათ, ვისაც შესაბამისი მომზადება ჰქონდა. ასევე, ხეობაში ფეხით ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შემდეგ მძიმე ტექინიკამ დაიწყო მუშაობა, ასევე- მაშველებმა და კინოლოგებმა.

„ალბათ, დაღლას არავინ გრძნობდა, უბრალოდ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი. ყველაზე რთული ფსიქოლოგიურად ის არის, რომ ხვდები ამ ძებნისას, უკვე არათუ გადარჩენილი ადამიანების, არამედ ცხედრების ძებნა გიწევს. მას შემდეგ ამერია ძილი. წარმოიდგინეთ, ადამიანების ნაწილებს პოულობდნენ”, — ამბობს მიქაელ ქავთარაძე.

 

„თავად ვარ რაჭიდან, მინდოდა, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა“

რაჭაში დღეს რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი მუშაობს, მათი ნაწილი ტალახში მომუშავეებს ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრია გვანცა შიშინაშვილიც.

გვანცა თავად არის რაჭველი, ამბროლაურის რაიონიდან, მისი სოფელია მეორე ტოლა. სტიქიის დღეს ის სოფელში მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული – „ 3 აგვისტო ჩემთვისაც იყო აბსოლუტური შოკი, გამომდინარე იქიდან, წინა დღეს თავად ვიყავი სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად ასული და მეორე დღესაც ვგეგმავდით ასევე გასეირნებას.“

მეორე დღესვე გვანცამ ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორი ჯგუფი გააქტიურდა, განსაკუთრებით, „რაჭა“ და „რაჭველები“.

„ავრცელებდნენ ინფორმაციას, კითხულობდნენ, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ. ასე მოვძებნე ეთო არსანიძე, ის ერთადერთია, ვისაც ვიცნობდი ჩვენს მოხალისეობრივ ჯგუფში. ახლაც კი რამდენიმეს სახელი შეიძლება არ ვიცოდე ჩვენი ჯგუფიდან, მაგრამ თითოეულ მათგანთან ახლო კავშირს ვგრძნობ.

ჩემი მიზანი იყო, რომ ეს ჩემი პატარა კონტრიბუცია შემეტანა – როგორც ამ მხარის მკვიდრს. რაჭველებს გვაქვს განსაკუთრებული სიყვარული ჩვენი მხარის მიმართ და არ მინდა, რომ ჩემი სიყვარული დარჩეს უბრალოდ სიტყვით, მინდა, რომ რაღაც გავაკეთო, რაღაცით დავეხმარო ამ მხარეს, როდესაც მას განსაკუთრებით უჭირს“.

გვანცა ყოველ დღე ადის ჯგუფის ე.წ. შტაბამდე, პატარა შენობამდე, რომელიც ადგილობრივმა მოსახლემ დაუთმო. ყოველდღე აქ ადამიანებს მოაქვთ ის ნივთები, რომლებიც მათი აზრით მაშველებს დასჭირდებათ, იქნება ეს საკვები, პირველადი დახმარების ნივთები, წინდები თუ სხვა.

გვანცა ჯგუფთან ერთად ამ დახმარებას ახარისხებს და საჭიროებისამებრ ამისამართებს. ნეტგაზეთთან დასძენს, რომ ამისთვის გუნდი ძალიან ლოკალურ „მინიმოკვლევას“ ატარებს, რათა ყველა ნივთი საჭიროებისამებრ გადანაწილდეს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამე არ აქვს. და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვიღაცას რაღაც არ აქვს. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ. უბრალოდ, დამატებით, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ყოველდღიური შრომა შევამსუბუქოთ. აი, ამას ემსახურება ეს მოხალისეობრივი საქმიანობა.

მაგალითად, დღევანდელი გეგმა რა არის: შემოვიდა ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც საველე საქმიანობის პირობებში შეუძლებელია, რომ იყოს გამოყენებული. ამიტომ გადავწყვიტეთ,  ეს „დავაპაკეტოთ“ და სოფლებში გავუშვათ იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სჭირდება.

ვცდილობთ, ყველანაირი საკომუნიკაციო არხით მოვიძიოთ, ვის რა საჭიროება აქვს, ვისაც როგორ შეგვიძლია ამ პროცესში შევეხიდოთ – ეს რესურსი გვაქვს და გვაქვს ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მეშვეობით. ხალხი მოდის ყველა მხრიდან — კასპიდან, ხონიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან და ა.შ. მოდიან ადამიანები და მოაქვთ, რასაც თვლიან საჭიროდ“ ,— გვიყვება გვანცა და ამბობს, რომ გუნდს უნდა ,მაქსიმალურად მიზნობრივად გაიხარჯოს თითოეული ნივთი და თითოეული თეთრი. ამისთვის კი აპირებენ, რომ პატარ-პატარა მიმდებარე სოფლებიც მოიცვან.

გვანცა შიშინაშვილი.

11 აგვისტოს მონაცემებით, შოვში სტიქიის შემდეგ 24 ცხედარი იპოვეს, მეხანძრე-მაშველები და სამხედროები აგრძელებენ მუშაობას 9 დაკარგული ადამიანის მოსაძებნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი