ახალი ამბები

“რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები” — საიას კითხვები ხელისუფლებას

13 ნოემბერი, 2023 • 1280
“რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები” — საიას კითხვები ხელისუფლებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 ნოემბერს გამართა პრეზენტაცია დოკუმენტისა “ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ”, რომელიც რაჭასა და გურიაში 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკას აფასებს. 

“საადვოკაციო დოკუმენტი მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას და გამოკვეთს იმ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევა, შესწავლა და ანალიზი აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი ნეტგაზეთს დოკუმენტის შემუშავების მიზნებზე, ძირითად მიგნებებსა და ღიად დარჩენილ კითხვებზე ესაუბრა.

“რაჭისა და გურიის მოვლენების შესახებ სიმართლის დასადგენად რამდენიმე საკვანძო საკითხი უნდა დაისვას. თუმცა, ცხადია, ჩვენი დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევებს არ უკავშირდება. უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის გამოწვევები არსებობს კანონმდებლობაში და შემდეგ პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე. დოკუმენტი აფასებს კიდევ ერთ მიმართულებას — რა გამოწვევები გვაქვს გამოძიების თვალსაზრისით”, – გვეუბნება თამარ ონიანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შვიდ მთავარ საკითხს გამოყოფს კატასტროფების რისკის მართვასთან დაკავშირებით:

  • რომელია ძირითადი პასუხისმგებელი ორგანო კატასტროფების რისკის მართვაზე? 
  • რამდენად სრულყოფილია სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი?
  • არსებობს თუ არა მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი? 
  • არსებობს თუ არა საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების და მართვის პოლიტიკის დოკუმენტები?
  • რატომ არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემები? 
  • არსებობდა თუ არა საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები?
  • რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს რაჭასა და გურიაში მიმდინარე საქმიანობებსა და ბუნებრივ კატასტროფებს შორის? 

თამარ ონიანის თქმით, საიას კვლევა აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეტაპსაც, იმას, თუ როგორ განხორციელდა ეს ოპერაციები.

“ეს არის ძალიან ფართო საკითხი და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან არ გაქრეს ეს მოვლენები. ყოველწუთიერად შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს ის მოსახლეობა, რომელიც კატასტროფების რისკის ქვეშ არსებულ ზონებში ცხოვრობს”, – ამბობს ონიანი.

საიაში ამბობენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ფართომასშტაბიანი კვლევის პირველი ნაწილია და წამოჭრილ კითხვებზე პასუხების შესავსებად სახელმწიფოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოწოდებაა საჭირო, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციამ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

“ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას ჩვენი მხრიდან სტრატეგიული მიზანი აქვს,  რომ გავზარდოთ უწყებების ანგარიშვალდებულება. ბოლო პერიოდში ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესებულია. ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს ამ თემების ირგვლივ. გვინდა, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უპასუხოს ჩვენს კითხვებს და სპეკულაციების არეალი გამოირიცხოს”, — აღნიშნავს ონიანი.

ნეტგაზეთთან საუბრისას ონიანი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკვე არსებული მიგნებებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია გამოძიების ხარვეზებით მიმდინარეობა. მისი თქმით, ამის საფუძველს იძლევა კვალიფიკაცია, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება და ზღუდავს გამოძიების ფარგლებს. საიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლითაც შსს გამოძიებას აწარმოებს, გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით (მუხლი 116), სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას (მუხლი 240). თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩნდება კითხვები კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების შესაძლო ჩადენის შესახებაც: განსაცდელში მიტოვება (მუხლი 128) და სამსახურებრივი გულგრილობა (მუხლი 342).

“მეორე ხარვეზი, ეს თავად გამოძიების მწარმოებელი ორგანოა იმიტომ, რომ გამოძიებას ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, რომელიც, ჩვენი აზრით, არ არის დამოუკიდებელი ამ გამოძიების წარმოებისთვის. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური, რომელიც ყველა ეტაპზე არის ბუნებრივი კატასტროფებიდან მომდინარე რისკის თუ შემდგომ რეაგირების ეტაპზე ძირითადი მოქმედი ორგანო, არის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება. საერთაშორისო სტანდარტია, რომ გამოძიებას უნდა აწარმოებდეს მიუკერძოებელი ორგანო. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვერ იქნება ის ორგანო, რომლის საქვეუწყებო დაწესებულებაც არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი”, — ამბობს საიას წარმომადგენელი.

თამარ ონიანი ნეტგაზეთთან ასევე საუბრობს კანონმდებლობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე. მაგალითად, საიას შეფასებით, ასეთია “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც არ მოიცავს მითითებებს ვადებზე კანონის ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. 

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2017-20 წლებში ოპერირებდა. ამ სტრატეგიის განახლება არ მომხდარა. უცნობია, რა შესრულდა, შეუსრულებლობის შემთხვევაში რა მიზეზები აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს აქვს ახლა შანსი, რომ დასმულ შეკითხვებზე მოგვაწოდოს ჯეროვანი პასუხი”, — ამბობს თამარ ონიანი.

2023 წლის აგვისტოში შოვში სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სექტემბერში 3 ადამიანი ემსხვერპლა მეწყერს გურიაში. ორივეგან სტიქიის მსხვერპლთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ. 

ამ თემაზე:

რას [ვერ] ვიგებთ გარემოს სააგენტოს პირველადი შეფასებიდან შოვის სტიქიაზე – ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი