ნეტგაზეთი | საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში – Netgazeti
RU | GE  

საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში

ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებსაც ნეტგაზეთი გაესაუბრა, აკრიტიკებენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მშობლებს იმის დადგენას პირდებოდნენ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ .

ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებსაც ნეტგაზეთი გაესაუბრა, აკრიტიკებენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მშობლებს იმის დადგენას პირდებოდნენ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ.

რომელი დედა იტყვის ასეთ რამეზე უარს, მით უმეტეს, თუ ბიჭის დედაა,” – უპასუხა 30 წლის თიკო ლომიამ  ნეტგაზეთის კითხვას: ”წაიყვანდით თუ არა თქვენს შვილს ისეთ კვლევაზე, სადაც უფასოდ დაადგენდნენ, აქვს თუ არა თქვენს შვილს მიდრეკილება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის ან სხვა მავნე ჩვევების მიმართ.”

ნეტგაზეთმა ქუჩაში 20 მშობელი გამოკითხა და კითხვის ფორმულირებისას ზუსტად ის სიტყვები გაიმეორა, რომლებითაც სოციალური რეკლამა იწყება.  20-დან  ყველა მშობელმა  გამოხატა მსგავსი კვლევის მიმართ ინტერესი და აღნიშნა, რომ, თუ მომავალში შანსი მიეცემოდა, შესაძლებელია ასეთ კვლევაზე შვილი წაეყვანა.

ერთი თვის განმავლობაში სულ 359 მშობელი გამოეხმაურა სოციალურ რეკლამას, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში  გადაიცემოდა და ასე იწყებოდა:

„პირველად საქართველოში, მშობლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაარკვიონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ“.

პროგრამას, რომელიც სოციალური რეკლამის მიხედვით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ხელმძღვანელობს.

ტესტები კი  დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეადგინეს.

მსურველთა ნაწილი, ასაკობრივი შეუსაბამობის გამო, პროგრამაში არ ჩასვეს. კვლევაში საბოლოოდ  141  (მე-6 კლასიდან  მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლე და მათი მშობელი მოხვდა.

თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ იმის დასადგენად, არის თუ არა მოზარდი ასოციალური, მათ შორის, ადიქტიური ქცევის მიმართ მიდრეკილი, მოზარდებს თავდაპირველად ფსიქოლოგიური ტესტირება ჩაუტარდათ, მათ მშობლებს კი – ჩაღრმავებული ინტერვიუ. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, რისკ–ჯგუფში 50 მოზარდი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გამოუვლინდათ ადიქტური ჩვევების მიმართ მიდრეკილება.

პროგრამა უკვე დამთავრდა. რისკ-ჯგუფში აღმოჩენილ 50 მოზარდს კი ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თეა გოგოტიშვილის თქმით, ეს მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური გამოკითხვის შედეგების შედარებას თავის ტვინში არსებულ ცვლილებებთან, თუ ასეთი ცვლილებები საერთოდ აღმოაჩინეს.

თეა გოგოტიშვილის თქმით, კვლევის მონაცემები (რომლებიც ტესტებსა და ტომოგრაფიას ეფუძნებიან), გადაეგზავნებათ ჯერ ქართველ და შემდეგ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც წარმოადგენენ ხედვას, რამდენად და როგორაა საჭირო ინტერვენცია.

თუმცა ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებიც ნეტგაზეთთან საუბარში ამ პროგრამას,   მის მეთოდოლოგიას და მკურნალობის შემოთავაზებულ ფორმას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ   მსოფლიოში  მსგავსი კვლევის შესახებ არაფერი სმენიათ,  არც  წაუკითხავთ.

თავად გოგოტიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტირება წარმატებით ჩატარდა რუსეთში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. მისი თქმით, მათი ტესტების ადაპტირება მოხდა. გოგოტიშვილი არ ასაჯაროვებს ტესტებს: ”ეს სამეცნიეროა, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ”.  ასევე ვერც გოგოტიშვილის დახმარებით მივაკვლიეთ სხვა მსგავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევის ტესტებს.

 ”ჩვენი მეთოდის ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ დავამატეთ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა” – აცხადებს გოგოტიშვილი – ”გვაინტერესებს, რამდენად არსებობს მიმართება ფსიქოლოგიურ და ნეიროფიზიოლოგიურ ფაქტორებს შორის”.

”სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რამე მყარი კორელაცია ტვინში გამოვლენილ ცვლილებებსა და ქცევით აშლილობას შორის არ დგინდება”, – ამბობს გიორგი ჭეიშვილი. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამბულატორიული განყოფილების უფროსია და ფსიქიატრიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.  მას კომპიუტერული ტომოგრაფიის ასეულობით დასკვნა უნახავს, ტვინში ცვლილებების მქონე პაციენტებთან ჩაღრმავებული კლინიკური საუბრები ჩაუტარებია და, საბოლოოდ, მათზე  საექსპერტო  შეფასებებიც დაუწერია.

ჭეიშვილს მიაჩნია, რომ კვლევა შეიძლება საინტერესო იყოს აკადემიური თვალსაზრისით, მაგრამ კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში, ასეთი ჩარევა ბავშვის სასიკეთოდ არაფერს შეცვლის.

”ფსიქოლოგიური ტესტებით შეიძლება იმ წუთის ტენდენციაზე ლაპარაკი, მაგრამ არ შეიძლება მაღალი ალბათობით ილაპარაკო, თუნდაც ფსიქოლოგიური ტესტებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების შეჯერებით, თუ რას იზამს ბავშვი პერსპექტივაში. ”

ტვინში მიმდინარე ცვლილებები და ადამიანის ქცევები ხშირად არ არის პირდაპირ კავშირში – მყარი კორელაციის დამადასტურებელ ფაქტებზე დაყრდნობილი კვლევები არ არსებობს.

არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანის თავის ტვინში მიმდინარეობს უმნიშვნელო ცვლილებები, ფსიქოლოგის გამოკითხვის შედეგად, შეიძლება ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ბავშვი იყოს სახეზე.

თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ქცევებს შორის კავშირს გამორიცხავს ნარკოლოგი აკაკი გამყრელიძეც, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 40–წლიანი გამოცდილება აქვს.

”ტვინში უნდა მიმდინარეობდეს სპეციფიკური ცვლილება, რომელიც უნდა იწვევდეს ე.წ. ფსიქოპატიისმაგვარ ქცევას, ანუ დევიაციურ ქცევას. ჯერ–ჯერობით ასეთი მიზეზი თავის ტვინში ნანახი არ არის. ცნობილია, რომ თავის ქალის გარკვეული ტრავმები იძლევა ცვლილებებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხასიათობრივი ცვლილებები, თუმცა ამას არ ჭირდება ფსიქოლოგიური კვლევა” – აღნიშნავს აკაკი გამყრელიძე.

”მე, საერთოდ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებას იმის შესახებ, რომ ნახევარსაათიანი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს,  აქვს თუ არა ბავშვს მიდრეკილება კრიმინალური აქტივობისადმი”, – ამბობს ნეიოროფსიქოლოგი მანანა გაბაშვილი. – „თეა გოგოტიშვილი ჩემი სტუდენტი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი. მე ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ამიტომაც, ალბათ, განსაკუთრებით შემაშფოთა ამ „რეკლამამ.“

ნარკომანიის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევების მეთოდოლოგიაზე საუბრობს ფსიქიატრი მარინა გეგელაშვილიც.

”ცალსახა კორელაციის აღმოჩენა, მხოლოდ ფსიქოლოგიური ტესტებისა და ნეიროვიზუალიზაციის მეშვეობით მიღებული შედეგების დაყრდნობით, არ შეიძლება.  ადიქტური მიდრეკილებები შესაძლებელია ნეიროვიზუალიზაციის შედეგად არ გამოვლინდეს”, – აღნიშნავს გეგელაშვილი.

მისივე თქმით, ქცევითი გადახრების (მათ შორის, ადიქტური) განვითარებაში მონაწილეობენ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები. გარდა ამისა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური პროცესები და სოციალური სტიმულები მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. დღესდღეობით კვლევები ცხადყოფენ, რომ ქცევითი დარღვევები გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთქმედების ფონზე.

არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომელთა გადამოწმება მოითხოვს მრავალპლანიანი რთული კვლევების ჩატარებას.

”აუცილებელია სერიოზული მეთოდოლოგიური ბაზა იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი კვლევების დაგეგმვა და მათი შედეგების სწორი ინტერპრეტირება, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს”,- აღნიშნავს გეგელაშვილი. – ”უნდა გავითვალისწინოთ „არ ავნოს“ პრინციპი და თავიდან ავიცილოთ მასტიგმატიზირებელი დამოკიდებულება უფროსების მხრიდან”.

სწორედ სტიგმატიზაციის საფრთხეს ხედავენ კვლევის ამ მეთოდოლოგიაში სპეციალისტები, გარდა იმისა, რომ, მათი განმარტებებიდან გამომდინარე, ამ მეთოდით შეუძლებელია ნარკომანიის პრევენცია.  

ნარკოლოგ გამყრელიძისთვის  მიუღებელია  პროცედურის ისეთი ფორმა, როგორიც  რისკ-ჯგუფში მოხვედრილმა 50 მოზარდმა გაიარა.  მათ შორისაა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც მინიმუმ, 5-6 წუთს  გრძელდება.

”არ მიმაჩნია, რომ ამ ასაკში საერთოდ საჭიროა ბავშვების მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, თუ არაა სახეზე რამე პათოლოგია, რომლის მკურნალობა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, რომ მოგათავსეს დახურულ სივრცეში და გარკვეული დროის განმავლობაში წევხართ გაუნძრევლად. ადამიანი, ვისაც იკვლევენ, ამაში არ მონაწილეობს, გაუნძრევლად წევს. ესეც  გარკვეული სტიგმაა ბავშვისთვის, რომელსაც უჩნდება განცდა, რომ ის გამოარჩიეს. კიდევაც რომ ვუმტკიცოთ ბავშვს მოგვიანებით, რომ მისთვის ეს საჭირო არ იყო, იმ 5 წუთის განმავლობაში მისი აზრები და  ფიქრები აიძულებს მას, შეშფოთდეს თავის ჯანმრთელობაზე,” – ამბობს გამყრელიძე.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელსაც ნარკომანიის პრევენციის სფეროში მუშაობის თითქმის 20–წლიანი გამოცდილება აქვს და წიგნიც დაწერა სათაურით ”ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია,” ამბობს, რომ რისკ–ჯგუფში მოხვედრილი 50 მოზარდი თვითსტიგმატიზაციის საფრთხის წინაშე დადგა.

”ამდენ ბავშვს სტიგმა უნდა გაუჩნდეს, რომ არის მომავალი ნარკომანი. საშიში ისაა, რომ სტიგმა უჩნდება ოჯახსაც”, – ამბობს ჯავახიშვილი – „მონაწილეების სახელები საზოგადოებისთვის ანონიმური რომც იყოს, ეს არ გამორიცხავს თვითსტიგმატიზაციის საფრთხეს, რაც ძალიან მტკივნეულია ზრდასრული ადამიანისთვის, ხოლო მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით დამაზიანებელი შეიძლება იყოს”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, თვითსტიგმატიზაცია ამცირებს თვითშეფასებას, ადამიანებს უბიძგებს მიჩქმალონ თავიანთი იდენტობა და ჩვეულებრივ სოციალურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ.

”ჯერ ერთი, როდესაც ვირჩევთ ამ 141 ადამიანს, ამით ისინი გამოვყავით იმ კონკრეტული ჯგუფიდან, რომელშიც ეს ადამიანები მოღვაწეობენ. დავადეთ დაღი, რომ მხოლოდ ესენი გამოვიკვლიეთ. უფრო დიდი დაღი დავადეთ იმ 50 კაცს, ვინც რისკ-ჯგუფში აღმოჩნდა. შეიძლება ახალგაზრდა ისე დავაზიანოთ და დავაკომპლექსოთ, რომ თვით ამან გამოიწვიოს მასში დევიაციური ქცევები”, – ამბობს ნარკოლოგ-ფსიქიატრი აკაკი გამყრელიძე,  რომელსაც წიგნიც აქვს გამოცემული სათაურით – ”რა უნდა ვიცოდეთ ნარკოტიკების შესახებ”.

თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ სექტემბერში შედგება სპეციალური საქველმოქმედო ფსიქოთერაპიული ჯგუფები, სადაც რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი მოზარდები გაივლიან ფსიქო-კორექციას.

რეკლამაში საუბარია მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობაზე, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში თეა გოგოტიშვილი ამას გამორიცხავს. მისი თქმით, ”მკურნალობა ფსიქო-კორექციის ფარგლებში განხორციელდება, ხოლო მშობლებს  ჩაუტარებათ ტრეინიგები”.

თუმცა სპეციალისტების თქმით, რეაბილიტაციის კურსი დასჭირდებათ პროგრამაში მონაწილე მშობლებს და ბავშვებს.

ნატა ზაზაშვილი, ფონდ ”საფარის” ხელმძღვანელი, რომელსაც მშობლებთან მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ასეთ კვლევაში შვილებს ე.წ. ზემზრუნველი მშობლები მიიყვანდნენ. მისი თქმით, ასეთ მშობელთან მუშაობას წლები შეიძლება დასჭირდეს, რომ შვილის მიმართ ზემზრუნველობას გადაეჩვიოს.  

”დარწმუნებული ვარ, კონსულტირება ან მოკლევადიანი ტრეინინგი  არ იქნება საკმარისი რეაბილიტაციისთვის, რომ არაფერი ვთქვათ სტიგმატიზაცის საფრთხეზე”.

”მე ჩემს შვილს არ მივაღებინებდი ამ კვლევაში მონაწილეობას ”, – აღნიშნავს გიორგი ჭეიშვილი, ფსიქიატრი 20–წლიანი გამოცდილებით, რომლისთვისაც ნეტგაზეტს ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. ისევე, როგორც სტატიაში მოყვანილი სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც პროგრამაზე კომენტირებისას თავიანთი შვილები ახსენდებათ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცირა გვასალია